რუსეთი იმ ქვეყნებისთვის ემბარგოს დაწესებას გეგმავს, რომლებიც ევროკავშირის ანტირუსულ სანქციებს შეუერთდნენ. ამ დროისთვის მუშავდება მთავრობის დადგენილების პროექტი შვიდ ქვეყანასთან დაკავშირებით. კონტრზომების შემოღების საკითხი მუშავდება საქართველოსთან მიმართებაშიც. საქართველოს მიერ ევროკავშირის სანქციასთან შეერთების კვალდალვალ ცნობილი ხდება, რომ „როსპოტრებნადზორმა“ ქართული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხი დაიწუნა.
for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ თუ რუსები უარს იტყვიან ხვანჭკარის და ქინძმარაულის მირთმევაზე, ამით ნამდვილად ვერ დააკნინებენ ქართულ სახელმწიფოს და ვერც იმ ოცნებაზე ათქმევინებენ უარს, რასაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია.
სოსო ცისკარიშვილი: მაკვირვებს რუსული დაზვერვის დაკნინების ასეთი მაგალითი, რადგან 2014 წელს ევროკავშირის სანქციებთან მიერთებული საქართველო, რუსეთმა აღმოაჩინა 2015 წელს და ესეც მას შემდეგ, რაც პრესაში გამოქვეყნდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც უარს ამბობენ ყირიმში წარმოებული ნაწრმის იმპორტზე. ჩვენ, ქართველები, სანქციად ვერ ჩავთვლით ისეთ ქმედებას, რომელიც ბწკენისოდენა ზიანსაც ვერ მიაყენებს რუსეთს.
არანაირი სერიოზული დამოკიდებულება ამ ე.წ. სანქციის მიმართ ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს. დღემდე ძალიან მწარე ნაბწკენად რჩება რუსული ხელისუფლებისთვის ის სანქცია რომელიც საქართველომ 2008 წელს დაუწესა, როდესაც გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვთან; პარალელურად, დემოსტრაციულად დატოვა დამოუკდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შემადგენლობა.
ვიცით, რომ არაერთი მცდელობა ჰქონდა რუსეთს დაეწყოთ საუბარი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე. მაგრამ უთავმოყვარეო იქნება ერი, თუ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას აღადგენს იმ ვითარებაში, როდესაც არც ერთი მიზეზი, რის გამოც შეწყდა ეს ურთიერთობა, არ აღმოფხვრილა. არც ერთი ნაბიჯი რუსეთს საქართველოს ინტერესების დასაცავად არ გადაუდგამს. ამიტომ, ნუ დავიმძიმებთ რაიმე საფრთხეზე ფიქრით თავს.
როგორ ფიქრობთ, ახალი სანქცების დაწესება, პოლიტიკური შემადგენელს უფრო ემსახურება, ვიდრე ეკონომიკურს?
-რუსეთს საკუთარი თავი აქვს სადარდებელი, მაგრამ ცხადია, მათი ვერაგობის კოეფიციენტი იმდენად მაღალია, რომ არაფრისგან დაზღვეული არ ვართ. თუმცა, ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრისგან დავალებას იღებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და არა თავდაცვის სამინისტრო, გარკვეულწილად, სიმშვიდისმომგვრელია. თუ უარს იტყვიან რუსები ხვანჭკარის და ქინძმარაულის მირთმევაზე, ამით ნამდვილად ვერ დააკნინებენ ქართულ სახელმწიფოს და ვერც იმ ოცნებაზე გვათქმევინებენ უარს, რასაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია.
თუმცა, ფაქტია, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას...
-კრემლის ოცნებაა, როგორმე ვინმემ საოკუპაციო ზოლთან მიახლოებულ ტერიტორიაზე რაიმე სახის იარაღიდან გაისროლოს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ასეთი პროვოკაცია თავად რუსულმა სპეცსამსახურებმა მოახერხონ. მაგრამ სანამ აქტიურია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ვიდრე მაღალი იქნება ყურადღება ნატო-ს მხრიდან, რუსეთის ისეთი ლაღი განავარდება საქართველოში, როგორც ეს 2008 წელს მოხდა, გამორიცხულია.
რუსეთი ვერ გამოდის საბჭოთა კავშირის ხიბლიდან. უფრო მეტიც, სტალინის კულტის ხელახლა განდიდების ეტაპზე აღმოჩნდნენ; ამიტომ, როდესაც საკუთარი უმეცრება გძლევს, იმისი შნო მაინც უნდა გქონდეს, საკუთარ თავს აგრძნობინო შენივე უსუსურობა. ამაყობენ იმით, რომ სწორედ ისინი არიან საბჭოთა კავშირის მემკვდრენი და სტალინი არის მათი გზამკვლევი საკუთარი სახელმწიფოს განვითარებაში.
სანქციები, ე.წ. საზღვრის გადმოწევა, საქართველოს მოქალაქეების გატაცება, ამ ფორმით რუსეთი ცდილობს ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლას?
-საკვირველი ის იქნებოდა, რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ არ მიეღო ეს სანქცია, რომლითაც ახლა გვემუქრება. წარმომიდგენია, რა ნიაღვარი იქნებოდა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან, რომ აი, ჩუმად მიიღეს სანქცია რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთმა ხმა არ გასცა საქართველოს, იმიტომ, რომ მის მიერ შერჩეული და დანიშნული პოლიტიკური ძალა მართავს საქართველოს და ა.შ.
ამიტომ, ის მაინც ვიკმაროთ - დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია ალიბი, რომ მას არ სწყალობს კრემლი და მის მიმართაც იქნება სანქციები.