თბილისის მასშტაბით ისეთი შუქნიშნების მონტაჟი მიმდინარეობს, რომლებიც ჯერ ავტობუსს გაატარებენ, შემდეგ კი სხვა ავტომობილებს.
ამის შესახებ დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სასამხურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ თქვა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
მუმლაძის თქმით, ასეთი შუქნიშანი ბაგებში უკვე დამონტაჟდა, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე კი დამონტაჟდება.
"ეს შუქნიშანი როდესაც ხედავს, რომ ავტობუსი გაჩერდა, მთლიანად აჩერებს წყნეთიდან მოძრაობას და ავტობუსი გამოდის. ასეთი შუქნიშნები უნდა დავაყენოთ შარტავა-კოსტავაზე, ასევე, ეს შუქნიშნები გაკეთდება ისეთ ადგილებზე, სადაც ავტობუსის სპეციალური ზოლები იქნება და კვეთებზე GPI სისტემით დაინახავს ავტობუსი რამდენ წუთში მოუახლოვდება. მანამდე გადათვლის ნაკადებს, გააჩერებს და ავტობუსს გაატარებს. ასეთი შუქნიშანი იქნება ყველა ქუჩაზე, სადაც ავტობუსის სპეციალური ზოლი იქნება. ავტობუსის ზოლის იდეა ის არის, რომ შეფერხება არ იყოს", - თქვა მამუკა მუმლაძემ.
გარდა ამისა, როგორც მუმლაძემ აღნიშნა, დედაქალაქში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის რამდენიმე ასეული ერთეული გაჩერებულია, რისი მიზეზიც ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობაა.
მისი თქმით, იმის გამო რომ ტესტირება ვერ გაიარეს, მიკროავტობუსების 200-მდე ერთეული და ავტობუსების 100-მდე ერთეულია გაჩერებული.
ამასთან, როგორც მუმლაძემ აღნიშნა, ამ ტრანსპორტის ტექნიკური შემოწმება მიმდინარეობს, რათა მათ ტესტირების გავლა შეძლონ.