კაჩანოვსკის კოლონიის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინის ექს-პრემიერი, იულია ტიმოშენკო კაჩანოვსკის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
„ტიმოშენკოს საავადმყოფოში ტრანსპორტირება დღეს, დილის შვიდ საათზე მოხდა. ის მედიკოსთა საერთაშორისო კომისიის რეკომენდაციით, სარეაბილიტაციო კურსს გაივლის“, - აცხადებენ კოლონიის ადმინისტრაციაში.
როგორც იულია ტიმოშენკოს ოჯახის წევრები აცხადებდნენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
იულია ტიმოშენკოს გერმანელი ექიმი უმკურნალებს. ნორბერტ ჰაასი უკრაინაში გუშინწინ ჩავიდა.
ყოფილ პრემიერს ის, სავარაუდოდ, დღეს გასინჯავს. ჰაასი აცხადებს, რომ უკვე გაეცნო სამედიცინო დასკვნებს, რომლებიც მას უკრაინულმა მხარემ მიაწოდა და საბაბს სერიოზული შეშფოთებისთვის ვერ ხედავს.
მან ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინის საავადმყოფოებში არ აღმოჩნდება სათანადო პირობები ტიმოშენკოს სამკურნალოდ, ქვეყნის ხელისუფლებას მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანის რეკომენდაციას მისცემს.