„რუსეთმა ჩაატარა სამხედრო „ოლიმპიადა“და ფაქტობრივად, შექმნა ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი“

„რუსეთმა ჩაატარა სამხედრო „ოლიმპიადა“და ფაქტობრივად, შექმნა ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი“

თებერვალში, მინსკში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, საბრძოლო მოქმედებებმა კვლავ ინტენსიური სახე მიიღო აღმოსავლეთ უკრაინაში. პრორუსი მებრძოლები უკრაინული ჯარის პოზიციებს მსხვილკალიბრიანი იარაღით უტევენ. იბომბება დასახლებული პუნქტებიც. განსაკუთრებით დაძაბულია მდგომარეობა მარიუპოლის მახლობლად. ვითარება დაძაბულია დონეცკის მახლობლადაც. ამბოხებულები მარიუპოლის დაკავებას ცდილობენ, რომელიც სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს და რომლის გავლითაც ამბოხებულები ყირიმთან დაკავშირებას თავისუფლად შეძლებენ.

დღის ბოლოს უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისა და რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე დაახლოებით 50 000 სამხედროა მობილიზებული.  გენერალური შტაბის პრეს-სპიკერის, ვლადისლავ სელიოზნევას განცხადებით, ამგვარად რუსეთი ცდილობს ზეწოლა განახოციელოს უკრაინულ მხარეზე, რომელმაც პრინციპული და მკაცრი პოზიცია დაიკავა მინსკის მოლაპარაკებების დროს.

რა მიზნით შეიქმნა მოსკოვში უკრაინის ე.წ. საემიგრაციო მთავრობა და რატომ დაარღვია რუსეთმა მინსკი 2-ის შეთანხმება? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.

საბრძოლო მოქმედებებმა კვლავ ინტენსიური სახე მიიღო აღმოსავლეთ უკრაინაში. ოფიციალური კიევი და დასავლეთი რუსეთს კონფლიქტში პირდაპირ მონაწილეობაში სდებენ ბრალს. პრორუსი მებრძოლების მიერ იბომბება დასახლებული პუნქტები. ეს ახალი სტრატეგიაა, როდესაც სამხედრო პოზიციების კვალდაკვალ უკვე სამიზნე გახდა მშვიდობიანი მოსახლეობა?

-სამწუხაროდ, ეს არის ჩვეულებრივი ფრონტალური შეტაკებები. მინსიკი 2-ის შეთანხმების შედეგად, რის საფუძველზეც საომარი მოქმედება შეწყდა, მშვიდობიანი მოსახლეობა დაბრუნდა და ცხოვრობდა ჩვეულებრივად. ზუსტად იგივე ვითარებაა, რაც მოხდა სოხუმში 1993 წლის სექტემბერში, როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობა დააბრუნეს. როგორც სოხუმში დაიწყო ფრონტალური ხასიათის შეტაკებები, ანალოგიური ხდება ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში. რუსეთის პრეზიდენტმა მოიწვია უშიშროების საბჭოს სხდომა, პლუს კიევში გამოცხადებულია მობილიზაცია.

შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთმა მინსკი 2-ის შეთანხმება დაარღვია?

-რა თქმა უნდა, დაარღვია. მართალია, ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს შეთანხმების დარღვევაში, მაგრამ ფაქტია, რომ ამ შეთანხმების დარღვევის  მოტივაცია ჰქონდა რუსულ მხარეს. როგორც კი დასავლეთმა გაამკაცრა სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, გამოცხადდა ემბარგო, რუსეთის მხრიდან მინსკი 2-ის შეთანხმების შენარჩუნებამ აზრი დაკარგა. ამიტომ, რუსეთმა გადაწყვიტა ვა ბანკზე წასვლა. რუსეთისთვის აგვისტოს პერიოდი საკმაოდ იდეალური დროა საბრძოლო მოქმედების წარმოებისთვის. როგორც ჩანს, რუსეთი აპირებს ფართომასშტაბიან შეტევაზე გადავიდეს იმის გამო, რომ დაიბრუნონ პოზიციები.

ანუ, რუსეთის მიზანია მარიუპოლის დაკავება, რითაც თავისუფლად შეძლებს ყირიმთან დაკავშირებას?

-ახლა მათი მიზანია დაიკავონ მარიუპოლი, გააფართოონ ოკუპირებული დონეცკის ტერიტორია და საბრძოლო ოპერაციები გადაიტანონ ხარკოვის და სხვა მიმდებარე ტერიტორიაზე. მინდა გითხრათ, რუსეთმა ჩაატარა სამხედრო „ოლიმპიადა“, ფაქტობრივად, შექმნა ახალი სამხედრო პოლიტიკური ალიანსი. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, საქართველოში ამას არავინ არ მიაქცია ყურადღება. უფაში, ბაშკირეთის დედაქალაქში 12-13 ივლისს ჩატარდა შანხაის თანამშრომლობის ოპერაციის სამიტი, ამ ორგანიზაციის ფარგლებში ორი ახალი წვერი მიიღეს - კუვეითი და პაკისტანი.

გარდა ამისა, ამ ორგანიზაციამ შეიმუშავა ახალი დოკუმენტები, ანუ ანტიდასავლური და ანტიამერიკული დეკლარაცია. შემუშავდა სამოქმედო გეგმა - სამხედრო მიმართულების თანამშრომლობის განვითარება. რამდენიმე დღის შემდეგ უფაში წარმოდგენილი წევრი ქვეყნების უმრავლესობამ მონაწილეობა მიიღო მოსკოვიდან ირკუცკამდე ჩატარებულ სამხედრო „ოლიმპიადაში“.

17-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილება ამ სამხედრო წვრთნებში. მათ შორის იყო ინდოეთის, პაკისტანის და ჩინეთის შეიარაღებული ძალები. ამ ორგანიზაციამ დამკვირვებლის სტატუსით მიიღო ბელარუსი, რომელიც უკვე მიუახლოვდა წევრობას. რაც ყველაზე საინტერესოა, სპეციალური სტრატეგიული პარტნიორობის სტატუსი მიიღეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა. ისინიც უკვე თანდათანობით შედიან ამ შანხაის თანამშრომლობის ორბიტაში. ანუ, უფაში ჩამოყალიბდა ახალი სამხედრო პოლიტიკური ალიანსი, რომელმაც გააერთინა ოთხი ბირთული იარაღის სტატუსის მქონე სახელმწიფო - პაკისტანი, ინდოეთი, ჩინეთი და რუსეთი.

რუსეთის მიერ ამერიკელების სტრატეგიული მოკავშირის, პაკისტანის ჩართვა ამ ალიანსში, პირადპირ კავშირშია უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან?

-რა თქმა უნდა, გლობალურ დონეზე რუსეთმა გეოპოლიტიკურად გააძლიერა თავისი პოზიციები და შესაბამისად, მას შემდეგ, რაც დასავლეთმა საბოლოოდ ჰკრა ხელი და ფაქტობრივად, კიდევ უფრო გაზარდა ეკონომიური სანქციები, რუსეთი წავიდა ვა ბანკზე. სეპარატისტების ხელით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთისთვის მომგებიანი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი შეუმსუბუქებდა ეკონომიკურ სანქციებს. ახლა უკვე ემბარგომდე მივიდა საქმე. სანქცია ერთია და ემბარგო - მეორე.

რუსეთი, რომ ემზადებოდა ასეთი ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის, იმითაც დასტურდებოდა, რომ სანამ მოხდებოდა მინსკი 2-ის ხელშეკრულების დარღვევა, მოსკოვში შეიქმნა პოლიტიკური გაერთიანება - უკრაინის ხსნის კომიტეტი. მასში გაწევრიანებული არიან იანუკოვიჩის მთავარობის ყოფილი წევრები. ანუ, მოსკოვში უკრაინის ე.წ. საემიგრაციო მთავრობა შეიქმნა.

ე.წ. საემიგრაციო მთავრობის შექმნა ადასტურებს, რომ რუსეთის გეგმა საკმაოდ ამბიციურია და ამ შემთხვევაში მისი გეგმის ნაწილია კიევამდე ჩასვლა?

-როგორც ჩანს, რუსეთის გეგმის ნაწილია კიევში ჩასვლა და პოროშენკოს ხელისუფლების დამხობა. შესაბამისად, ამ ხსნის კომიტეტის წევრების ხელდასმა და მათი მოყვანა ხელისუფლებაში.

ერთია, რა გეგმა აქვს რუსეთს, მაგრამ მეორეა - რამდენად შეძლებს ამას რუსეთი იმ საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, რომელიც დღეს არსებობს...

-თუ მარიუპოლი დაეცა და კიდევ უფრო გაფართოვდა საომარი მოქმედების სივრცე, არ გამოვრიცხავ, რომ პოროშენკოსა და პოლომოისკს შორის არსებულმა დაპირისპირებამ, რომლმაც სხვა მსხვილი ოლიგარქების დაპირისპირებაც გამოიწვია, უკრაინაში პოლიტიკური სიტუაციაც დაძაბოს. პოროშენკო დაუპირისპირდა მთავარ ოლიგარქებს - როგორც ჩანს, რუსეთმა გაითვალისწინა შიდა პოლიტიკური არეულობები, რომელიც დღეს არსებობს უკრაინაში.

სამწუხაროდ, რუსეთი საკმაოდ ვერაგი მტერია - სტრატეგიულად საკმაოდ კარგად მოაზროვნე მტერი. მათ შეარჩიეს ის მომენტი, როდესაც დასავლეთი არის შეზღუდული. ამერიკაში დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. სანამ არ მოხდება ახალი პრეზიდენტის არჩევა და ახალი პრიორიტებების გამოკვეთა, მანამდე ჩათვალეთ, რომ ამერიკის შესაძლებლობა არის შეზღუდული.

დასავლეთი რომ ამერიკის გარეშე არაფრის გამკეთებელი არ არის - ეს გასაგებია. ამერიკის ადმინისტრაცია საგარეო პოლიტიკის საკითხების კუთხით პასიური მართვის რეჟიმში გადავიდა; როგორც ჩანს, რუსებმა ეს კუთხეც გაითვალისწინეს. სავარაუდოდ, რუსები გააძლიერებენ შეტევას. მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მარიუპოლის დაკავება; პლუს, შეეცდებიან, რომ უკრაინაში კიდევ უფრო გააღრმავონ პოლიტიკური კრიზისი.