“თუკი სიბნელე არ იარსებებს, სად ჩაისახოს აბა ნათელი?” [video]

“თუკი სიბნელე არ იარსებებს, სად ჩაისახოს აბა ნათელი?” [video]

[თამარ ლომსაძე, „ვერსია“]
დღეს სულ სხვა სამყაროში ცხოვრობს, რომელსაც “ქართული ზღაპარი- აი ია” ჰქვია. ყველაფერი ძალზე უჩვეულოდ დაიწყო და ცხოვრებაც სხვაგვარად დაინახა. ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, ისე იცხოვროს “ემანდ, არაფერი შეეშალოს”... მთავარია, ეს შენი სიცოცხლის აზრი გახდეს, თორემ ისე, ბევრიც შემშლია და ბევრიც მიმიქარავსო, ამბობს და “ვერსიის” კითხვებს საკუთარი პოემის ნაწყვეტებით პასუხობს. მიაჩნია, რომ ყოველი ჩვენგანი, ისეთ ზღაპარში ცხოვრობს, როგორსაც თვითონ ქმნის. კაცობრიობას ბუნების კანონების აღრევაში ადანაშაულებს. თუმცა, იმედოვნებს, რომ იბერია “დედა ღვთისმშობლის სხეულთან ერთად, აუცილებლად გადაბრწყინდება”.

- რა გითხრათ, ჩვეულებრივად ვცხოვრობ, პოემას ვწერ და მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. თუმცა, იყო პერიოდი, არაფრის კეთება არ მინდოდა. დეპრესია მქონდა, ვიღაც-ვიღაცები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რაც მაქვს გაკეთებული, სინამდვილეში, იდიოტობა ყოფილა და მეც იდიოტი ვარ. მაგრამ მივხვდი, რასაც ვაკეთებ, ხალხს მოსწონს და ეს მიხარია. არასოდეს ვიფასებ თავს იმიტომ, რომ რაც უფასოდ გადმოგეცა, ის მხოლოდ შენი არ არის.

- რომ ამბობენ, როგორც საკუთარ თავს შეაფასებ, ისეთივე ფასი დაგედებაო?
- ეგეც თავისებურად მართალია. მედალს ორი მხარე აქვს. მე კი ვიცი, რომ უფლება არ მაქვს, ცუდად მოვიქცე... შეიძლება, სიმთვრალეში რაღაც ცუდად გამოგივიდეს, ვიღაცამ გაწყენინოს, მაგრამ გავაცნობიერე, რომ ამის გამო შური აღარ უნდა იძიო. ადრე მქონდა ეგ პერიოდი - ჩასაფრებები, სიშტერეები... ახლა თავს ამის უფლებას ვეღარ ვაძლევ.

- რამ განაპირობა ასეთი ცვლილება?
- ზღაპარმა, რომელზეც ახლა ვმუშაობ, აბსოლუტურად შემცვალა. ყველაფერი კი ასე დაიწყო ”ამბავი ჩიტმა მომიტანაო, მეუბნებოდა პატარას დედა, 40 წლისას მან მაიძულა, მე ლექსად წერა რომ გამებედა. ეს იყო ჩიტი, ჩიტი ღვთიური, ღვთის კალთებიდან გამოგზავნილი. სხეული მერცხალს ჩამოუგავდა, სახით მიმინო იყო ნამდვილი”. ჩემთან ნამგალა ჩიტი შემოფრინდა. ჯერ მიმინოს ბარტყი მეგონა. ერთი დღე მყავდა. არც უჭამია, არც წყალი დაულევია. გავუშვით. მერე ზღვაზე წავედით. იქ ხელებზე გამომაყარა, გაურკვეველი გამოსახულებები იყო. ფრინველის გრიპი მეგონა, მაგრამ უცნაური რამ დამემართა - ღამით ვდგებოდი და ვწერდი ისე, მერე რომ ვკითხულობდი, არც მეგონა, ჩემი დაწერილი თუ იყო. 1-2 წელი სხვაზე არაფერზე ვლაპარაკობდი. ყველას გიჟი ვეგონო. მერე კი, თავისით გაილექსა.
- მაგრამ, რაც უნდა დაწეროს გია ნიკოლაძემ, მაინც “შებერილად” დარჩება...
- არ მგონია... “ქართული ზღაპარი” უფრო მოსწონს ხალხს. “შებერილები” ამბიციური განაცხადი იყო - რაც ვართ, ჩვენ ვართო. ადრე რაღაცებს ჯინაზე ვაკეთებდი - რატომ უნდა ველოდო სხვას, თვითონ ვიმღერებ, კლიპსაც თვითონ გადავიღებ და დავუმტკიცებ ყველას, რომ მეც ვარგივარ-მეთქი.

- ახლა ეს ამბიციები აღარ გაქვს?
- ვცდილობ, არ მქონდეს. არ ვჩალიჩობ, არ ვეშმაკობ... როგორც არის, ისე უნდა იყოს. ან რა ამბიცია უნდა მქონდეს, როცა სადაც გავალ, ყველგან ვალი მაქვს და იმ ხალხის მრცხვენია. მთავარი ისაა, მე არავის ვადებ ვალს. ამბიცია კი ბევრ რაღაცას გაკეთებინებს, თუმცა მერე ხვდები, რომ ჭეშმარიტება ამაში არაა - “სადაც საწყისი დასასრულს ერთვის, ჭეშმარიტება იქ იბადება. სიკვდილის პირას მივხვდებით მხოლოდ, თუ რა გვეამა და რა გვეწყინა”... შეიძლება, რაც კარგი გვეგონა, აღმოჩნდეს, რომ ცუდი ყოფილა და “ისეთ ზღაპარში ცხოვრობდი თურმე, როგორიც შენით წარმოგედგინა...”

- ზღაპარი და რეალობა რომ განსხვავდება ერთმანეთისგან?
- რეალობაც ზღაპარია... ჩვენი მოფიქრებული, ყალბი ზღაპარი, სადაც “სუსტებს ძლიერები კანონებს ძალით უკანონებენ”. ყველა ვთამაშობთ, სანამ უნარი შეგვწევს, როლებსაც თავად ვარჩევთ. ყველაფერი მხოლოდ ზევიდან არ იმართება. ქვევით ეშმაკი არაა, იქ დედამიწაა - ცოცხალი, ზემგრძნობიარე დედა. აქ ხომ მთელი სისტემაა გადაბმული, ჩვენ კი აზრზე არ ვართ, ისე ვჩეხავთ. ღმერთისგან შექმნილი სამოთხე ვაქციეთ ჯოჯოხეთად.

- ეს რეალობაა და ზღაპარი სად გაქრა?
- აქ... მე მჯერა ზღაპრების... პატარა ბავშვს, სანამ თავი ათასი სიბინძურით გამოეტენება, ისეთ რაღაცებს უყვებიან, რომ ჩარჩეს. “მუჭანახევარაში”, “ნაცარქექიაში”... კოდი დევს, დიდი სიბრძნე. “ბურატინოში” ძმაკაცმა ხე აჩუქა, მაგრამ ის ხის ნაფოტიც ცოცხალია. ყველაფერი ხომ დედამიწიურია და გრძნობს, რა ხასიათზე ხარ ან რა გაქვს მიქარული...

- შენ ბევრი გაქვს “მიქარული”?
- როგორც ყველას.

საერთოდ, ვიცით, რა არის მიქარვა? ბუნებრივი წესი ხომ ამღვრეული გვაქვს. ღმერთს სხვა კანონი განვუვითარეთ, არადა - სხვა ჰქონდა ჩაფიქრებული. ყველაფერი სხვაგვარად იყო, სანამ სისხლის წვეთი დაეცემოდა მიწას და კაენი აბელს მოკლავდა. ახლა კი, გველმა ცოცხალი ჩიტი თუ არ შეჭამა, ვერ ძლებს და ამ დროს, შენი მისია იქნებ ისაა, პური დაუთესო და აჭამო? ეს ადამიანმა უნდა მოაწესრიგოს და ისე უნდა ხარობდეს ყველაფერი, მეფე როგორც უბრძანებს. მეფე კი ადამიანია...

- და გჯერა, რომ ადამიანი ამ ძალაუფლებას ბოროტად არ გამოიყენებს?
- იყენებს კიდეც. გვგონია, ყველაფერი იმისთვისაა გაჩენილი, ჩვენ ვჭამოთ. გვავიწყდება, რომ ჩვენი წინაპრის სული კი არ მოკვდა, გარდაიცვალა და სხვა რამეში გარდაისახა. ამის დანახვა არ გვინდა და ისე ვიქცევით, თითქოს, მარტო ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადი. ამიტომაც ვისჯებით სწორედ. მოდი, ქალღმერთი დავარქვათ დედამიწას

- “იგი ცეცხლია, იგი წყალია, იგი თუ მიწაა, რომელიც მრგვალია, იგი თუ დედაა და თან ცოცხალია, მაშ ისიც ღმერთია და იგი ქალია. ხომ ამოტვიფრა კლდეზე მცნებანი, ხომ ჩაიბარა აღსარებანი, ხომ შეასია ეგვიპტეს ყმები, მისი ელჩები და საცეცები... შეხედე, ნახე, როგორ მეტყველებს მიწისძვრით, ქარით, ვულკანით, ცეცხლით, უფრო ხმამაღლა როგორღა გვეტყვის, რომ გამოვფხიზლდეთ, მივუგდოთ ყური, არ ვხოცოთ ძმანი, დავთესოთ პური... ჩვენ კი, უფრო და უფრო ვუძრახით, მის სიტყვებს კატაკლიზმებს ვუძახით”...იდიოტობაა არაა? კიდევ ვერ შევიგნეთ, რომ არ უნდა აჭამო მიწას ხორცი, ბიბლიაშიც წერია, ყელამდე ვარ თქვენი ძღვენებითა და სისხლით, თავი დამანებეთო. ”ჩვენ კი მასზე ვღვრით სხვადასხვა სისხლებს... მთელი სისხლი კი ერთზე იღვრება... ხანძარს რომ მუდამ ნავთი ამატო, ის ხომ არასდროს აღარ ჩაქრება?” ასეა, დედამიწა ინსულინის კომაში გვყავს.

- საქართველოც “ინსულინის კომაშია” არა?
- “დაწერილია ერთ ქვაზე სიტყვა, რომ სოლომონის ტაძარში ითქვა, ხალხი რაღაცას გადაასწორებს და ძველ შეცდომებს გამოასწორებს. სადაც ქარები დაქრიან ველზე, სადაც სვეტი დგას სამების ხელზე, სწორედ იმ ქართველს ღმერთი ახსენებს და გასახარად აღმოაცენებს. სწორედ იმ ქვეყნის, რომელსაც ღმერთი, გარკვევით ეტყვის, რომ სავანეთი, მთებში კოშკებად ელოდებოდა და ერთ ასოში ემალებოდა (ს(ა)ვანეთი), სწორედ იმ ქვეყნის სადაც გრაალი წმინდა ფრესკაში გამოვლინდება და თასი ხმალის სადარაჯოსთან, ვარდების მიღმა ამობრწყინდება. ამობრწყინდება და დაირწევა ოქროს აკვანი მახათას მთაზე, რომ გააბრწყინოს მან მრგვალი ჯვარი მართლმადიდებლურ ეკლესიაზე (ბოლნისი). და გაბრწყინდება ზემგრძნობიარე, აწწოდებული დედად და ღმერთად და იბერიაც გადაბრწყინდება დედა ღვთისმშობლის სხეულთან ერთად”.

...მარტო ვერ გაბრწყინდები, გამოხვალ ინგლისი, სხვებს რომ ატერორებდა. ასეა, ვერ მოიპოვებ ბედნიერებას, თუ ვიღაც წუხს. საქართველოს კი აუცილებლად ეშველება. მხოლოდ ჩვენ არ ვართ ცუდად, სხვაგან ნახეთ, რა ხდება - მოცარტს კირი მიაყარეს, ბრუნო დაწვეს, ინდიელები რა დღეში ჩაყარეს... ამიტომ, აზრზე უნდა მოვიდეთ და ყველაფრის მიზეზი საკუთარ თავში ვეძებოთ, მაგრამ ”ბევრია ვინმე ცოცხალი, თავის თავზე რომ აუგს აიღებს, თანაც ნაწყენი რომ არ დაგრჩება, როდესაც თავზე მართალს გაიგებს, მათი აწმყო ის რეალობაა, რისი მშობელიც ეშმაკობაა”... ეშმაკობა არ არის ყველაფერი? - ბიზნესი, პოლიტიკა, რომელიც “ჟლეტს ყველა ცხოველს და ერთ დიდ ქვაბში ადუღებს ყოველს, მათ მიაძინეს ღვთისშვილის ჯიში, თესეს შური და სიკვდილის შიში”...

დღეს ეშმაკი მართავს, რომელსაც ვერ მოკლავ, ის უნდა მიაძინო. უნდა უმღერო რაც იავნანა გაქვს და სიკეთე თესო... ქრისტემ ხომ თქვა, ერთ ლოყაში რომ გაგარტყამენ, მეორე მიუშვირეო. ეგაა ვაჟკაცობა თორემ, კუთხეში მომწყვდეული, კურდღელიც გადმოდის შეტევაზე, ბატიც და ვირთხაც... ვაჟკაცობა მოთმენაა და არა ის, უიარაღო ადამიანს იარაღით რომ დაადგები.

საერთოდ კი, პატარა ბიჭი სკოლაში ისე იქცევა, პატარა გოგოს როგორი ბიჭებიც მოსწონს. ქალზეა დამოკიდებული ყველაფერი. “თუ ქალი ბუნებას დაეძებს კაცში, კაცი ბუნებას შოუშობს თავში”. ეგრეა, ყველა კაცი ცდილობს, იყოს ისეთი, ქალს როგორიც მოსწონს.

- და შენც ამიტომ ცდილობ, “ემანდ, რამე არ შეგეშალოს”?
- იყო პერიოდი, მეგონა, ჩხუბი კარგი იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. იმას რომ არ უფრთხი, რაც არ აგცდება, ეგაა ვაჟკაცობა, თორემ შიში ადამიანს ბევრ ცუდს რამეს აკეთებინებს...

- ისე, შეშინებული და გაქცეული საქართველომ ბევრი ნახა. ამ დროს, ხელოვანს რა პოზიცია უნდა ჰქონდეს?
- ხელოვანს ყოველთვის უნდა ჰქონდეს პროტესტის გრძნობა, რადგან არასწორად ვცხოვრობთ არამხოლოდ საქართველოში, არამედ, საერთოდ. თორემ, ხელისუფლება რა? ის მიყვება ძალას, რომელიც გლობალურად მართავს. ამიტომ ცუდი მტკვარს უნდა გავატანოთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ... ჩემი მოკლე ჭკუით - ტაშით გაცილება თუ არ ვისწავლეთ, არაფერი გვეშველება. ისიც უნდა წავიდეს. აბა, რას აფიჩინებ, ბიჭო, ფეხებს და რას ეჭიდები ამ სკამს? მარტო შენ ხარ და შენი ნაბადი?

იქნებ სხვას უკეთ გამოსდის კლიპის გადაღებაც, სიმღერაც, ლექსის წერაცა და ქვეყნის მართვაც? ვხედავ, კარგი რაც კეთდება, მაგრამ სხვას რატომ ბლოკავ? თუ ხელოვანი მხარს არ გიჭერს, იმას არ ნიშნავს, რომ ის არ ვარგა. და ჩემი ბედი რომ გაბარია, შენი შვილები და შვილიშვილები, ჩემებზე მაღლა არ უნდა დააყენო. ტაშით გაცილებას სანამ არ ვისწავლით, სულ იქნება - გაეთრიე, გამოეთრიე... და ამაზე ყოველთვის სხვები მოითბობენ ხელს. ღმერთმა ქნას, ჭკუა ვისწავლოთ.

ათი წელია, უმუშევარი ვარ, მაგრამ არ ვიბოღმები და ლოზუნგებით არ გამოვდივარ. ხომ იყავი მაგარ პონტში აქამდე? ახლა წადი და სხვა მიუშვი, რა. მაგრამ სიყალბეა ყველგან და ყველაფერში. ეკლესიაშიც დადიან ვითომ, მაგრამ იარონ. ადრე თუ გვიან, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება იმიტომ, რომ დედა ეკლესიაა და სიყვარულს ქადაგებს. იმ სიყალბეს კი ყველა ხვდება. ვიცი, ეკლესიას ხშირად სიბნელე მოუტანია, მაგრამ “თუკი სიბნელე არ იარსებებს, სად ჩაისახოს, აბა, ნათელი, მითხრა, სიბნელე არის საბაბი, ყველამ დაანთოს თითო სანთელი”...