დიმიტრი ლორთქიფანიძე: ეს არის აგონიაში მყოფი პრეზიდენტი

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ეს არის აგონიაში მყოფი პრეზიდენტი

From.ge

„უმრავლესობა ცდილობს მიხეილ სააკაშვილის შეცდომები გამოასწოროს და ამით მას ლაქები მოწმინდოს“, - ასე შეაფასა „ერთობა სამართლიანობისთვის“ ერთ ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ უმრავლესობის წარმომადგენლის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადება, სადაც მან პრეზიდენტის განცხადების განმარტება გააკეთა და სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ საქართველოს დედაქალაქი მართლაც მოსკოვში იყო, აჭარის შემომტკიცება კი მხოლოდ 2004 წელს მოხდა.

დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ეს არის მუდმივი მცდელობა, რომ მომსახურების არეს გასული პრეზიდენტის უაზრო გამონათქვამებზე უმრავლესობამ რეაგირება მოახდინოს, რათა „შემდგომში რომ არ დადგეს მთელი გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი“.

„მიხეილ სააკაშვილმა ამ ორი-სამი თვის განმვალობაში იმდენი სისულელე თქვა, იმდენი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა და იმდენად დაუპირისპირდა ხალხს, რომ ასე მგონია ის საერთოდ ორბიტიდან არის გასული. ეს არის აგონიაში მყოფი პრეზიდენტი, აგონიაში მყოფ ხელისუფლებასთან და საკუთარი ძალაუფლების ტყვეობაში მყოფ გუნდის წევრებთან ერთად“ - განაცხადა ლორთქიფანიძემ და აღნიშნა, რომ სააკაშვილი ამით მისთის სასარგებლო რაღაც ახალი პოლიტიკური ვექტორების გაჩენას ცდილობს.

ცნობისთვის, გუშინ უმრავლესობის წარმომადგენელმა პეტრე ცისკარიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „საბჭოთა იდეოლოგიის გამო ქართულ ცნობიერებაში აფხაზეთი დანარჩენი საქართველოს განუყოფელი ნაწილი არ ყოფილა, აჭარა კი საქართველოს იურისდიქციას მხოლოდ 2004 წლიდან დაექვემდებარა".