ნინო ბურჯანაძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს დღეს ფაშიზმე გამარჯვების დღე მიულოცა.
„ფაშიზმე გამარჯვებაში საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა. ასიათასობით ჩვენი თანამემამულე იბრძოდა და მათგან სამას ათასზე მეტმა სიცოცხლე შესწირა, რათა საკუთარი სამშობლო და მსოფლიო ფაშისტური რეჟიმისგან გადაერჩინა.
9 მაისი მეორე მსოფლიო ომის თითოეული ვეტერანისათვის უდიდესი ზეიმია და ვიცით, რომ თქვენ ამ თარიღს განსაკუთრებული ემოციით ელით“, - განაცხადა ვაკის პარკში შეკრებილ ომის ვეტერანებთან „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სამწუხაროა დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება ამ თარიღისადმი და ის, რომ ხშირ შემთხვევაში ვეტერანები გულნატკენნი არიან იმ შეფასებების გამო, რომელიც ისმის ამ ომთან დაკავშირებით.
„ვუსურვებ ყველას, რომ არასდროს ომის უბედურება აღარ განმეორებულიყოს, არც ჩვენს მიწაზე არც სხვა ხალხების მიწაზე და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს ვინც გმირულად იბრძოდა და ვინც დღემდე ღირსეულად ატარაებს ამ ომის ვეტერანის სახელს, ვაფასებთ თქვენს თავგანწირვას და უდიდეს ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინაშე, გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას“, - განაცხადა ბურჯანაძემ.