პარლამენტში ოთხი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ისევ ვაკანტურია, თანამდებობებისთვის ბრძოლა გაჩაღებულია, გადაწყვეტილებას კი, კოალიციის პოლიტსაბჭო მიიღებს, რომელიც დღეს ჩატარდება.
„თავისუფალი დემოკრატების“ მიერ დატოვებული პოსტების დაკავების სურვილს ზოგი დეპუტატი თავად გამოთქვამს, ზოგიერთი კანონმდებელის კანდიდატურის დაყენებას კი, თავად უმრავლესობა აპირებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელობა თამაზ მეჭიაურს სურს და მან ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატურის დაყენება მოსთხოვა, უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებს კი, ამ პოსტზე პაატა კვიჟინაძის დანიშვნა სურთ, რომელიც პარლამენტში „კონსერვატორების“ კვოტით არის წარმოდგენილი.
for.ge-ს ინფორმაციით, პაატა კვიჟინაძის კანდიდატურა განხილული პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზეც იქნება, მაგრამ მას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ჩააბარებენ თუ არა, ეს ძნელი სათქმელია, რადგან როგორც საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, ფრაქცია „კონსერვატორები“ ამ თანამდებობის დაკავების ინიციატივას არ იჩენენ, რადგან ისინი „ქართულ ოცნებასთან“ კონფლიქტში შესვლას ერიდებიან.
თამაზ მეჭიაურის მსგავსად, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობისთვის დეპუტატი ნანა ყეინიშვილიც იბრძვის, რომელმაც პოსტის დაკავებისთვის მზადება უკვე დაიწყო. მან ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ გარემოს დაცვის კომიტეტის წევრად თავი უკვე წარადგენინა, რადგან კომიტეტის ხელმძღვანელი სწორედ კომიტეტის წევრებიდან ირჩევა.
მართალია, კომიტეტის წევრად ნანა ყეინიშვილის წარდგენის განცხადებას ხელი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ მოაწერა, მაგრამ მას ბიუროს სხდომაზე, კომიტეტის წევრად ყეინიშვილის წარდგენა, კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატად მოეჩვენა, რაც შეიცხადა და ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს დაუზუსტა, რომ ყეინიშვილი კომიტეტის წევრად იყო დასახელებული და არა ხელმძღვანელად. უნდა აღინიშნოს, რომ ვოლსკის გარდა, ყეინიშვილი გარემოს დაცვის აპარატის თანამშრომლებსაც აფორიაქებს - კომიტეტში ყეინიშვილის ყოველი გამოჩენა, თანამშრომლების გულის ფრიალთან ასოცირდება.
ყეინიშვილისა და მეჭიაურის მსგავსად, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დაკავებისთვის იღწვის „ეროვნული ფორუმის“ წევრი შალვა კიკნაველიძე, რომელიც ამ კომიტეტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილეა. გუბაზ სანიკიძემ ვიცე-სპიკერის პოსტის დაკავების შემდეგ, ზრუნვა კიკნაველიძის დაწინაურებისთვისაც დაიწყო, მაგრამ როგორც for.ge-ს პოლიტიკურ კულუარებში განუცხადეს, ფრაქცია „ქართული ოცნება“ კიკნაველიძეს ამ თანამდებობას არ დაუთმოს, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ „ეროვნული ფორუმის“ ექვსკაციან შემადგენლობას პარლამენტში ხუთი პოლიტიკური თანამდებობა არ უნდა ეკავოს. ამასთანავე, როგორც საპარლამენტო კულუარებში ამბობენ, უმრავლესობის ლიდერები გუბაზ სანიკიძის იმ განცხადებითაც არიან განაწყენებულები, სადაც მან აღნიშნა, რომ მას ვიცე-სპიკერის პოსტის დაკავება კოალიციამ შესთავაზა და მას ზურაბ აბაშიძის პოსტი საკუთარი ნებით არ მოუთხოვია.
for.ge-სთან საუბარში მმართველი გუნდის ლიდერები აცხადებენ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვიცე-სპიკერის პოსტი თავად გუბაზ სანიკიძემ მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანიკიძის ნაცვლად, ვიცე-სპიკერის პოსტზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძის კანდიდატურა განიხილებოდა, რითაც ხელისუფლებას კიღურაძესა და განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს შორის არსებული დაპირისპირების განეიტრალება სურდა.
რაც შეეხება ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, for.ge-ს ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე „ქართული ოცნებიდან“ დასახელებული ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურა იქნება, ხოლო „რესპუბლიკური პარტიიდან“ თინა ხიდაშელის.
პოლიტსაბჭო მხარს ხიდაშელს დაუჭერს, თუ კვაჭანტირაძეს, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ ამ მოწვევის უწყებაში კვაჭანტირაძე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, ხიდაშელი კი, რიგითი დეპუტატი.
საკუთარ შანსებზე საუბარი თინა ხიდაშელს არ სურს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ყველაფერი პოლიტსაბჭოზე გაირკვევა. დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ უმრავლესობას ოთხივე კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ფავორიტები ეყოლება წარდგენილი.
„არასწორი იქნება, რომ პარლამენტს კონკურენციის რეჟიმი შევთავაზოთ და უმრავლესობაში ხმები გაიყოს. ვფიქრობ, რომ ერთიანი კანდიდატურების წარდგენა მოხდება“, - განაცხადა ხიდაშელმა, რომლის მსგავსად, საკადრო ცვლილებებზე საუბარი არ ისურვა უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ.
საგანელიძემ for.ge-ს განუცხადა, რომ გადაწყვეტილებებს პოლიტსაბჭო მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ოთხი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა გიორგი ცაგარეიშვილმა დატოვა, ევროინტერგაციის კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი ვიქტორ დოლიძემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე უარი კი, დავით ონოფირშვილმა თქვა. აღნიშნულმა დეპუტატებმა სოლიდარობა ზურაბ აბაშიძეს გამოუცხადეს, რომელიც უმრავლესობამ ვიცე-სპიკერის პოსტიდან გადააყენა და მის ნაცვლად, პოსტზე გუბაზ სანიკიძე აირჩიეს, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.