როგორც tmz.com იუწყება, მომღერლის მტკიცებით, ლეგენდარულმა ბრიტანულმა როკ–ჯგუფმა მას მოჰპარა მელოდია სიმღერისა – Dazed and Confused. ჰოლმსს ამავე სახელწოდების კომპოზიცია, ჯერ კიდევ 1967 წელს ჩაუწერია. ორი წლის შემდეგ კი Led Zeppelin–ის სადებიუტო ალბომში გაჩნდა ტრეკი, რომელსაც იგივე სახელწოდება აქვს და ჰოლმსის აზრით, აწყობილია მსგავს საგიტარო კომპოზიციაზე.
ფოლკ–მომღერალმა სასამართლოში სარჩელი Led Zeppelin–ის გიტარისტის, ჯიმი პეიჯის წინააღმდეგ შეიტანა, რადგან როკ–ჯგუფის დისკზე, ამ სიმღერის ავტორად ისაა მოხსენებული. ჰოლმსი მორალური ზარალის კომპენსაციას ითხოვს. კონკრეტული თანხა არ სახელდება.
თუ რატომ იგრძნო მომღერალმა თავი შეურაცხყოფილად მხოლოდ 40 წლის შემდეგ, გაურკვეველია. ფაქტია, რომ ამ წლების მანძილზე, Led Zeppelin–ის ეს სიმღერა ჰოლმსს არაერთხელ მოუსმენია.