ქრისტიან-დემოკრატები იმედოვნებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, საქართველოში 10-წლიან ცენზთან დაკავშირებით, პარლამენტი კანონპროექტის ცვლილების მეორე მოსმენისას, ცვლილებებს აუცილებლად შეიტანენ.
„მეორე მოსმენაზე ვაპირებთ დავაყენოთ ალტერნატიული წინადადებები იმ სახით, რა სახითაც თავდაპირველად იყო ინიცირებული და ითვალისწინებს საქართველოში ევროკავშირი წევრი ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის პოლიტიკური აქტიურობის უფლების მინიჭებას, რომლებსაც აქ ბოლო სამი წელი უცხოვრიათ. იმედი გვაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, გარკვეულ კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე შევთანხმდებით", - აღნიშნა ქდმ-ს ლიდერმა გიორგი თარგამაძემ.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭებას გულისხმობს, გუშინ პირველი მოსმენით მიიღო.