კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო გვენეტაძეს მხარს უჭერს და მისთვის ნდობის გამოცხადებას ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ სთხოვს, პარლამენტში კი კენჭისყრა 19-20 მარტის სასესიო კვირას ჩატარდება.
სანამ, „ქართული ოცნების“ წევრები გვენეტაძესთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ჩამოაყალიბებენ, მანამდე, ფრაქციის ნაწილი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივან არმაზ ახვლედიანს უპირისპირდება და გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას სთხოვს.
კერძოდ, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს, ზაქარია ქუცნაშვილსა და არმაზ ახვლედიანს შორის უთანხმოების მიზეზი ის განცხადება გახდა, სადაც ახვლედიანმა დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის მხარდაჭერა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციებით დაიმუქრა.
ახვლედიანის განცხადებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ყველა დეპუტატი გმობს, თუმცა, ნაწილი მასთან კონფლიქტში შესვლას ერიდება, მეორე ნაწილი კი კრიტიკას ღიად აფიქსირებს. მათ შორის არის დიმიტრი ხუნდაძე.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, არმაზ ახვლედიანის განცხადება იყო არამარტო საკუთარი უფლებამოსილების გადამეტება, არამედ ეს იყო შეურაცხყოფა თითოეული დეპუტატისთვის.
მისი თქმით, პატივსაცემი და გასათვალისწინებელია პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, მაგრამ მთავარია, თავად დეპუტატის დამოკიდებულება კონკრეტული საკითხის მიმართ.
„ინფორმაცია გვაქვს, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია, ან როგორ შეიძლება მიეღო, როცა ფრაქციას ეს საკითხი ჯერ არ განუხილავს. დეპუტატი ხალხის მიერ არჩეული პირია, რომელსაც თავისუფალი გადაწყვეტილების უფლება აქვს. არმაზ ახვლედიანის მიერ გაკეთებული განცხადება შეურაცხმყოფელია არა მარტო დეპუტატებისთვის, არამედ, თავად ნინო გვენეტაძისთვისაც. მისი საუბრიდან ჩანს, რომ თუ ძალადობა არ გამოიყენეს, კანდიტატურა ვერ გავა, ანუ მას არა აქვს საკმარისი მოცემულობა იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადა ხუნდაძემ, რომლისგან განსხვავებით თავშეკავებულია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
როგორც for.ge-ს სესიაშვილმა განუცხადა, დეპუტატის წინააღმდეგ სანქციით დამუქრება წარმოუდგენელი ფაქტია.
სესიაშვილი თანაპარტიელებს მოუწოდებს, რომ საჯაროდ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ, რომელიც პოლიტიკურ დისციპლინას ეწინააღმდეგება.
„ამ საკითხებზე ღიად საუბარი პარტიისა და კოალიციის ინტერესებს ავნებს. ეს საბოლოო ჯამში, ქვეყანასაც ავნებს, იმიტომ, რომ მმართველი ძალა ვარ და ეს პროცესი ლამაზი არ არის. დახურულ კარს მიღმა რიგ საკითხებზე მიჩხუბია კიდეც, მაგრამ ეს გარეთ არც გამოსულა, რადგან ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ“, - განაცხადა სესიაშვილმა, რომლის მსგავსად, შეფასებებისას თავშეკავებულია ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, რომელიც არმაზ ახვლედიანის განცხადების ჩარჩოში მოქცევას შეეცადა.
for.ge-სთან საუბარში კობახიძე აცხადებს, რომ ალბათ, ახვლედიანმა ზოგადი პრინციპი გააჟღერა, რომ პარტიული დისციპლინა უნდა იყოს და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებებს პარტიის წევრები უნდა ემორჩილებოდნენ, თუმცა მიაჩნია, რომ სწორი არ არის დეპუტატების მიმართ განცხადების დირექტივის სახით გაჟღერება.
„ეს ჩვეულებრივი წესია და ეს უცხო არ არის. პოლიტსაბჭოზე რაღაც სანქციებზე საუბარი არ ყოფილა და ალბათ, ახვლედიანის განცხადება სწორად უნდა გავიგოთ. აქ პარტიულ დისციპლინაზეა საუბარი და ბუნებრივია, პოლიტსაბჭო საკითხს რომ გადაწყვეტს და გარკვეულ შეთანხმებამდე მივა, დეპუტატები მას უნდა დაემორჩილონ, რადგან პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება ჯანსაღი და სწორია“, - აცხადებს კობახიძე, რომელიც ადასტურებს, რომ პოლიტსაბჭო გვენეტაძეს მხარს უჭერს.
პარტია „ქართულ ოცნებაში“ განვითარებულ მოვლენებს რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი არ აფასებს, თუმცა, for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დეპუტატის მიმართ მსგავსი ტონი მიუღებელია. მისი მოსაზრებით, დეპუტატის სტატუსი ბევრ რამეს განსაზღვრავს.
„თუკი რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას დისციპლინური პრობლემა აქვს, ეს გუნდში უნდა მოგვარდეს. ჩემს პარტიაში საერთო პრინციპების გარშემო ვართ გაერთიანებული და როგორც წესი, ძირითად საკითხებზე ფრაქციის სხდომაც კი არ გვჭირდება ჩვენი აზრები ერთმანეთს იმდენად ემთხვევა. პარტიები აქამდე უნდა მიდიოდნენ და არა ისე, რომ ერთმანეთს მუქარის წერილები მედიის საშუალებით უგზავნონ“, - დასძენს ხიდაშელი.
ნინო გვენეტაძე უმრავლესობაში განხეთქილების მიზეზი პირველად არ გახდა. ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს და ფრაქციაში ერთი პოზიცია ამ დრომდე არ არის ჩამოყალიბებული.