მას  სადიდგორედ  ზრდიდა  მამული

მას სადიდგორედ ზრდიდა მამული

კვდება სახელგანთქმული კაცი. სასთუმალთან მისი თანამებრძოლები შემოკრებილან. ექიმი მაჯას უსინჯავს სულთმობრძავს. მის გვერდით ახლო მყოფთაგან ერთ-ერთმა სთხოვა მომაკვდავს, დაესახელებინა ის ადამიანები, რომლებზეც შურს იძიებდნენ, პასუხი კი მისგან ასეთი  მიიღეს: „მე არ მყავს პირადი მტრები, ჩემი მტრები საფრანგეთის მტრები არიან”. ეს სიტყვები დიდი ფრანგი სახელმწიფო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, კარდინალ რიშელიეს წარმოთქმულია, ვისზეც დიდმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ საკუთარ უკვდავ ნაწარმოებში (“სამი მუშკეტერი”) მთელ მკითხველ მსოფლიოს ამ დიდებულ მოაზროვნესა და პატრიოტზე ძალიან მცდარი წარმოდგენა შეუქმნა. რას ვიზამთ,  ზოგჯერ გენიალური მწერლებიც ცდებიან ხოლმე.

არადა, რომ არა არმან დიუ პლესი, იგივე კარდინალი რიშელიე, შესაძლოა საფრანგეთს, როგორც  ერთიან სახელმწიფოს,  დღემდე  ვერც  მოეღწია.

1624 წელს, 39 წლის ასაკში რიშელიე მეფის მთავარ მრჩეველად მიიწვიეს, რომელიც მალე პირველი მინისტრი და, არსებითად, საფრანგეთის ერთმმართველი გახდა. მართალია ლუი XIII,  ნადირობასა და მუსიკას უფრო მეტ დროს უთმობდა, ვიდრე სახელმწიფო საქმეებს, მაგრამ მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ როდესაც მეფემ დაინახა ახალგაზრდა პოლიტიკოსის შესაძლებლობები, მას თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლება მისცა.

როდესაც რიშელიე მრჩეველი გახდა, მან მეფეს შეჰფიცა: „გამოვიყენებ მთელ ჩემს შესაძლებლობებსა და ავტორიტეტს, რომელსაც თქვენ მიბოძებთ, რათა დავამხო ჰუგენოტთა პარტია, შევამცირო არისტოკრატთა სიამაყე და გავზარდო თქვენი და საფრანგეთის ცნობილება  გარეშე  ერებში  იმ წერტილამდე,  რომელზეც  ის  უნდა  იყოს“.

მიუხედავად იმისა, რომ კარდინალის წინააღმდეგ მოქმედებდნენ და მის მიმარ ერთგვარი ზიზღითაც კი იყვნენ განმსჭვალულნი: მეფის დედა, დედოფალ-რეგენტი მარია მედიჩი, მონარქის ძმა - გასტონ ორლეანელი, ლუი XIII-ის მეუღლე, ესპანეთის მეფის ასული, ანა ავსტრიელი და სამეფო ოჯახის ახლო თუ შორეული ნათესავები, ლუი XIII მოქმედებდა ისე, რომ სიცოცხლის ბოლომდე იცავდა კარდინალს  მათი თავდასხმებისგან, ხოლო რიშელიე თავის მხრივ თავს არ ზოგავდა, ეხსნა მეფე შეთქმულებისაგან და ქვეყანაში მისი ავტორიტეტი კიდევ უფრო განემტკიცებინა. მან საფრანგეთი გადააქცია ერთიან, ცენტრალიზებულ და დიდებულ სახელმწიფოდ. რიშელიეს მოღვაწეობას მეფე უმაღლეს შეფასებას აძლევდა და პრაქტიკულად ყველა წამოწყებაში მხარს უჭერდა. მათი ასეთი ურთიერთობა და, განსაკუთრებით კი ლუი XIII-ის ნამდვილი სახით წარმოჩენა, სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენს წარმოდგენას, რომელიც დიუმას  გენიალურმა „სამმა მუშკეტერმა“  დაგვიტოვა.

ამ შემთხვევაშიც მწერალმა ძირფესვიანად დაამახინჯა საფრანგეთის ისტორიის ეს მნიშვნელოვანი პერიოდი. მის შეფასებას მეფისა, როგორც სუსტი მმართველის, დღეს არცერთი სერიოზული ისტორიკოსი არ იზიარებს.

ლუი XIII-ის, როგორც ქვეყნის საჭეთმპყრობლის გონიერებაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ მან რიშელიეში დაინახა რა ის შესაძლებლობები, რაც მას არ გააჩნდა, ამის გამო ეს უძლიერესი პიროვნება კი არ აითვალისწუნა, როგორც  ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, პირიქით, მისცა მას თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლება, თვითონ კი ფარივით ედგა გვერდში. ანრი IV-ისა და მარი მედიჩის ძე, ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი არჩევანში არ შემცდარა. რიშელიე სიცოცხლის ბოლომდე დარჩა   მეფის და ფიცის ერთგული.

კარდინალ რიშელიეს მოპოვებული გამარჯვებებიდან უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან დაასრულა ჰუგენოტთა პოლიტიკური ძალაუფლება. უფრო რთული აღმოჩნდა მისთვის გავლენიან არისტოკრატიის დამორჩილება, თუმცა საფრანგეთში უამრავი ციხესიმაგრის დანგრევა გვიჩვენებს თუ როგორ მეთოდურად და შეუბრალებლად ზღუდავდა რიშელიე მათ ძალაუფლებას. კარდინალმა გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც ყველა ციხესიმაგრე, რომელიც არ იყო საჭირო სამეფოს დასაცავად, უნდა დანგრეულიყო ან დემონტირებულიყო. მისივე ბრძანებით დაინიშნა სამეფო ოფიცრები, რათა თვალყური ედევნებინათ პროვინციების მმართველებისადმი და მეფის კონტროლის ქვეშ დაებრუნებინათ ისინი.

რიშელიემ ქვეყანაში აღკვეთა ქვეყნისთვის უბედურებად ქცეული დუელი, რომლისგანაც სისხლისგან იცლებოდა საფრანგეთი.  თვითმხილველთ ბევრჯერ უნახავთ ფარდას ამოფარებული თვალცრემლიანი რკინის კარდინალი, რომელიც ეშაფოტისკენ მზერით მიაცილებდა გამოუსწორებელ დუელიანტებს.

რიშელიემ ქვეყანაში საჭირო და აუცილებელი ფინანსური, სამხედრო და საკანონმდებლო რეფორმები ჩაატარა. ცენტრალიზებული მმართველობის შექმნით და ინტენდანტთა დანიშვნით მოსპო პროვინციათა პრივილეგიები; შექმნა აბსოლუტური სამეფო ხელისუფლება. 30-წლიან  რელიგიურ  და პოლიტიკურ  ომებში ჩართვით კი საფრანგეთი ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. მან შემოუერთა  ქვეყანას ელზასის ტერიტორიაც.

რიშელიემ  ადგილი დაიკავა აგრეთვე, საფრანგეთის ლიტერატურულ მატიანეშიც, იგი ზრდიდა თავისი დროის უდიდეს მწერლებს და 1635 წელს დააფუძნა გამოჩენილი საფრანგეთის აკადემია.

რკინის კარდინალი გარდაიცვალა პარიზში, 1642 წლის 4 დეკემბერს. ამ დროს რიშელიე ქვეყანაში ყველაზე არაპოპულარული ადამიანი იყო. მისგან ლაგამამოდებული არისტოკრატები და თვით გლეხებიც კი მისი გარდაცვალებით გამოწვეულ სიხარულს ვერ მალავდნენ. ანთებდნენ კოცონებს, რათა აღენიშნათ ტირანული კონტროლისგან გათავისუფლება. მის მიმართ სიძულვილი, არც მომდევნო ათწლეულებში განელებულა.

1793 წლის დეკემბერში, სორბონის ეკლესიის მარმარილოს აკლდამიდან ფრანგებმა 150 წლის წინ გარდაცვლილი კარდინალ რიშელიეს ნეშტი ამოაგდეს, ნაწილ-ნაწილ დაჩეხეს და პარიზის ქუჩებში ათრიეს. არადა ეს ის რიშელიეა, მის მიერ დაარსებულ საფრანგეთის აკადემიის წევრებს რომ ეუბნებოდა, დროა სახელმწიფოებრივად  აზროვნება ისწავლოთო.

ამ სიტყვებს მსოფლიოში დღესაც  ხშირად იმეორებენ, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ საქმითაც ჩანს, რომ მხოლოდ ერთეულებს თუ ესმით მისი მნიშვნელობა.

ფრანგებს სამ  საუკუნეზე მეტი დრო დასჭირდათ, რიშელიე რომ ჯერ შეეფასებინათ, ხოლო შემდეგ - დაეფასებინათ.

ზუსტად იმ დროს, იმ ეპოქაში, როდესაც რიშელიე ფაქტიურად მართავდა საფრანგეთს, საქართველოს დიდი მოურავი ჰყავდა გიორგი სააკაძის სახით. მის მიმართ კი დღესაც ეპითეტებად მხოლოდ ორ სიტყვას ვიყენებთ: გმირს ან მოღალატეს. რა არის ეს? იმაზე ხომ არ მიგვანიშნებს, რომ მისი, როგორც ისტორიული პიროვნების შესახებ არსებული შეფასება არ გვაკმაყოფილებს?

ამაში კი დამნაშავე  საქართველოს ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი უნიჭიერესი სარდალი თავადვეა, რომელმაც მაშრიყ-მაღრიბის ქვეყნებში სიმამაცის სასწაულები მოახდინა;  ის მართლაც რომ რთული ისტორიული პიროვნება იყო, რომლის ღვაწლის გარშემო დავა დღესაც გრძელდება. ამბობენ, ის ენამოსწრებული და მჭევრმეტყველიც ყოფილა, ამაზე მეტყველებს შემონახული ცალკეული ნიმუშები (არაპირდაპირი გზით). მის პიროვნებას მაღალ შეფასებას აძლევს დიდი გერმანელი პოეტი ანდრეას გრიფიუსი (330 წლის წინათ, იხ. „ქეთევან ქართველი“). ანა ანტონოვსკაიას მრავალტომიანი რომანის გარდა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი აქვს მას მიძღვნილი, როგორც უწინ, ისე ჩვენს დროშიც (იოსებ სააკაძე, „დიდმოურავიანი;“ ანტონ ფურცელაძე, „გიორგი სააკაძე და მისი დრო;“ ჯანსუღ ღვინჯილია, „გიორგი სააკაძის პიროვნება;“ გ. ჯამბურია, „გიორგი სააკაძე“ და სხვ.). აისახა ფოლკლორშიც (ვახტანგ სიდამონიძე, „გიორგიმ ნახა სიზმარი“).

პლ. იოსელიანის თქმით, „დიდმა მოურავმა სამეფოები და ხალხები შეარყია; თავისი მტკიცე ხასიათით, რკინის ნებისყოფით, ბუმბერაზი ტანითაც ყველას აოცებდა;“ იოსებ ტფილელის „დიდმოურავიანში“ სააკაძის ასეთი დახასიათებაა: „თავო ჩემო, ვით გასრულო, სევდიანო, როგორ წყლულო, საქართველოს რჯულისათვის ათას ფერად წამებულო; მეფეთათვის რა ნასაჯო, ნამსახურო, რა ერთგულო, – აღარ შეგრჩა ნოსტეს ლხინი, ალაბს, სტამბოლს დაკარგულო.“

1988 წ. 16 სექტემბერს თბილისში, სააკაძის მოედანზე გაიხსნა დიდი სარდლის ძეგლი (ავტორი მერაბ ბერძენიშვილი). ორატორებმა გაიხსენეს ილიას სიტყვები: „მისი მოუსვენარი და მღელვარებისაგან დაუცხრომელი ცხოვრება ერთი დიდი ტრაგედიაა, განსაკვირვებელი და გასაოცებელი.“ ითქვა ვაჟას სიტყვებიც - დიდი მოურავის დაუფასებლობა დანაშაულიაო.

სააკაძის წინააღმდეგობრივი ბუნება, მისი პოლიტიკური ორიენტირი დღემდე გულგრილს არ ტოვებს ქართველობას, ხოლო მისი ცხოვრება, სრულიად სამართლიანად რჩება განსჯისა და კამათის საგანი.

იკეცება მატიანის ფურცლები, ყველაფერი თანდათან წარსულში რჩება. ამჯერად ჩვენ ნახატებში ვეძებთ დიდ მოურავს. ქრისტოფორო კასტელის ალბომს მომავალშიც არაერთგზის მიუბრუნდება ქართული მწერლობა და მეცნიერება. მისი თვალიერებისას კი უწინარესად თვალწინ გვიდგება იტალიელი ბერი, რომელმაც იმდროინდელი საქართველოს ცხოვრების ამსახველი  ჩანახატებითა და ჩანაწერებით ფასდაუდებელი განძი დაგვიტოვა. ამ ალბომით ცოცხლდება მე-17 საუკუნის საქართველო: ყოფით, ზნით, ჩვეულებით, ავითა და კარგით, იმდროინდელი ადამიანებით. კასტელის გიორგი სააკაძის სურათისათვის წაუწერია: „ქართველთა ჯარის სარდალი, არაჩვეულებრივად ძლიერი და ყველაზე უფრო მტკიცე კაცი, მრავალ ომში სახელგანთქმული დიდი მოურავი“. ძუნწი წარწერაა, თუმცა უფრო მეტს მისი სურათი გვეუბნება, საიდანაც გვიმზერს სააკაძე კამეჩის ქედივით ღონიერი კისრით და ცეცხლისმფრქვეველი თვალებით. გვახსენდება მარტყოფის გმირი, რომელმაც სასიკვდილოდ განწირული აღმოსავლეთ საქართველო ისევ სიცოცხლისკენ შემოაბრუნა და ბაზალეთის სამარცხვინო ომის მონაწილე, როცა იღვრებოდა ძმების სისხლი დაუნდობლად და გამეტებულად და, რაც მთავარია, მტრის გასახარად. გვახსენდება კაცი, რომელიც შვილებს იმეტებდა მამულისათვის, მაგრამ ამასთანავე ხან სპარსეთსა და ხან თურქეთში უაზროდ ფლანგავდა ნიჭს, ჭკუას, ენერგიას. განუკითხავი ბედისწერის სასწორზე შეგდებული ვაჟკაცი, რომლის სიცოცხლე თურქი ჯალათის ნაჯახმა დააღამა. (ა. ბაქრაძე)

ვინ ან რა არის ამ ყველაფერში დამნაშავე? კაცს, რომელსაც სადიდგორედ ზრდიდა გადია, ბედმა არგუნა უგუნურ მეფეთა დროში ცხოვრება. ნათქვამია, ბრძენი კაცი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი თავის შეცდომებზე, უგუნური კი ვერც სხვების და ვერც თავის შეცდომებზეო. სწორედ ეს დაემართათ საქართველოს ისტორიისთვის ყველაზე კრიტიკულ დროში ქართლისა და კახეთის მეფეებს: ლუარსაბ II-ს და თეიმურაზ I-ს. თითქმის მათ თვალწინ მოხდა 1605 წლის 12 მარტს ძეგამში ყველაზე შემზარავი ტრაგედია ბაგრატიონთა სამეფო ოჯახში, როდესაც ირანი შაჰის კარზე აღზრდილმა კონსტანტინე-მირზამ რუსეთის ქვეშევრდომობის მოსურნე მამას და ძმას თავები მოაჭრა და შემდეგ შაჰ აბასს გაუგზავნა. უთავო გვამები კი კახელებმა ალავერდის ტაძარში დაკრძალეს.

კონსტანტინე-მირზამ თავი კი მეფედ გამოაცხადა, მაგრამ მისი მეფობა სულ რამდენიმე თვეს გაგრძელდა. ხალხმა იგი მეფედ არ ისურვა, აუჯანყდა და მამის მკვლელი ბრძოლაში მოკლეს. შაჰ აბასისთვის მართალია მისი მკვლელობა დიდი დანაკარგი იყო, მაგრამ ის იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო, აჯანყებულთა წინამძღოლის, ქეთევან დედოფლის მოთხოვნა შეესრულებინა და კახეთის სამეფო ტახტზე მისი შვილი, ალექსანდრე მეორის შვილიშვილი თეიმურაზ პირველი დაემტკიცებინა.

როგორც ცნობილია, XV საუკუნიდან კახეთის მეფეების კურთხევის ცერემონიალი ბოდბეში ტარდებოდა. აქ ეკურთხა მეფედ ალექსანდრე პირველი; 1606 წელს კი – თეიმურაზ პირველი. არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც თავად შაჰ აბასი ესწრებოდა კახეთის მეფის კორონაციას. ეს ალბათ უფრო იმის საჩვენებლად, რომ ქვეყანასთან ურთიერთობას ახალი ფურცლიდან იწყებდა.

თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ირანის პოლიტიკურ სარბიელზე არასდროს ისეთი დიდი რაოდენობით არ მოღვაწეობდნენ კავკასიელები და მათ შორის ქართველები, როგორც შაჰ-აბასის მმართველობისას.

აღსანიშნავია, რომ შაჰ-აბასმა ჯერ კიდევ ტახტზე ასვლისთანავე განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია რუსეთ-საქართველოს შორის გაჩაღებულ დიპლომატიურ ურთიერთობას. მან სწორად შეაფასა სპარსეთისათვის მოსალოდნელი საფრთხე, თუ რუსეთი კავკასიაში დამკვიდრდებოდა. ამიტომ შაჰ-აბასმა პირველ ხანებში საფრთხის თავიდან ასაცილებლად ჯერ დიპლომატიური გზით  ალექსანდრე II-ის ირანში თანხლებით სცადა მასზე გავლენის მოხდენა. აქედან, რომ არაფერი გამოვიდა, შემდეგ მოსპო ის პირები, რომელთა მეშვეობითაც საქართველო რუსეთს უკავშირდებოდა. როგორც ვნახეთ, საკუთარი შვილის ხელით მან 1605 წელს სიცოცხლეს გამოასალმა რუსული ორიენტაციის მომხრე, კახთა მეფე ალექსანდრე II. ნელმოქმედი საწამლავით მოუღო ბოლო, აგრეთვე, რუსეთის მოტრფიალე ქართლის მეფე გიორგი X-ს. მაგრამ მისმა ქმედებამ შედეგი მაინც ვერც ამით  გამოიღო. ალექსანდრეს შემდეგ ტახტს იკავებს მისი შვილიშვილი თეიმურაზ I, ხოლო ქართლში გამეფდება ლუარსაბ II, რომლებიც კვლავ რუსულ ორიენტაციას მიჰყვებიან. აი, აქ გადაწყდა საბოლოოდ ჩვენი ბედი.

1612 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო. შემდეგ იყო ის, რომ შაჰ-აბას პირველმა მკვეთრად შეცვალა თავისი დამოკიდებულება ქართველებისა და საქართველოს მიმართ. ამას მოჰყვა ირანის ჯარის ქართველი სპასალარის, ალავერდი-ხან უნდილაძის მოულოდნელი გარდაცვალებაც. ამასთან დაკავშირებით მიხეილ სვანიძე წერს: "საფიქრებელია, ალავერდი-ხანმა არ გაიზიარა შაჰის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის განადგურებას და ამიტომაც თავიდან მოიშორა, მოაწამვლინა. შემდეგში შაჰ-აბასი საქართველოს დალაშქვრის საბაბად თავის "თავდავიწყებულ" სიყვარულს გამოიყენებს, რომელიც ლუარსაბ მეფის დის - ხორეშანის მიმართ ჰქონდა".

შაჰ-აბასმა 1614-17 წლებში პირადად ოთხჯერ ილაშქრა კახეთზე. ამ ლაშქრობების შედეგად აღმოსავლეთ საქართველო საშინლად აოხრდა და განადგურდა. განსაკუთრებით მძიმე გამოდგა ეს ლაშქრობები კახეთისთვის. 100 ათასი ქართველი დაიღუპა ყიზილბაშებთან უთანასწორო ბრძოლებში. 200 ათასი დატყვევებული ქართველი კი შაჰმა ირანში გადასახლა და ირანის პროვინციებში: ხორასანში, მაზანდარანში და ფერეიდანში ჩაასახლა. გადასახლებული ქართველების ადგილზე კი მომთაბარეების ჩამოსახლება დაიწყეს.

შაჰ-აბასის მიერ კახეთის დარბევაზე ცნობას გვაწვდის XVII საუკუნის სპარსელი ისტორიკოსი ისკანდერ მუნში. ის აღნიშნავს: „შაჰმა გამოგზავნა დიდი ლაშქარი კახეთის მოსასპობად. ლაშქრის სარდლებს დაევალათ, რომ ყოველი მხრიდან ალყაში მოექციათ ურწმუნო ქართველები და მამაკაცები გაეჟლიტათ, ხოლო ქალები და ბავშვები და მათი ქონება ნადავლად ეგდოთ ხელთ. იუსუფ ხანი და შირვანელი ამირები აღმოსავლეთით, ძეგამის მხრიდან მოდიოდნენ. მათ ძეგამში კვალიც არ დატოვეს მოსახლეობისა. ასევე, მთელ კახეთში. ასეთი ხოცვა-რბევა ქრისტიანებისა არ გაგონილა ისლამის გაჩენიდან“.

ახლა არ იკითხავთ, რას შეეწირა ჩვენი სამშობლოს ეს ულამაზესი და იმხანად სხვა სამეფო-სამთავროებს შორის ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით ყველაზე დაწინაურებული მხარე? მაშინ პასუხის მისაღებად გადავინაცვლოთ დროში და იმ ქვეყნის თანადროული ისტორიით დავინტერესდეთ, ვის იმედადაც გავიღეთ ასეთი მსხვერპლი.

უნდა ითქვას, რომ თავად რუსეთის ისტორიისთვის ეს დრო ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდია, რომელიც „შფოთის წლების“ სახელით არის ცნობილი. მაშინ რუსებს  ქართლ-კახეთის და ქართველობის გადარჩენა კი არა, საკუთარი თავი და სამშობლო  ჰქონდათ გადასარჩენი. მოვლენები კი ასე განვითარდა:

1584 წელს ივანე მრისხანეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ავადმყოფი და გონებასუსტი ვაჟი თეოდორე ივანეს-ძე. თეოდორე ივანეს ძის მეფობის დროს რუსეთს ფაქტობრივად მართავდა ბორის გოდუნოვი.

1591 წელს ქალაქ უგლიჩში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა ტახტის მემკვიდრე, 8 წლის დიმიტრი ივანეს ძე. უშულოდ თეოდორე ივანის-ძის გარდაცვალების შემდეგ ერობის კრებამ მეფედ აირჩია ბორის გოდუნოვი.

გოდუნოვის მეფობის დასაწყისს დაემთხვა მოუსავლიანობა რუსეთში. მთელ ქვეყანაში საშინელი შიმშილი მძვინვარებდა, ხალხი ლაპარაკობდა, რომ ქვეყანას ღმერთი სჯის უკანონო მეფის გამო. გავრცელდა ხმები, რომ კაზაკებთან იმყოფებოდა უგლიჩში მოკლული დიმიტრი ივანეს ძე. ეს იყო თვითმარქვია ბერი გრიგოლ ოტრიპეევი,  რომელიც პოლონეთში გაიქცა.

1604 წელს ცრუ დიმიტრი პოლონელებთან და კაზაკებთან ერთად მოსკოვისკენ გაემართა. გაღატაკებული მოსახლეობა იჯერებდა, რომ ეს ნამდვილად ტახტის მემკვიდრე იყო და უერთდებოდა ცრუ დიმიტრის რაზმებს. 1605 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა ბორის გოდუნოვი, გამეფდა მისი 16 წლის თედორე II, რომელიც ჭკვიანიც იყო და განათლებულიც, მაგრამ მას მეფობა არ ეწერა, რადგან იმავე წელს ცრუ დიმიტრი შევიდა მოსკოვში, ამოწყვიტა გოდუნოვების ოჯახი და თავი მეფედ გამოაცხადა. მან ვერ შეძლო ქვეყნის მძიმე ეკონომიური მდგომარეობიდან გამოყვანა, ამიტომ მისი მეფობის ერთი წლის თავზე ის შეთქმულებმა მოკლეს.

1609 წელს პოლონეთის მეფე შეიჭრა რუსეთში. ხელისუფლების სათავეში მყოფმა ბოიარებმა რუსეთის სამეფო ტახტზე მიიწვიეს პოლონეთის მეფის ვაჟი, ვლადისლავ IV. პოლონელები მოსკოვში შევიდნენ, იმავე წელს რუსეთი დალაშქრეს შვედებმაც.

მაშინ, როდესაც ბოიარები პოლონელებთან გარიგებებს აწარმოებდნენ რუსი ხალხი აჯანყებისთვის ემზადებოდა. მალე მოსკოვის ქუჩებში ბრძოლები გაჩაღდა, ნიჟნი ნოვგოროდში ერობის მამასახლისის კუზმა მინინის და თავადი დიმიტრი პოჟარსკის მეთაურობით შეიქმნა სახალხო ლაშქარი. მათ მიზნად დაისახესინტერვენტთაგან  სამშობლოს გათავისუფლება. სახალხო ლაშქარი თანდათანობით იზრდებოდა. 1612 წელს მოლაშქრეებმა გაათავისუფლეს რუსეთის ჩრდილოეთი და მოსკოვისკენ დაიძრნენ. ბრძოლების შემდეგ ინტერვენტები დამარცხდნენ.

რუსეთმა კი შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, მაგრამ დაკარგა რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე.  ინტერვენციამ რუსეთი გააჩანაგა.

1613 წლის თებერვალში გაიმართა ერობის კრება, რომელმაც ერთხმად აირჩია მეფედ 16 წლის მიხეილ I რომანოვი. ახალი მეფე ყველასთვის სასურველი აღმოჩნდა და ამიტომ თანხმობის და სიმშვიდის მისაღწევად ხელსაყრელი პირობები შეიქმნა. რუსეთში მოხდა სამეფო ტახტზე, ახალი დინასტიის, რომანოვების დამკვიდრება, რომელმაც 1917 წლამდე იარსება.

ამ დროისთვის მოსკოვი გაპარტახებული იყო, თუმცა ქვეყანაში აღარ თარეშობდნენ პოლონელები და შვედები, რის შედეგადაც რუსეთს მშვიდობიანი განვითარების საშუალება მიეცა. რომანოვთა მმართველობის დასაწყისში ცენტრალური ხელისუფლება დროებით შესუსტდა. ხშირად იმართებოდა ერობის კრება, კრება წყვეტდა საგარეო და საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს. რუსეთს გაძლიერებისათვის დრო სჭირდებოდა. ეს დრო კი, სამწუხაროდ, ჩვენთვის არ მუშაობდა.

ასე რომ, ისტორიის იმ პერიოდში, როდესაც ერთმორწმუნე რუსეთთან დაახლოებისთვის სპარსელთა მძვინვარებას  ქართ-კახეთი ფიზიკურად ეწირებოდა,  რუსეთი იმ ხანად არც ჩრდილოეთ და არც სამხრეთ კავკასიაში რეალურ ძალას არ წარმოადგენდა. მაგრამ რუსეთს ერთი დიდი უპირატესობა ჰქონდა სხვა ჩვენს მეზობლებთან შედარებით - ის მართლმადიდებლური ქვეყანა იყო. მართლმადიდებლობა კი უნდა ყოფილიყო იმის გარანტი, რომ რუსეთი გულწრფელად დაეხმარებოდა საქართველოს. ასე ესმოდათ იმ  200 ათას ქართველს, სამშობლო რომ დაკარგა სამუდამოდ. ათეულ ათასობით მოკლულზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ცხადია, ასეთი ვარაუდი მოკლებული იყო რეალობას, რადგან რუსეთი, მსგავსად იმ ბიზანტიისა, რომლის მემკვიდრედაც მიაჩნდა თავი, ერთმორწმუნე მეზობელ ხალხებს მართლმადიდებლობას მხოლოდ მაშინ ახსენებდა როდესაც მიზანი ჰქონდა მისაღწევი.

თუ რეალურად შევაფასებთ  იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებას, ამ ფონზე ქართველ მეფეთა წინადადებები და მოწოდებანი, როგორც ევროპული სახელმწიფოებისადმი, ისე მრავალმხრივი მცდელობა ჯერაც ჩამოუყალიბებელ რუსეთის სახელმწიფოსთან, მოკავშირეობისათვის, რბილად რომ ვთქვათ, უფრო გულუბრყვილობის და ნაკლებად პრაგმატულობის ელფერს ტოვებს. ძნელი დასაჯერებელია, რომ ქართული სახელმწიფოების პირველ პირებს, რომელთაც ირან-ოსმალეთთან ურთიერთობაში დღენიადაგ ბეწვის ხიდზე უწევდათ გავლა, იმჟამინდელ საერთაშორისო ვითარებაზე ჰქონოდათ ასეთი მიამიტური წარმოდგენა. აქ, ვფიქრობ, უფრო ფსიქოლოგიურ ფაქტორთან უნდა გვქონდეს საქმე და, ბუნებრივია, ახლებურ ასპექტში ითხოვს წარმოჩენას. ცხადია, რომ ეს ურთიერთობა და ამ ურთიერთობის მნიშვნელობის გაიდიალება, როგორც საშუალება არსებული სინამდვილისგან მოწყვეტისა, დამპყრობელთა კლანჭებში მოქცეულ ქართველ ერს და მის მაშინდელ საჭეთმპყრობელებს: ალექსანდრე II-ს, თეიმურაზ I-ს, ლუარსაბ II-ს, სხვა მეფეებსაც, ჰაერივით სჭირდებოდათ  სულის  მხნეობისთვის. მაგრამ ესეც არის, რომ მათი ოცნება განხეთქილებაში აღმოჩნდა რეალობასთან. არ არის გამორიცხული მაშინაც იქნებოდნენ საღად მოაზროვნე, შორსმჭვრეტელი ადამიანები, რომლებიც გახელილი თვალებით უყურებდნენ სინამდვილეს, მაგრამ გაიგონებდა კი მათ რჩევებს ვინმე.

გავიხსენოთ თავის დროზე, დავით გურამიშვილის  ნათქვამი მწარე სიტყვები:

„ბევრნი ბევრს რასმე იტყოდენ, / მაგრამ ვინ მოუსმინებდა? / მეფე იყო და ბრძანებდა, / იქმოდა, რასაც ინებდა!“

მართალია, ეს ვახტანგ მეექვსის მისამართით არის ნათქვამი, მაგრამ სრულად მიესადაგება როგორც ალექსანდრე და თეიმურაზ კახთა მეფეების, ისე ლუარსაბისა და მათ მემკვიდრეთა თავნებობასაც.

აი, რას შეეწირა კახეთი და მასთან ერთად დიდი მოურავიც.

ქართლ-კახეთის სამეფოების საჭეთმპყრობელთა მიერ არაადეკვატური პოლიტიკის წარმართვა,  ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, ეს იყო თავი და თავი, ლომის წილი რომ უდევს ჩვენი ქვეყნის დაქცევაში, მაგრამ საუბედუროდ, დაშვებული შეცდომებიდან ეს არ იყო ერთადერთი. მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე  გაერთიანების პრობლემა გვტანჯავდა, რომელიც დღესაც ამ დაბნეულ და გათითოკაცებულ ერს  დილემად გვაქვს გამხდარი. ყველაზე სავალალო და ტრაგიკული კი ის არის, რომ როგორც დღეს თითოეულ ჩვენგანს, მაშინაც გიორგი სააკაძეს, ლუარსაბსა და თეიმურაზსაც გულის მიზანი ერთი ჰქონდათ - ქვეყნის კეთილდღეობა, ოღონდ გზას ირჩევდნენ სხვადასხვაგვარს. გზას, რომელიც მიზანს უფრო აშორებდა, ვიდრე აახლოვებდა. ამასობაში კი ერთმანეთის უაზრო ჭიდილში და ურთიერთჟლეტაში იხარჯებოდა ზღვა ენერგია. მათი გაერთიანება არ მოხდა. რატომ? იმიტომ რომ თითოეული მათგანი დაუძლეველ პირად პატივმოყვარეობას უფრო მაღლა აყენებდა ვიდრე  საერთო-სახალხო, საერთო-ეროვნულ ინტერესს. ამ ფსიქოლოგიის ასახსნელად კი არჩილ  მეფემ  უტყუარი გასაღები დაგვიტოვა:

„ასრე სჭირს საქართველოსას / დიდებულთ, გინა მცირეთა, / აზვავდებიან, იტყვიან: / „უჩემოთ ვინ იმღერეთა?“

შედეგად კი მივიღეთ დაქცეული ქვეყანა, ხოლო სამშობლოსთვის თავგანწირულმა სამივე გმირმა  სიცოცხლე საქართველოდან  შორს უცხო მიწაზე, მტრების ბუნაგში  დაასრულა.

P.S. თუ დაწერილი ისტორია მკითხველს ვერაფერს ასწავლის, ეს ან წიგნის, ან მკითხველის პრობლემაა. ისტორია არ ასწავლის მათ, ვისაც არ უნდა რაიმეს დანახვა. ეს “დაუნახაობა“ ანუ სიბრმავე კი ძვირად უჯდება საზოგადოებას. ამიტომაც გვჭირდება ისტორიის იმდაგვარი შესწავლა, სადაც თაობების გამოცდილების  ყოველი ფაქტი საფუძვლიანად იქნება გაანალიზებული, ზუსტად ისევე, როგორც ამას აკეთებს მოჭადრაკე  თითოეული სვლის დროს. მხოლოდ ასეთ ცოდნას შეუძლია თავიდან აგვაცილოს წარსულში უკვე დაშვებული  შეცდომების განმეორება, რათა შემდგომ კვლავაც დანანებით არ გვეთქვას, რომ ჩვენი ისტორია, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის გაკვეთილები ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების.