„ოცნებას“ პარლამენტში ახალი „საზრუნავი“ გაუჩნდა

„ოცნებას“ პარლამენტში ახალი „საზრუნავი“ გაუჩნდა

მმართველი ძალა პარლამენტში პიარჯგუფის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელიც სავარაუდოდ, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურთან იქნება კოორდინაციაში.

პიარისა და პრესასთან ურთიერთობის საკითხებზე უმრავლესობის დახურულ სხდომაზე ისაუბრეს, რომელიც მიმდინარე კვირის ორშაბათს გაიმართა. for.ge-ს ინფორმაციით, სხდომაზე უმრავლესობის პიარჯგუფის ჩამოყალიბებაზე აქცენტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა - მანანა კობახიძემ, დავით საგანელიძემ და ეკა ბესელიამ გააკეთეს. ბესელია წინადადებით გამოვიდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში სამკაციანი ჯგუფი შეიქმნას, რომელიც დეპუტატებისთვის ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს, კობახიძემ კი ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ უმრავლესობა პიარის გარეშე ორი წელია საქმიანობს, არჩევნებამდე ასე მუშაობა ვერ გაგრძელდება და აქტივობა შტაბურ რეჟიმში უნდა წარიმართოს.

თანაგუნდელების პოზიცია უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ გაიზიარა და ის იდეით გამოვიდა, რომ უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა თითო-თითო ადამიანი გამოყონ და ერთი ჯგუფი ჩამოყალიბდეს.

„იქნებ, ფრაქციებმა ერთი ჯგუფი გავაკეთოთ, რომელიც ყოველდღიურად შეიკრიბება. თუნდაც, ჩემს ოთახში შეიკრიბონ და ერთმანეთში ინფორმაციები გაცვალონ. უმრავლესობაში შვიდი ფრაქცია ვართ, თითო ადამიანი გამოყოთ, ამ ჯგუფმა კოორდინირებულად იმუშაოს და მათ ერთი რეგულაცია ჰქონდეთ. ამ ფორმით ინფორმირებული ყველა ფრაქცია იქნება. თუ რაიმე უკეთესი ვარიანტი გაქვთ, მითხარით. მზად ვარ, თქვენი აზრი გავითვალისწინო, რადგან მარტო საუბარი იმაზე, რომ რაღაც არ სრულდება, შედეგს ვერ მოგვიტანს. სამწუხაროდ, ის რაც გაგვაჩნია, იმ ამოცანებს ვერ პასუხობს, რაც არსებობს“, - განაცხადა საგანელიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ უმრავლესობა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის პოტენციალს სამწუხაროდ ვერ იყენებს.

დავით საგანელიძის მსგავსად, პიარის ჰაერში გამოკიდების წინააღმდეგ წავიდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელმაც უმრავლესობის დახურულ სხდომაზე იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელსაც ის ზოგჯერ, ტელე-ეთერებში სტუმრობისას აწყდება.

„ამ საკითხის ასე დატოვება არ შეიძლება. ეს საკითხი სასწრაფოდ უნდა მოვაწესრიგოთ. მცირე ჯგუფი მაინც გავაკეთოთ, რომელიც სრულ კოორდინაციაში იმ ჯგუფთან იქნება, რომელიც კანცელარიაშია. მარტივ მაგალითს გეტყვით. მაგალითად, დარბაზის ტიპის ეთერში - დებატებში მიდიხარ, სადაც სპეციალურად მომზადებული დარბაზია და მზად უნდა იყო, რომ დარბაზსაც გაუმკლავდე და ოპონენტსაც. წინასწარ საჭიროა იცოდე, ეთერში ვინ უნდა ჩაერთოს, ვინ კითხვას დასვამს, ვინ ილაპარკოს და ა.შ. თვითდინებაზე მიშვება, რომ ყველაფერს ეთერში გაუმკლავდები, არ მგონია, სწორი იყოს“, - აღნიშნა ბესელიამ.

კანონმდებელის მოსაზრებით, სასურველია, პარლამენტში პიარჯგუფში სამი ადამიანი იყოს, რომელიც რაღაც ტემპით იმუშავებს.

„რაღაც უნდა მოვიფიქროთ, მაგრამ გრეტასიც მეუხერხულება, რომელიც ფრაქცია „კონსერვატორებს“ წარმოადგენს. ყველაფერზე გრეტას დავუძახო, ეს ძალიან მეუხერხულება. ეთერში რომ მივდივართ, კომიტეტებს კი არ წარმოვადგენთ, არამედ მთლიან გუნდს. რაიმე სისულელეს რომ ვიტყვი, ჩემს მაგივრად, თავი გუნდმა უნდა იმართლოს. საერთო სისტემა უნდა იყოს და ჯგუფი უნდა გაკეთდეს, რადგან რასაც ვხედავ, დებატებში პარლამენტიდან გაცილებით მეტი ადამიანია წარმოდგენილი, ვიდრე მთავრობის წევრები“, - განაცხადა ბესელიამ, რომლის პათოსი ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ გაიზიარა და მან პიარჯგუფის სავარაუდო წევრებიც დაასახელა.

კობახიძის განცხადებით, პარლამენტში ბესელიას პრესასთან ურთიერთობის საკითხებში „რუსთავის 2“-ს ყოფილი ჟურნალისტი ირაკლი მაისურაძე ეხმარება, მას კი „მაესტროს“ ყოფილი პროდიუსერი თამუნა მჟავანაძე, რომლებმაც ჟურნალისტიკის ენა კარგად იციან.

„ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ. ეკას „რუსთავი 2“-ის ყოფილი, ძალიან კარგი ჟურნალისტი ირაკლი მაისურაძე ჰყავს, მე კი, „მაესტროს“ ყოფილი პროდიუსერი თამუნა მჟავანაძე მყავს, რომელიც თეა სიჭინავას გადაცემებს აკეთებდა და ეს სფერო მთლიანად იცის. ჯგუფის შექმნა თუნდაც ამ ადამიანებისგან შეგვიძლია, რადგან მათ იციან, მტრების ენაზე როგორ უნდა ისაუბრონ, იქ არიან გამოზრდილი და დღესაც ლექციებს კითხულობენ ჟურნალისტიკის სკოლაში. იგივე ნიკოლია, გრეტაა, თუ მაისურაძე, ეს ადამიანები პრესასთან ურთიერთობაზე უნდა ვამუშაოთ. შეიძლება ხუთკაციანი ჯგუფი შევკრათ და საჭირო არანაირი დამატებითი კადრები არ იყოს“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ გამოსვლისას პარლამენტის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასურველია, ამ დეპარტამენტმა უწყების მიერ მიღებული კანონები გააპიაროს.

„იმ აზრზე არ ვარ, რომ ეს სამსახური უმრავლესობას მოვახმაროთ, მაგრამ როდესაც პარლამენტი კარგ ცვლილებას იღებს, რაც გასაპიარებელია და საზოგადოებამდე კარგად მისაწოდებელია, სასურველია, კანონები გაშუქდეს. არ შეიძლება, რომ საპარლამენტო მუშაობა და საქმიანობა უფრო მეტად გაშუქდეს? ბოლოს, თამარ კორძაიას მიერ მომზადებული ცვლილებები ძალიან კარგი იყო, რომელიც შეიძლება, საბოლოოდ, საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო. მართლმსაჯულების კოდექსს მივიღებთ და ეს ხომ მხოლოდ უმრავლესობის საქმე არ არის, რომ არ გაშუქდეს? გრეტამ დამირეკა, „რეაქციის“ ეთერში ახალგაზრდები, რომ მიეყვანათ. ძალიან სწრაფად, ოპერატიულად ირაკლი კობახიძეს დავუკავშირდი და ჩვენი რამდენიმე მომხრე იქ მიიყვანეს, სადაც მათ კარგად ილაპარაკეს თუ ცუდად, ამაზე არ ვსაუბრობ. მათ ორჯერ-სამჯერ მიკროფონი აიღეს და ძალიან შემტევებიც იყვნენ. ამ საქმეში პარტიის რესურსიც ჩავრთოთ. ეს ყველა პარტიას ეხება და არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“. ყველანი კოორდინაციაში უნდა მოვიყვანოთ, რა თქმა უნდა, მთავრობის პრესსამსახურთან. ორი წელიწადია ასე ვართ და არჩევნებამდე ასე ვერ მივალთ. რაღაც ახალ რეჟიმში უნდა გადავიდეთ, წარმოვიდგინოთ, თითქოს, შტაბში ვართ და ასე უნდა ვიმუშაოთ“, - დასძინა კობახიძემ, რომელსაც „კონსერვატორების“ წევრი გიგა ბუკია გამოეხმაურა.

ბუკიას შეფასებით, დეპუტატები ტელედებატების დროს მომზადებულები უნდა იყვნენ.

„დებატების დროს მომზადებულები უნდა ვიყოთ და ანალიზს უნდა ვდებდეთ. გრეტა ჩვენს ფრაქციაზე ფაქტიურად ვერ მუშაობს და პრობლემაა სანამ სტუდიაში მივდივართ, რა უნდა ვთქვათ და რა - არა. ხშირ შემთხვევაში ისეთი მესიჯი მომსვლია, რომელიც არარეალური ყოფილა და არ მითქვამს“, - დასძინა ბუკიამ, რომელმაც არ დააკონკრეტა, თუ ვისგან მიიღო გზავნილი, თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, დეპუტატები მესიჯებს ხშირად, მთავრობის ადამინისტრაციიდან იღებენ.

კანონმდებლებს შორის წარმოებულ პოლემიკაში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ ჩაერთო, რომელიც უმრავლესობის დახურულ სხდომას ესწრებოდა და რომელმაც, საუბარი საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ღონისძიებებზე გადაიტანა.

სპიკერმა დეპუტატებს ამცნო, რომ 6 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით, პარლამენტი „იბიარდის“ ღონისძიებებს მასპინძლობს და დეპუტატებს კაბინეტების დათმობა მოუწევთ.

„იბიარდი“ ღონისძიებებს ატარებს და მათ ოთახები დასჭირდებათ. როგორც ჩანს, 6 აპრილიდან 20 მაისამდე მუშაობა შევიწროვებულ ფართში მოგვიწევს. ყველა ვიქნებით უკმაყოფილო და ამას წინასწარ შევეგუოთ. მიგრაცია რამდენიმე ფრაქციასაც შეეხება და შევიწროვება უმეტესად „ცე“ კორპუსში იქნება“, - მიმართა დეპუტატებს უსუფაშვილმა, რომელსაც ერთ-ერთმა კანონმდებელმა კითხვა დაუსვა - „სტუმრები ქუთაისში მდებარე პარლამენტში, რატომ არ გაუშვეს?“. სპიკერმა კი განმარტა, რომ ქუთაისი შორს არის და ღონისძების იქ ჩატარება დამატებით ხარჯებს მოითხოვს.

რაც შეეხება იმას თუ რა ვითარებაა უმრავლესობაში პრესასთან ურთიერთობის კუთხით, მმართველ გუნდში თითქმის ყველა ლიდერს ე.წ. პრესსამსახური ჰყავს. გრეტა, რომელსაც დახურულ სხდომაზე უმრავლესობის წევრები ახსენებდნენ, „კონსერვატორების“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი გრეტა წიწავაა, უმრავლესობის ლიდერს, დავით საგანელიძეს პრესასთან საურთიერთობოდ ნიკოლ შადური ჰყავს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, გია ვოლსკის - ხათუნა ჩარკვიანი, ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს - თამუნა მჟავანაძე, ეკა ბესელიას - ირაკლი მაისურაძე, „რესპუბლიკელებს“ კი, ცალკე საკუთარი პრესსამსახური ჰყავთ. უმრავლესობისგან განსხვავებით კი, პარლამენტში უმცირესობის წარმომადგენლების პრესასთან ურთიერთობისთვის საკითხებს მხოლოდ გიორგი პატარაია კურირებს.