"თუ ფედერაციიდან ვინმე დამავალებს, ლგბტ პირების მხარდასაჭერად ან სამკლაური გაიკეთე ან შეჯიბრზე არ გაგიშვებთო, მირჩევნია საერთოდ მივატოვო სპორტი და წავიდე, ვიდრე ის სამკლაური გავიკეთო და მაგ ხალხს მხარი დავუჭირო", - აცხადებს ქართველი ნიჩბოსანი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის პრიზიორი ზაზა ნადირაძე. ინფორმაციას "Reginfo" ავრცლებს.
ნადირაძის თქმით, ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლაურის გაკეთებასთან დაკავშირებით მას თავისი აზრი აქვს და ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიასთან დაპირისპირება არ სურს.
„მე არ ვიცი, რატომ გაიკეთა გურამ კაშიამ ეს სამაჯური. მას საერთოდ არ ვიცნობ და არ ვიცი, რა საკითხზე რა აზრი აქვს. ჩემი აზრი დავაფიქსირე ამ ლგბტ ხალხის სამკლაურებისა და დროშის თაობაზე. გურამ კაშიას არ შევხებივარ. არ მინდა სპორტსმენს დავუპირისპირდე. მას ქართველმა ხალხმა უკვე უთხრა თავისი სათქმელი. მისი საქციელი ჩემთვის მოსაწონი არ იყო.
ლგბტ თემის მიმართ ჩემი მხარდაჭერა იქნება მხოლოდ ის, რომ დავიქირაო ტრანსპორტი და მივიყვანო ექიმებთან ან ფსიქოლოგებთან, რომ რამენაირად დაეხმარონ. მაგათ სხვანაირად მხარს არ დავუჭერ. რაღაც-რაღაცეები ვიცი მედიცინაში და ჩემი აზრია, რომ ეს არის ჩვეულებრივი დაავადება, რომელიც ზოგ შემთხვევაში შეიძლება გაიკურნოს. ვიღაც ექიმს საერთაშორისო ორგანიზაციიდან, „სოროსის ფონდიდან" რა ფული მისცეს, თქვი რომ ეს დაავადება არ არისო, არ მაინტერესებს", - განაცხადა ზაზა ნადირაძემ.
კითხვაზე, იჩაგრებიან თუ არა საქართველოში ადამიანები განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო, ზაზა ნადირაძე ამბობს, რომ „პროვოკატორები ყოველთვის იჩაგრებიან და ორიენტაციას მნიშვნელობა არ აქვს".