ჯოს სტოუნი გატაცებას გადაურჩა

ჯოს სტოუნი გატაცებას გადაურჩა

ბრიტანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, პოპულარული ინგლისელი სოულის მომღერალი, ჯოს სტოუნი რამდენიმე დღის წინ გატაცებას გადაურჩა.

 

მიმდინარე წლის 13 ივნისს, ინგლისის აღმოსავლეთ დევონშირის პატარა ქალაქ ქალომპტენის პოლიციამ ორი საეჭვო მამაკაცი დააკავა.ეს პიროვნებები ბოლო დღეების განმავლობაში მომღერლის სახლის შორიახლოს ტრიალებდნენ. უცნობები გაჩხრიკეს და ცივი იარაღი, თოკი, ამ ადგილის დაწვრილებითი გეოგრაფიული რუქა და დიდი ჩანთა აღმოუჩინეს.

 

33 და 30 წლის მამაკაცები ადგილობრივ პოლიციაში გადაიყვანეს. წესრიგის დამცველებს ეჭვი შეეპარათ, რომ ისინი სტოუნის სახლის გაძარცვას აპირებდნენ, მაგრამ საქმე თურმე უფრო სერიოზულად ყოფილა. დაკითხვაზე უცნობებმა აღიარეს, რომ გამოსასყიდის მიღების მიზნით მომღერლის გატაცება ჰქონდათ განზრახული. რასაკვირველია ორივე მოძალადე დააპატიმრეს და წინასწარი გამოძიების საკანში მიაბრძანეს.

 

მომღერალი ჯოს სტოუნი 1987 წლის 11 აპრილს, ინგლისის კენტის საგრაფოს ქალაქ დუვრში დაიბადა. მუსიკალური კარიერის პირველივე დღეებიდან სახელი გაითქვა როგორც სოულის სტილის შემსრულებელმა. პოპულარომა 2003 წელს მოიხვეჭა, როდესაც გაყიდვაში მისი ალბომი “The Soul Sessions” გამოვიდა. ეს ჩანაწერი ბრიტანული მუსიკალური ალბომების ჰიტ-პარადში რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიდერობდა.

 

უფრო წარმატებული აღმოჩნდა მომღერლის მეორე სტუდიური ჩანაწერი “Mind, Body & Soul”. ამ ალბომში შესული კომპოზიცია “You Had Me”, ბოლო წლების ბრიტანული საუკეთესო ჰიტების პირველ ათეულში უცვლელად იმყოფება. ჯოს სტოუნი არაერთხელ დაჯილდოებულა “გრემის” პრიზებით სხვადასხვა ნომინაციებში.