დავიწყოთ იქიდან, საიდანაც საერთოდ იწყებენ ხოლმე... ზურა ზაქარიაძე დაიბადა კახეთში, ქალაქ თელავში, 1967 წლის 25 აპრილს. ბავშვობაში საკუთარ სანადირო მეურნეობაზე ოცნებობდა. “პაპა” სკოლის დამთავრების შემდეგ შეარქვეს და კითხვაზე - რატომ “პაპა”? – პასუხი არა აქვს. ჰყავს მეუღლე – ნინო და შვილები: 11 წლის თამთა და 7 წლის ზაზა.
მისი მიზანია თელავში დააარსოს სამონადირეო კლუბი. ამ კლუბის წევრები ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად აქტიურად დაისვენებენ ბუნებაში... ითევზავებენ, ინადირებენ. მომავალი თაობა ისწავლის თოფთან თუ ანკესთან მოპყრობას, ბუნების გაფრთხილებას თუ მასთან ურთიერთობას.
განვლილ ცხოვრებას რამოდენიმე ნაწილად ყოფს: ბავშვობა, როდესაც სწავლობდა და ნადირობდა. მეორე ეტაპი – როდესაც მის ცხოვრებაში გაჩნდა გიტარა, მაშინ დაახლოებით 15 წლის იყო.. და სტუდენტობის წლები, სწორედ ამ დროს გაიცნო ოთარ რამიშვილი, 1985 წლის 12 თებერვალს.
რაც შეეხება მის სწავლა-განათლებას; სწავლობდა იმ საგანს, რომელიც უყვარდა და მოსწონდა. დანარჩენი საგნების მიმართ ჰქონდა ვალდებულება რომ უნდა ესწავლა. ბედნიერად თვლის თავს, რომ მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო ქალბატონი ელისო ყურშიტაშვილი.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, ჰიდრო-მელიორაციის ფაკულტეტზე, მაგრამ... “IV კურსიდან სწავლას თავი დავანებე, მხოლოდ იმიტომ, რომ პირველ კურსზევე ვიცოდი, ჩემგან ჰიდრო-მელიორატორი არ გამოვიდოდა. ინსტიტუტში ჩაბარების მიზანი თბილისში ჩასვლა და ოთარ რამიშვილის გაცნობა იყო”.
მას არც მუსიკალური განათლება მიუღია. სიყვარულით იხსენებს იმ მასწავლებლებს, რომლებმაც მისთვის ერთი აკორდი თუ სიმღერა არ დაიშურეს: თემო ტყავაძე, თენგიზ გამადაძე – კაცი, რომელიც თავისი ხელით აკეთებს გიტარას და ისევ ოთარ რამიშვილი: “რაც შეეხება ოთარ რამიშვილს, ალბათ მომეცემა საშუალება, ამ ადამიანზე პრესით თუ ტელევიზიის საშუალებით ვილაპარაკო დიდი სიყვარულით და პატივისცემით, როგორც ადამიანზე, ჩემს მასწავლებელზე და მეგობარზე”.
ჩაწერილი აქვს 30-მდე სიმღერა და ჩასაწერიც ბევრი დარჩა. პირველი სიმღერა მეგობარმა, ლეონი მანველმა სახლში მოწყობილ სტუდიაში ჩაუწერა. შემდეგი სიმღერებიც მეგობრების დახმარებით ჩაწერა. გამოშვებული აქვს ერთი დისკი და ერთი კასეტა. მღერის “საავტორო სიმღერებს”, ე.წ. “ბარდს.” მისი სიმღერები გათვლილია მხოლოდ იმ აუდიტორიაზე, ვისაც უყვარს სიმღერა და ლექსის მოსმენა. გამორჩევით ვერცერთ სიმღერას ვერ გამოარჩევს: “სიმღერა მაშინ არის საინტერესო, როდესაც ის ახალი დაბადებულია, სანამ ბოლომდე გაითავისებ. დროსთან ერთად ზოგი ძველი დაწერილი სიმღერა გენატრება და რა განწყობაზეც ხარ იმის მიხედვით არჩევ სიმღერას... ასე რომ, საყვარელი სიმღერის გამორჩევა მიჭირს”.
“პაპა” ყოველთვის ცოცხალი შესრულებით მღერის. პერსონალური კონცერტი პირველად თელავში ჩაატარა, მანამდე კი ოთარ რამიშვილთან ერთად გამოდიოდა სპორტის სასახლეში, ჭადრაკის სასახლეში... ბოლოს, ერთი წლის წინ, თელავის კულტურის სახლში იმღერა. მომავალ კონცერტებზე ჯერ არ საუბრობს.
ცხოვრებაში იმედს არასოდეს კარგავს; განიცდის ყველაფერს, რაც ნორმალურმა ადამიანმა და ქრისტიანმა უნდა განიცადოს. “ადრე რამე თუ მეწყინებოდა, ყველაფერს სიმღერით გადმოვცემდი და ტკივილი მიმსუბუქდებოდა. ახლა ასეთი მომენტები აღარ მაქვს”.
ძალიან ბევრი აქვს ნაფიქრი, რაც მის სიმღერებშიც იგრძნობა... ფიქრში ხომ ბევრი რამ იბადება.
იშვიათად მღერის... მაშინ, როდესაც საამისო განწყობილება აქვს. “ვმღერი მაშინ, როდესაც გულით მინდა... ხათრით სიმღერა არ შემიძლია. სიმღერა ადამიანის სულიდან უნდა იყოს ამოსული. ჯერ შენ უნდა მოგეწონოს შენი ნამღერი და შემდეგ მას, ვისაც მოსწონს ეს ჟანრი და შენი სიმღერა”.
ახლა დროებითი პაუზა აქვს და ჯერ არ იცის როდის დაუბრუნდება მუსიკას. მას ეს არ უთქვამს, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, რომელთაც შეუძლიათ ფართო აუდიტორიამდე გაუკვალონ გზა მის სიმღერებს.
P.S. “თელაველი პაპა” ლექსებს წერს და არა მხოლოდ სიმღერებისათვის. აი, ერთ-ერთი მისი ლექსი:
გავიდა დღე და მე ღამე ვწერ,
არც მუსიკას და არც ლექსს -
გუშინდელს, დღევანდელს, ვნახოთ რა იქნება ზეგ.
საერთოდ ვინა ვარ და რას გერჩით თქვენ…
ვერ ვიტან კაბინეტს, საათის ნაბიჯებს,
სამ თეფშზე გაწყობილ ბანკეტის მაგიდებს;
მე ვიცნობ ქალს, ყოველ დღე ელოდება ქმარს.
მე ვიცნობ ქალს, მას შეყვარებულიც ჰყავს…
ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ნუ განვსჯით სხვას.
გავახელ თვალს, ვიფსკვნი პირჯვარს,
ღვთაებისაკენ გავყვები გზას
შევხვდები მთვრალს, გადარეულსა და ლანდს,
წუთით გავჩერდები, მოასვენებენ კაიფში ძმას.
შევხვდები ქალს, გულიდან მოვიგლეჯ და ვაჩუქებ ვარდს
მერე მოხუცებულს, მათხოვარს და რა თქმა უნდა გადასახდელ ვალს
მეფის ქალაქს და ბატონის წყალს...