საქართველოში დღე და ხვალ იწვიმებს

საქართველოში დღე და ხვალ იწვიმებს

[Presage.tv]

საქართველოში ორი დღის განმავლობაში იწვიმებს. აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, რომ ნალექმა, შესაძლოა, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნებიც გამოიწვიოს.

გადაუღებლად წვიმს დასავლეთ საქართველოშიც - რიკოთის უღელტეხილსა და ზესტაფონის რაიონში.

თბილისში, ძლიერი წვიმის გამო, დაიტბორა კახეთის გზატკეცილზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზო. სტიქიის შედეგად, მოსახლეობის სარდაფები წყლით აივსო.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური მივიდა და ამ დროისთვის კორპუსის ეზო და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გაწმენდილია.

სინოპტიკოსების ცნობით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 9 მაისიდან გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 28 გრადუსამდე მოიმატებს.