„ჩემს მეგობარს, გია ყარამანიშვილს წინაპრების მიერ აშენებული ოთხი სახლი ჰქონდა გაგრაში, სოხუმში, ბიჭვინთაში და ოჩამჩირეში“, - ამ სიტყვების ავტორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია. აფხაზეთიდან დევნილი ძმების - ლევან და გია ყარამანიშვილების ურთიერთობა 1992 წელს კიევში იწყება, კერძოდ, გია ყარამანიშვილი და მიხეილ სააკაშვილის კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები იყვნენ.
ქართული საზოგადოებისთვის უცნობი ძმები ყარამანიშვილები ასპარეზზე „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გამოჩნდნენ. გია ყარამანიშვილი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით შექმნილ მრჩეველთა საბჭოშიც შედიოდა, რომლის წევრებიც ასევე, მინისტრები და თბილისის მერი, გიგი უგულავა იყვნენ.
რაც შეეხება ლევან ყარამანიშვილს, რომლის ყველაზე დიდი გატაცება პოკერის თამაშია, 2006 წლიდან ფიგურირებს ტელევიზიებთან დაკავშირებულ საქმეებში. სწორედ ამ წელს გახდნენ ლევან და გია ყარამანაშვილები ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის მფლობელები, თუმცა, მათ სატელევიზიო სფეროში არავინ ცნობს და საჯაროდაც არსად ჩნდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ძმები ყარამანიშვილი „რუსთავი 2“-ის ოფიციალური მფლობელი გახდნენ, მათი გავლენა იმდენად ნული იყო, რომ როგორც საკადრო, ასევე საინფორმაციო პოლიტიკაში ვერ ერეოდნენ. მეტიც, როგორც ჩვენი წყარო „რუსთავი 2“-დან ამბობს, საინფორმაციო პოლიტიკას არხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ირმა ნადირაშვილი აკონტროლებდა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ფორმალურად არის გაფორმებული ყარამანიშვილებზე, ტელევიზიის რეალური მფლობელი კი არის მიხეილ სააკაშვილი.
„ყარამანიშვილების შესახებ ინფორმაცია საკმაოდ მწირია. ამბობდნენ, რომ ერთი ძმა, გია შედარებით ნეიტრალურია, მეორე კი ლევანი ბოლომდე მიშისტია. ესენი იყვნენ ფორმალური მმართველები და მათ არანაირი გავლენა არ ჰქონდათ „რუსთავი 2“ -ზე. მათ არანაიარი გამოცდილება კომუნიკაციის სფეროში არ ჰქონდათ, რომელი „ტელევიზიონშიკები“ ესენი არიან?!
აქ კითხვები არ არის, „რუსთავი 2“ იყო მიშასი და აფორმებდა იმაზე, ვისაც ენდობოდა. მაშინ ენდობოდა ყარამანიშვილებს და გააფორმა მათზე, დღესაც მიშასია, არაფერი შეცვლილა. ფორმალურად არის ეს ტელევიზია გაფორმებული ყარამანიშვილებზე, თორემ ტელევიზიის რეალური მფლობელი არის მიშა სააკაშვილი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
გარდა იმისა, რომ ტელეკოპმანიაში გავლენა არ ჰქონდათ, ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ყარამანიშვილები ფორმალურად ფლობდნენ ამ ტელევიზიაში აქციებს, რადგან მისივე თქმით, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ვერ ერეოდნენ საინფორმაციო პოლიტიკაში.
„ვირტუალური ადამიანები არიან, როგორც ჩემი და შენია, სწორედ ისეა ყარამანიშვილების „რუსთავი 2“. როცა საზოგადოებამ მკაცრად მოითხოვა არხისგან გვითხარით ვინ არის თქვენი მესაკუთრეო. აი, უცებ ამოაგდეს ყარამანიშვილები. ისინიც უსიტყვოდ დათანხმდნენ ამას. ალბათ, ეშინოდათ რაღაცის, რადგან ხმა არ ამოუღიათ. ეს ძველი და ნაცნობი მეთოდია. თუმცა, არავინ არის ისეთი მიამიტი, რომ თავი გაისულელოს და დაიჯეროს, რომ ამ ტელევიზიის მეპატრონეები ყარამანიშვილები არიან. საზოგადოების ნულოვანი ცნობადობის ადამიანები გახლავან ყარამანიშვილები, მათი ერთიგულების ხარისხი ყოფილი ხელისუფლების მიმართ იყო დაფასებული, სხვა მხრივ სამეთვალყურეო საბჭოში ერთ-ერთი მათგანის შეყვანა ძნელად ასახსნელია. თუ რაიმე რუსული კვალი არ აქვს მათ თავად ბიოგრაფიაში“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
ყარამანიშვილების შესახებ დეტალური საუბარი არ სურთ არხის ჟურნალისტებს. ნაწილი ამბობს, რომ ყარამანიშვილები ნანახი ჰყავთ, ნაწილს კი კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს. for.ge-ს კითხვაზე, როგორც არხის მფლობელი ჰყავთ თუ არა ნანახი ლევან ყარამანიშვილი, „კურიერის“ ჟურნალისტმა ეკა გაგუამ გვიპასუხა: „რა თქმა უნდა“.
კითხვაზე, როგორი იყო ის ჟურნალისტებთან ურთიერთობაში, ეკა გაგუამ მოგვიბოდიშა: „ძალიან დიდი ბოდიში, ახლა ვმუშაობ და ნამდვილად არ მაქვს საუბრის დრო, ცოტა მოგვიანებით რომ დამირეკოთ“, - ხოლო კითხვაზე, რამდენ ხანში შეძლებდა საუბარს, გვიპასუხა, რომ არ იცის, რადგან გადაღებებზე დადის.
for.ge-სთან საუბრისას „კურიერის“ ჟურნალისტმა ელისო ჯარიაშვილმა თავი შეიკავა კომენტარისგან: „არ მგონია, რომ ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს და ზოგადად, თავს შევიკავებდი კომენტარისაგან. მითუმეტეს თუ სტატიას ამზადებთ, მე მგონია, მაქვს ამის უფლება“, - გვითხრა ელისო ჯარიაშვილმა.
ჩვენთან საუბარი საყვედურით დაიწყო „კურიერის“ ჟურნალისტმა ნატა მახვილაძემ, რომელმაც საუბრის დასასრულს ტელეფონი გაგვითიშა.
„ერთი რამ მინდა გთხოვო და ძალიან ცუდ ტონად არ ჩამითვალო და რატომ გავთიშავ იცი, ამას წინათ ვიღაცა გოგომ დამირეკა და მკითხა მფლობელების შესახებ ინფორმაცია, არ ვიცი ვინ იყო, რატომ გეუბნები იცი? - ჟურნალისტობა სულ სხვა რაღაცაა. ასე არ შეიძლება მოექცე ადამიანს, რომელიც რაღაცაზე დაგეხმარა, არ ვიცი თუ გინდა ჩაწერე და თუ გინდა კომენტარადაც გამოიყენე, მაგრამ როცა მე კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს, ან უნდა მოგატყუო, ან პასუხი არ უნდა გაგცე.
როცა გადაგამისამართებ კომპეტენტურ პირთან და მითუმეტეს ჩემს უფროსთან და გეტყვი მისი ტელეფონის ნომერს და მერე არ უნდა გამომიქვეყნო სტატიაში, რომ თურმე შეკითხვაზე პასუხი არ გავეცი და ტელეფონი გავთიშე. ძალინ დიდი ბოდიში, ასე არ იქცევიან პროფესიონალი ჟურნალიტები. პირდაპირ გეუბნები არ ვიცი რა შეკითხვა უნდა დამისვა, ნახვამდის“, - ასე დაასრულა ნატა მახილაძემ ჩვენთან საუბარი.
ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხეს „კურიერის“ სხვა ჟურნალისტებმა. რაც შეეხება P.S. - ის პროდუსერს ეკა სარიას, მან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა. მოგვიანებით ჩვენ ისევ დაურეკეთ სარიას, თუმცა მან სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
მაშ ასე, „რუსთავი 2“-ის გარშემო ინტერესი არ წყდება. „რუსთავი 2“ ყოფილი მეპატრონის, ქიბარ ხალავშის სარჩელის შესაბამისად, ტელეკომპანიის ყადაღის შემდეგ მიყენებული ზიანის 400 000 აშშ-ის დოლარის შეტანას ითხოვენ ძმები ყარამანშვილები საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე. ტელეკომპანიაში ყარამანიშვილები ჯამში, თავიანთი კომპანიის მეშვეობით 91% ფლობენ - არხის მეწილეები არიან - ლევან ყარამანიშვილი - 23 %, გიორგი ყარამანიშვილი - 18%, „ტელეკომპანია საქართველო“ - 51% და ნინო ნიჟარაძე - 9%.
როგორც ამბობენ, არხის 91%-ის წილის მქონე ძმებს ყარამანიშვილებსა და სააკაშვილს შორის ვითარება საკმაოდ დაძაბულია. მიზეზი კი არხის გენერალურ დირექტორად სააკაშვილის მიერ ნიკა გვარამიას დანიშნა გახდა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანია.
ამ საკადრო ცვლილების შესახებ ყრამანიშვილებმა ინფორმაცია მათივე კუთვნილი ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებიდან შეიტყვეს. გვარამიას მოსვლის შემდეგ ყარამანიშვილებმა არხზე გავლენა საერთოდ დაკარგეს. მეტიც, როგორც ქართულ მედია წერდა, გვარამიამ სააკაშვილისგან ყარამანიშვილების გზიდან ჩამოცილება მოითხოვა, იმ მიზეზით, რომ „რუსთავი 2“-ის მართვაში ხელს უშლიდნენ. სააკაშვილმა ყარამანიშვილები „რუსთავი 2“- ის მართვას მართლაც ჩამოაშორა და ფინანსებზე კონტროლი მთლიანად გვარამიამ აიღო ხელში. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ „რუსთავი 2“ -ის ფინანსური დირექტორი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კახა დამენია. „რუსთავი 2“-ს დღეს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები აკონტროლებენ.
რაც შეეხება ყარამანიშვილებს, მათ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მიეცათ ექსკლუზიური უფლება ჩართულიყვნენ საქართველოში მოქმედ ყველა ბიზნესში. პარალელურ რეჟიმში ბიზნეს-სფეროში გამოჩნდნენ ყარამანიშვილების ნათესავები, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენები ძმები შარანგიები და კონკრეტულად რეზო, იგივე „დოდიკა“ შარანგია. ამ უკანასკნელის მეუღლე ყარამანიშვილების და, ნატა ყარამანიშვილია.
თავის მხრივ, ბიზნესპარტნიორები არიან ლევან ყარამანიშვილი და რეზო შარანგია. შარანგია-ყარამანიშვილების კომპანიები რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში რამდენიმე მსხვილი ბიზნესის წილებსაც ფლობენ. მათ წილები აქვთ „სახალხო აფთიაქში“, კომპანია „ბილაინისა“ და „თბილისი ცენტრალში“. მეტიც, ისინი კომპანია „ბილაინის“ მფლობელი ოფშორული კომპანიების - Watertrail Industries, Delgado Resources და Investico Alliance-ის წარმომადგენლები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან.
ამ კლანის ხელშია სატელეფონო ქსელი „ახტელი“, თბილისის ტაქსოპარკი და ყვითელი სამარშრუტო ტაქსები. ძმები შარანგიების და ლევან ყარამანიშვილის სახელს უკავშირდება საქართველოში ბევრი მსხვილი ბიზნეს-კომპანია და მათ შორის „კავკასუს ონლაინი“. სწორედ ასე გახდნენ მილიარდების მფლობელები ყარამანიშვილები. თუმცა, სამართლიანობისთვის, აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ ყარამანიშვილების მიერ „ნაშრომი“ მილიარდების დიდი წილი მიხეილ სააკაშვილის ქეისში მიდიოდა.
გარდა ამისა, ყარამანიშვილების მამა, კონსტანტინე ყარამანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველიც იყო. მართალია ბიზნეს-სფეროში ჩართული არ იყო, მაგრამ ძალოვან სტრუქტურაში მოღვაწეობდა ყარამანიშვილების კიდევ ერთი დის, ლელა ყარამანიშვილის მეუღლე, მალხაზ ბარამია, რომელიც მოგვინებით ყარამანიშვილებმა კერძო კომპანიაში გადაისროლეს.
რაც შეეხება გიორგი ყარამანიშვილს, მისი ძმისგან განსხვავებით შედარებით ნეიტრალურია. იგი რამდენიმე ბიზნესს ფლობს კიევში და ერთ-ერთია რესტორანი „ალაზანი“ და როგორც ჩვენი წყარო ამბობს, სწორედ ამ რესტორანს სტუმრობდა ხშირად ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები.
თუმცა, ერთ დროს საყოველთაოდ ცნობილი რესტორანი „ალაზანი“ დღეს სააკაშვილი ყურადღების ცენტრში აღარ არის, ამის მიზეზი კი ყარამანიშვილებსა და სააკაშვილს შორის არსებული კონფლიქტია, რომელიც „რუსთავი 2“ - ის გარშემო დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში ჰქონდა გადაწყვეტილი ყარამანიშვილები განზე გაეწია და ტელეკომპანიის წილები არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სახელზე გადაეფორმებინა. სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება არხის არაფორმალურმა მფლობელებმა გააპროტესტეს, თუმცა ამის მიუხედავად ყოფილმა პრეზიდენტმა გადაწყვეტილების შეცვლაზე უარი განაცხადა.
არხის ნიკა გვარამიასთვის გადაფორმების პროცესი სააკაშვილმა ვერ მოასწრო, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის საჩივრის საფუძველზე 5 აგვისტოს „რუსთავი 2“–ის ქონება სრულიად დააყადაღა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა სააკაშვილისთვის და თავად ნიკა გვარამიასთვის.