სომხეთში მოქმედმა საზოგადოებრივმა ჯგუფმა „სომხეთი ფალსიფიკაციის გარეშე“ თხოვნით მიმართა ქვეყნის სპეცსამსახურებს, გამოაქვეყნოს იმ მოქალაქეთა მონაცემები, ვინც 3-დან 5 მაისამდე სომხეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოდან გადმოკვეთა. მოთხოვნის მიზეზი გახდა ის, რომ სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, ეთნიკური სომხებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონიდან, ჯავახეთიდან საქართველოს მოქალაქეები სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში უკანონო მონაწილეობისთვის ჩამოიყვანეს.
ინფორმაციას ამის შესახებ სომხური ონლაინგამოცემა epress.am აქვეყნებს.
„ჯავახეთის რეგიონიდან სომხეთში ავტობუსებით უამრავი ადამიანი ჩამოიყვანეს და იმის მიუხედავად, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, მათ სომხური პასპორტებიც აქვთ და საარჩევნო სიებშიც არიან.
საქმე გვაქვს ჯავახეთის სომხებისთვის უკანონოდ გაცემულ სომხურ პასპორტებთან, რომელიც მათ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის უფლებას აძლევს.
ავტობუსებით, რომლითაც ჯავახეთიდან საქართველოს მოქალაქეები ერევანში ჩაიყვანეს ჰქონდა ტრაფარეტი რუსულენოვანი წარწერით - „ჯავახკი რესპუბლიკური პარტიის მხარდასაჭერად“. ჯავახეთის მოსახლეობა აცხადებს, რომ კორტეჟს ახალქალაქის პოლიციის უფროსის შვილი აცილებდა“, - ნათვქამია მიმართვაში.