ევროინტეგრაციის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ვასილ ჭყოიძის აზრით, ვლადიმერ პუტინის ახალი ბრძანებულება რუსეთის საგარეო-პოლიტიკური კურსის შესახებ, განკუთვნილია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის იმ „ელიტისთვის“, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მათ აღიარებს.
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას "რუსეთის ფედერაციის საგარეო-პოლიტიკური კურსის რეალიზაციის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ", სადაც ის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობაზე, მათთვის საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სოციალურ-ეკონომიკურ აღორძინებაზე საუბრობს.
„რუსეთი საუბრობს იმაზე, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მისი სამხედრო ყოფნა აუცილებელია, რომ მის მიერ სახელმწიფოებად აღიარებულ ტერიტორიებს საფრთხე ემუქრება საქართველოდან და ამით, რუსეთი ამართლებს თავის ყოფნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების გაზრდისა და ლოჯისტიკის მატების თავლსაზრისით.
პუტინის ინაუგურაციის დღეს, დარბევებმა ნათლად გვაჩვენა მისი დემოკრატიულობა, ამიტომ სასაცილოა, როდესაც იგი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დემოკრატიული სახელმწიფოების მშენებლობაზე საუბრობს. ეს არის პროპაგანდისტული განცხადება ერთის მხრივ, რადგან რუსეთისთვის ოკუპირებული ტერიტორიები ყველაზე მტკივნეული თემაა რუსეთისთვის და მეორეს მხრივ ეს არის კიდევ ერთი იმედის მიცემა ოკუპირებული ტერიტორიების „ელიტისთვის“, რათა დაარწმუნოს ისინი, რომ საერთაშორისო აღიარებას მიაღწევენ, თუმცა ეს გამორიცხულია“,-აცხადებს ჭყოიძე.