„თავისუფალი საქართველო“ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე კომისრის დანიშვნას და მისი მუშაობის გამკაცრებას ეჭვქვეშ აყენებს. „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს კახეთში შეიარაღებული ფორმირებების შექმნის პროცესი და სასაზღვრო ზოლის გამკაცრება, სასაზღვრო კომისარის აპარატის შექმნა წინასაარჩევნოდ ხდება. ეს ყველაფერი ხდება „ნებაყოფლობითი რეზერვის“ ნიღაბს ამოფარებული მთავრობის მიერ. ასევე ამ ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ ნებაყოფლობითი რეზერვის კონცეფციის შემუშავება თავდაცვის სამინისტროდან ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენციაში გადავიდა.
„პრესაში გავრცელებული ინპორმაციით, ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჯიხურში ერთერთმა თვითმხილველმა დააფიქსირა სია, სადაც მითითებული იყო რამდენიმე პოლიტიკოსის გვარი, რომელთა საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციამ უნდა აუცილებლად აცნობოს თავიანთ ზემდგომს.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნაციონალური ხელისუფლება სერიოზულად ემზადება წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომ მოსალოდნელი საპროტესტო აქციების დასარბევად. 9 აპრილის მემორიალთან მისულ პოლიტიკოსებს განუცხადეს, რომ ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა, კიდევ ბევრჯერ გადაუვლიან. ასევე არ გამოვრიცხვთ ხელისუფლებამ რომელიმე სასაზღვრო ზოლთან ომის პროვოცირება მოახდინოს“, - აცხადებს თამარ გურაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს საზღვრებზე სასზღვრო კომისრები იმუშავებენ. ამის შესახებ ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა გასცა. ამ დებულების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები სასაზღვრო პოლიტიკის განსახორციელებლად და სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებენ. კომისრების მუშაობის კოორდინირებას კი შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო ორგანო - სასზღვრო პოლიცია განახორციელებს. ასევე შეიქმნება, სასაზღვრო კომისრის აპარატი.