ფაშიზმზე გამარჯვების 67 წლისთავთან დაკავშირებით 9 მაისს, გორში,დიდი სამამულო ომის მონაწილეებისთვის სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება, რომელსაც ომის ვეტერანები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
სამამულო ომის მონაწილეები ტრადიციულად გორის ცენტრში, საბრძოლო დიდების მუზეუმში შეიკრიბებიან და წარსულს გაიხსენებენ. მათ პატივისცემად მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გორის მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელთა მონაწილეობით მცირე ღონისძიება გაიმართება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამამულო ომის მონაწილეებს გამარჯვების დღეს მიულოცავენ და მათთან ერთად დიდების მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის და მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ადმინისტრაციის ინიციატივით ვეტერანებს სადღესასწაულო სადილზე მიიპატიჟებენ.