დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი შენგელაია აღიარებს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" რესურსების გარეშე მას საპრეზიდენტო არჩევნების მოგება გაუჭირდება.
რეჟისორმა "ნიუპოსტთან" საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შესახებ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, "მოდას აყოლად" შეაფასა და ბიძინა ივანიშვილის მისამართით წყენა ვერ დამალა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა მისი კონკურენტი, სალომე ზურაბიშვილი მკაცრად გააკრიტიკა.
"მე არ ვიცი და არ მესმის რა მოხდა. იმიტომ კი არა რომ მე ვარ - არა, იმიტომ რომ სალომეა. სალომე ზურაბიშვილი არის ქართველების გამოხატვა, რომ მათ საკუთარი თავის არ სჯერათ. ზურგი გვაქვს ჩვენ ისეთი, სადაც დიდი კულტურა, დიდი ისტორია და პოლიტიკური შესაძლებლობებია, დავით აღმშენებლისგან დაწყებული, თუმცა ესენი (ხელისუფლება) სულ გარბის წინ, იყურებიან ევროპაში. იმის გამო რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპიდან ჩამოვიდა და ის იქ არავინ არ იყო, ეს იყო ელჩი ზიმბაბვეში. მე არც გამესაუბრნენ. მივედი მაგათ პოლიტსაბჭოზე, არც კი მომისმინეს. უსმენენ, ქალს, რომელიც ქართულად ვერ საუბრობს"- აღნიშნა შენგელაიამ.
მისი თქმით, როგორც ჩანს ივანიშვილს მისი საჯარო მოწოდებები არ უნახავს.
"იცით რა დამხვდა ოცნების ოფისთან- მთელი ღარიბი ხალხი, გაუბედურებული ქალაქელები. მათ ჰქონდათ შესასვლელი დაკავებული. მე კი გამიშვეს იმიტომ, რომ მიცნობენ, მაგრამ ეგ ბიძინა მისულა იქ და გაპარულა"- თქვა პრეზიდენტობის კანდიდსატმა.
შენგელაია ყოფილ პრემიერს "კულტურაზე" მიანიშნებს.
"მე ვთქვი, რომ უწიგნურია, მაგრამ უცნაური კაცია, ადამიანურად კარგია... ამ ფონზე წინა პლანზე მოდის კულტურა, რომელიც არ აქვს მაგას, მაგ "ოცნებას". თავიანთ ბიძინიან ყველაიანად, ვინც ზის იქ, მათ საქართველო ჩემზე კარგად არ იციან. ნახონ ჩემი ფილმები...წიგნების კი არ კითხულობენ, ისტორიას არ სწავლობენ, მოდას არიან აყოლილები, როგორი ვილები აიშენონ საზღვარგარეთ, ამ მოდაში წერია ზურაბიშვილი თავის ფრანგულ-ქართული აქცენტით. ბრძოლას ვაგრძელებ თუმცა, ეხლა დიდი მოლოდინი არ მაქვს, იქ იქნება საშინელი ფულების ტრიალი"- უთხრა "ნიუპოსტს" შენგელაიამ.