გუზაბ სანიკიძის ყბადაღებული მილიონის ყაზახური საიდუმლო

გუზაბ სანიკიძის ყბადაღებული მილიონის ყაზახური საიდუმლო

ნინოსთან მინდა!” - უშიშროების ყოფილი მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას ხუთსაათიანი საუბრის სკანდალური ჩანაწერის მეექვსე ნაწილი

ჩვენი პოლიტიკური მსოფლმხედველობა ცა და დედამიწასავითაა: მას რუსეთი მოსწონს, მე კი, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი სულხან-საბას, ილიას და სხვა დიდი ქართველების გზა, ანუ ევროატლანტიკური სივრცეა... ამ თემაზე, როგორც იტყვიან, მსუბუქად სხვა დროსაც გვიკამათია, მაგრამ ამჯერად საქმე ცოტა სხვანაირადაა. მოკლედ, ამბის ქრონოლოგია ასეთია: ამას წინათ, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკს, კონსტანტინე ფორჩხიძეს ერთ-ერთ ინტერვიუში ვკითხე, რომ პროამერიკელი ირაკლი ალასანიაგარკვეულმა ტიპებმაუშიშროების მორუსეთუმო მინისტრის მოადგილედ როგორ დანიშნეს-მეთქი. ფორჩხიძემ განმარტა, ამერიკელებს პრორუსული განწყობების განეიტრალება უნდოდათო... რამდენიმე დღის წინ, “ფეისბუქში” “წერილიმივიღე: “...გარკვეული ტიპი არ ვარ მე... კარგა ხანია, “გუუგლ”-ში არ ამიკრეფია ჩემი გვარი და შენ მცირეტირაჟიან, ერთი მოექსპერტო ელემენტის გაზეთს, აბა, სად წავიკითხავდი? ჩვეულებრივი ჟურნალისტური ეთიკაა, ჩემს ნამოქმედარზე - ირაკლი ალასანიას დანიშვნა - ჩემთვის გეკითხა. გაშვებულმა პოლკოვნიკმა მაგისი რა იცის? ისე, ვანიჩკა, მარტო შენ გაზეთს კი არ უნდა კითხულობდე... მაგრამ, თქვენ და თქვენნაირებს დასავლური ღირებულებები მხოლოდ თქვენსავე სასარგებლოდ გჭირდებათ და გახსენდებათ. მე ვიცი, რითია ირაკლის მიმართ თქვენი სიყვარული განპირობებული... კიდევ ბევრი რამ ვიცი, მოთხოვნის უფლებაც მაქვს და ვალდებულიც ხარ, საპასუხო, გამოსარკვევი ინტერვიუ ჩემთანაც ჩაწერო...” რა პრობლემაა-მეთქი, მივწერე და შეხვედრა დავთქვით... მაშ ასე, 2014 წლის 29 ნოემბერი, 12 საათი, “ქორთიარდ მარიოტი”... საუბარი 5 საათს გრძელდება... მწვანე ჩაის სენდვიჩი და ყავა ცვლის... საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი მეუბნება, რომგარდასულ დღეებზეასე დეტალურად არასოდეს არავისთან ულაპარაკია. ეს, პრაქტიკულად, გენერალ ვალერი ხაბურძანიას მემუარებია, თუმცა საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, ექსჩინოსანი გულწრფელია თუ არა (სხვათა შორის, ხაბურძანია მოგონებების სარკასტულად დაწერას თავადაც აპირებს. ისე, თანამოსაუბრისთვის სარკაზმი არც მე დამიკლია!)... და კიდევ ერთი: შეიძლება, ვინმემ იკითხოს, “ქართული სიტყვა”, რომლის სარედაქციო პოლიტიკაც მკვეთრად პროდასავლურია, რუსეთისმოყვარულ ხაბურძანიას ტრიბუნას რატომ უთმობსო. პასუხი მარტივია: ჩვენ დემოკრატები ვართ! აი, სწორედ ესაა დასავლეთის ყველაზე დიდი ხიბლი! მაშ ასე, ვიწყებთ!

ბოლო, ანუ ¹6 სტენოგრაფიული ჩანაწერი

 

გემახსოვრებათ: ერთი კვირის წინ, უშიშროების ყოფილი მინისტრის ხუთსაათიანი საუბრის სტენოგრამა ერთ საინტერესო ადგილას გაწყდა, ანუ ვალერი ხაბურძანია 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე გავრცელებულ გუზაბ სანიკიძის ფარულ ჩანაწერზე საუბრობდა, სადაც მისი ხმაც ისმის. ამასთან, ჩანაწერში სანიკიძე ამბობს, რომ მილიონი უნდა იშოვოს...

 

- ბატონო ვალერი, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე თქვენი და სანიკიძის ჩანაწერიც მოვისმინეთ...

- ეს სატელეფონო საუბარი კი არა, სახლშია ჩაწერილი...

- ამას რა მნიშვნელობა აქვს?

- არაფერი, უბრალოდ, გითხარი, რადგან ყველას ჰგონია, რომ სატელეფონო საუბარია...

- აღიარეთ: იმ მილიონიდან, რომელიც სანიკიძეს უნდა ეშოვა, რამდენი გერგოთ?

- ჯერ ერთი, ამ ლაპარაკს არ ვესწრებოდი...

- ვიცი, მაგრამ თუ მეგობარმა მილიონი იშოვა, რაღაცას მოგცემდათ...

- ეს აბსოლუტური სისულელეა!

- რატომ?

- კაცი, რომელსაც იმ ჩანაწერში გუბაზი ელაპარაკება, ჩვენი მეგობარია, რომელსაც ცოლად ყაზახეთის ნავთობის მაგნატის ქალიშვილი ჰყავს. ამ კაცს ნავთობი საქართველოს გავლით უნდა გადაეზიდა. გუბაზმა, რომელსაც თავისი დეპუტატობა არასოდეს არაფერში გამოუყენებია და იმის მეტი არაფერი აქვს, რაც ლევან სანიკიძემ დაუტოვა, მეგობართან რაღაც თქვა. რა, შენ, მაცივართან, არაფერზე გილაპარაკია?

- იყო დრო, მაცივართან ერთობ ვმეგობრობდი, მაგრამ ახლაგემრიელობებსვერიდები, თან ყაზახი მეგობრის ამბავი პირველად მესმის - ამაზე გუბაზ სანიკიძეს მინიშნებაც არ გაუკეთებია...

- სანიკიძეს მინიშნება იმიტომ არ გაუკეთებია, რომ ეს ჩანაწერი ფალსიფიცირებულია, თორემ განუწყვეტლივ უსმენდნენ და იცი, როგორ?

- როგორ?

- “ნაციონალებმა” ამერიკელებს ვირუსი მოსთხოვეს, რომელიც ვითომ რუსი ხაკერების წინააღმდეგ უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ ერთი 15 წლის ბიჭი ჰყავდათ, ხაკერი, რომელსაც ეს ვირუსი გაადაკეთებინეს და ყველა მოწინააღმდეგის კომპიუტერში უშვებდნენ, მათ შორის, ოქრუაშვილის კომპიუტერშიც ჰქონდათ შეშვებული, ირაკლი ალასანიასაც ასე უსმენდნენ...

- თქვენც გისმენდნენ?

- აქ არ ვიყავი და სად მომისმენდნენ?

- ვირუსისთვის მოსასმენი ობიექტის ადგილმდებარეობას რა მნიშვნელობა აქვს?

- მოსკოვში ვერ შემოაღწევდნენ, თან გამორიცხულია - მაგენი ჩემი სამსახურის კომპიუტერს ვერ გაიგებდნენ.

- ალბათ, არ მოინდომეს, თორემ გაიგებდნენ კი არა, მეტსაც იზამდნენ!

- ხომ გითხარი, რომ მოსკოვში, უსაფრთხოების სამსახურში ვმუშაობდი? ჰოდა, დაცული სისტემა გვქონდა და როგორ მომისმენდნენ?!

- ...ბატონო ვალერი, მიშასა და პუტინის შეხვედრისას, პუტინმა, ბოლოს და ბოლოს, გახსენათ?

- პატრუშევს ვკითხე, მიშა გაბრაზებული ჩამოვიდა და პუტინმა ჩემი ხსენებით მართლა ასე შეაწუხა-მეთქი?

- მერე, რაო, რა გიპასუხათ?

- მან ასე თქვაო? კი-მეთქი. ცუდად იწყებსო. აბა, როგორ იყო იყო-მეთქი. საუზმეზე, მეც იქ ვიყავი, პუტინმა სიტყვა სპეცსამსახურზე ჩამოაგდო და თქვა, ჩვენი სპეცსამსახურების ურთიერთთანამშრომლობით ძალიან კმაყოფილი ვარ. თქვენთან იყო მინისტრიო... მართალია, პუტინმა ჩემი გვარი იცის, მაგრამ როგორც პატრუშევმა მითხრა, მას მიუბრუნდა და ჰკითხა, რა გვარიაო. ხაბურძანიაო, - მიუგო პატრუშევმა. დიახ, დიახ, ხაბურძანიაო, - გაიმეორა პუტინმა, - მასთან ურთიერთთანამშრომლობის დონით კმაყოფილნი ვიყავითო და მორჩა, ამის მეტი არაფერი თქმულა, მაგრამ ამათ ხომ მიზეზი უნდოდათ.

მოკლედ, მოვიდა ოქრუაშვილი და მეუბნება, მიშა ძალიან გაბრაზებულია და ძლივს მოვახერხე, რომ ჩემთან წამოხვიდეო.

- თუკი პუტინმა მხოლოდ ერთხელ გახსენათ, “ნაციონალებსსიტუაციის გამძაფრება რატომ დასჭირდათ?

- რა ვიცი, ვანო, ასეთი მოთამაშეები იყვნენ... ბიჭო, ქვეყნის სათავეში არსაიდან მოვიდნენ და ომობანას, სახელმწიფოებრობანას თამაშობდნენ.

- ასეა თუ ისე, ოქრუაშვილი, რომელსაც იმხანად დიდი გავლენა ჰქონდა, გმფარველობდათ, მაგრამ გენპროკურორის მოადგილეობიდან რატომღა გამოგიშვეს?

- როცა გენპროკურორად ადეიშვილი დაინიშნა, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც შს მინისტრი გახდა და რომელსაც მეგობრად ვთვლიდი, ყველა ლოგიკით, მოადგილედ უნდა წავეყვანე, მაგრამ ადეიშვილი რომ წარადგინეს, ოქრუაშვილმა თავი დაადო, შევარდა ლიფტში და დამტოვეს ასე ხახამშრალი. ადეიშვილი კი, ბავშვობიდან ვერ მიტანდა.

- აბა, რას მეუბნებით? - ადეიშვილმა ბავშვობა კახეთში გაატარა, თქვენ კი, - იმერეთში და, რა, თქვენდამი ტელეპატიური სიძულვილი ჰქონდა?

- გეტყვი, როდიდან ვერ მიტანდა.

- გისმენთ...

- მოსამართლის გამოცდები მაქვს ჩაბარებული და, უშიშროების საბჭოში დიდხანს რომ დავრჩი, ნუგზარ საჯაიამ მითხრა, შენთვის რაღაც მიმართულებები ვერ გამოიძებნა და მოდი, სასამართლოში წადიო - საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეობაზე იყო ლაპარაკი. ყველაფერი შევარდნაძესთან იყო შეთანხმებული, მაგრამ მასთან სააკაშვილი მივიდა და უთხრა, თუ ხაბურძანიას საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნავთ, გადავდგები და ამას დიდი სკანდალი მოჰყვებაო.

- ამ დროს მიშა იუსტიციის მინისტრი იყო?

- დიახ. შევარდნაძეს უკითხავს, ხაბურძანიას წინააღმდეგი რატომ ხარო. მიშას უპასუხია, წინააღმდეგი ვარ, რომ სასამართლო ხელისუფლებაში საჯაია ჩაერიოსო.

- თუკი გამოსამართლეობა მიშამ ჩაგიშალათ, ადეიშვილს რას ერჩით?

- ამ დროს ადეიშვილი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ თავისი კაცის დანიშვნა უნდოდა, დანიშნა კიდეც - ვინმე გოგიაშვილი და საქალაქო სასამართლო მთლიანად ხელშიც ჩაიგდეს.

- ოქრუაშვილისთვის არ გიკითხავთ, რატომ მიგატოვათ?

- კი.

- და რა გიპასუხათ?

- ვანიჩკა, იცი, ოქრუაშვილი როგორი კაციცაა და, ვალერი, ჩემი ბრძოლები მქონდაო.

- თქვენი არ იყოს, ოქრუაშვილზეც ამბობენ, რუსული ბეგრაუნდი აქვსო.

- კარგი, ახლა?! ოქრუაშვილს რა რუსული ბეგრაუნდი უნდა ჰქონდეს, მოსკოვში, პირველად, მგონი, მე წავიყვანე - რუსეთის გენპროკურორს, უსტინოვს შევახვედრე და ჭიჭიაშვილი წამოვიყვანეთ. სხვათა შორის, რუსეთის მაშინდელი გენპროკურორი ჩვენზე ძალიან გაბრაზებული იყო და შეხვედრა არ უნდოდა.

- უიმე, ვერ დავიჯერებ, რომ რუსი ჩინოვნიკი გააბრაზეთ!..

- ხომ გახსოვს, აქ ჩეჩნები რომ დაიჭირეს? ჰოდა, რუსეთისთვის ისინი უნდა გადაეცათ, უსტინოვი თვითონ ჩამოფრიდა, მაგრამ აეროპორტში აცდევინეს - გაბრიჭიძე არ დახვდა, სამი-ოთხი საათი მშიერ-მწყურვალი იყო. ჯერ უთხრეს, სასამართლოს გარეშე ჩეჩნებს ვერ გაგატანთო, მერე კი, - სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ გამოიტანსო და გაბრაზებული უკან გაფრინდა.

ჰოდა, მე და ირაკლი ჩავედით მოსკოვში, პატრუშევი უსტინოვს ურეკავს, საქართველოს ახალი გენპროკურორი უნდა გაგაცნოო. არა, მაგათზე გაბრაზებული ვარო, მაგრამ პატრუშევმა მაინც მოიყვანა და ირაკლი ოქრუაშვილი გავაცანით.

- ...მოსკოვში ბინა გაქვთ?

- კი, ერთოთახიანი...

- იყიდეთ?

- დიახ, მეგობრები დამეხმარნენ. ჩემი ებრაელი მეგობრები დიდი ფულის პატრონები არიან და მათთვის ჩემი დახმარება პრობლემას არ წარმოადგენს...

- ...რა მიზანი გაქვთ?

- მოიცა, ხომ არაფერი გამომრჩა?.. პუტინის საკითხი გავარკვიეთ...

- ის არ გაგვირკვევია, “ნაციონალებიდაჭერას რატომ გიპირებდნენ...

- ჰო, რატომ მიჭერდნენ, არა?.. ვანოს ჰქონდა ჩემი ჯინი...

- მგონია, რომ ნარჩემაშვილი, მოლაშვილი და, საერთოდ, .. საჯაიას ბიჭები თქვენზე ნაწყენები არიან...

- ერთმა ღიად ლანძღვა დამიწყო, არადა, მისგან სალანძღავი ნამდვილად არ ვარ.

- რომელმა?

- მოლაშვილმა...

- ხომ მითხარით, რომ მერაბიშვილი მოლაშვილის ადგილს გთავაზობდათ. ჰოდა, აბა, მოლაშვილის ადგილას თქვენი თავი წარმოიდგინეთ...

 

მცირე არალირიკული გადახვევა

ვერ გეტყვით, უშიშროების ყოფილმა მინისტრმა თავი კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის ადგილას წარმოიდგინა თუ არა, რადგან საუბარი სხვა კალაპოტში გადავიდა და ხაბურძანიამ ორ მეგრელ დიაცზე ანეგდოტი მიამბო. საერთოდ, გენერალს ანეგდოტები ძალიან უყვარს და ამას ისიც ადასტურებს, რომ ორიოდ დღის წინ, ჩემი ერთ-ერთიფეისბუქსტატუსი”, რომელიც პარიზის ტერაქტს ეხებოდა, ერთობ უხამსი ანეგდოტის პერიფრაზით დააკომენტარა. მივწერე, მე უფრო დახვეწილ იუმორთან მაქვს შეხება და, ერთი ვიცოდე, ასეთ ანეგდოტებს ვინ გასწავლით-მეთქი. შევყევით-შევყევით და, ხაბურძანიამაღიარა”, სად იყო შარლი, მე რომ საბჭოეთში გაკეთებულ პორნოკარტებს ვათვალიერებდიო...

სტეოგრაფიული ჩანაწერის ბოლო ნაწილის გაშიფვრა რომ დავიწყე, გამახსენდა, პირველ ნაწილში მინისტრყოფილი ამბობდა, საქართველოში რამდენიმე ყველაზე ცნობილ ჰომოსექსუალთან მქონდა ურთიერთობაო. ჰოდა, “ფეისბუქზემივწერე:

- ამ ხალხთან საქმიანი ურთიერთობა გქონდათ და მათი ორიენტაციის შესახებ როგორ შეიტყვეთ, ან ამ თემას რატომ შეეხეთ?

- საუბარი ქსენოფობიურად წოდებულ საკითხებზე იყო, იქვე მივამატე ჰომოფობია და აღვნიშნე, რომ რამდენიმე ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანთან მქონდა ჩემი საქმიანობის გამო, ან ჩვეულებრივი, ადამიანური (არა ინტიმური, სხვანაირად რომ არ „თარგმნონ“) შეხება. ყველაფერი ეს საუბარმა მოიტანა და თუ ხაზგასმად ჩათვალე, იმიტომაც დამჭირდა, რომ არა დასავლური პოლიტიკური ორიენტაცია, ყველას ჰომოფობია ქსენოფობიასთან იდენტური ჰგონია.

რაც შეეხება შეტყობას, პირველი, ამის წყარო საზოგადოებაში ხანგრძლივად მოარული და ფაქტიური გარემოებების შემცველი ხმებია, მეორე, ჩემი სამსახური - მახსოვს, მინისტრი რომ გავხდი, უშიშროების ერთმა საშუალო რანგის თანამშრომელმა ოპერატიული დამუშავების ფარგლებში მოპოვებული მასალები მომიტანა, რომელიც ერთ-ერთ მაღალ ჩინოვნიკთან დაკავშირებულ მასალებს შეიცავდა მისი ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ. მასალებს გავეცანი და რადგან მათში სექსუალურ ორიენტაციაზე იყო მთავარი მომენტი და ჩემი საქმიანობისთვის საყურადღებოს არაფერს შეიცავდა, დიდი ინტერესი არ გამომიხატავს. ამ ტიპის ინფორმაციები სხვებზეც შემოდიოდა, მაგრამ ის არ იყო სამსახურებრივად აქტუალური და კანონით დადგენილი წესით ნადგურდებოდა..

- პორნოკარტებით მართლა ერთობოდით?

- საბჭოთა პორნოკარტებზე, „შარლი ებდო“-სთან დაკავშირებულ პოსტზე ვიხუმრე, რადგან პროსტიტუციისა და გარყვნილების ტირაჟირება იმ დღეებში “ფეისბუქში” „პროდვინუტობად“ ჩანდა და მეც დავწერე, სად იყო შარლი, მე რომ პორნოკარტებს ვათვალიერებდი-თქო და ამას აკეთებდა ჯანმრთელ მოზარდთა უდიდესი ნაწილი მაშინდელ საბჭოთა კავშირში.

- მდაა... მოკლედ, ბატონო ვალერი, საერთო ჯამში, მხიარულიმასტიხართ, მაგრამ...

- რუსეთი არ მოგწონს, ხო?

- დიახ, ამ ოკუპანტი რუსეთის სიყვარული შავ შარავანდედად გადგათ!

- ამ თემაზე დიდხანს უნდა ვისაუბროთ...

- ხუთი საათია ვსაუბრობთ და ამაზე დიდხანს რაღაა?

- არ მინდა, გმირის მანტია მოვისხა, მაგრამ საქართველოში სასწრაფოდ ჩამოვედი და რუსული სეგმენტი შევავსე, რადგან ის ავანტიურისტებს არ დაეჭირათ!

- ისე, არც ადრე და არც ახლა მიშამეხუთე კოლონასარ გიწოდებთ. ნეტავ, რატომ?

- მე არავინ მახსენებს.

- ალბათ, იმიტომ, რომ მიშასთან ხართ. იმასაც ამბობენ, ხაბურძანიას კავშირი ბურჯანაძესთანაც აქვსო...

- არ მაქვს, მაგრამ მინდა და აი, ვუთვლი ქალბატონ ნინოს, მაგრამ იმის შიში აქვს, რუსულს მომაწებებენო.

- რაღა მიწებება უნდა, არ არის თუ რაშია საქმე?! ისე, გასაგებია, თქვენც, ბურჯანაძეც და სხვა რუსეთუმეებიც ირაკლი ალასანიაზე გულმოსულები რატომაც ხართ.

- რატომ?

- აგიხსნით: როცა ირაკლიმ გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლის პოსტი დატოვა და ოპოზიციაში წავიდა...

- (მაწყვეტინებს) ალასანია არსად წასულა და ყოველთვის აშშ-სთანაა!

- ძალიანაც კარგი! ჰოდა, თვლით, რომ ალასანიას ხელისუფლებაში მოსვლის აბსოლუტური შანსი აქვს და ამას განიცდით...

- ეს შენი ვერსიაა, რომელშიც ლოგიკა არის... ალასანიამ გზა სად ჩამიკეტა?

- პოლიტიკაში!

- ალასანია გზას როგორ ჩამიკეტავს? თუ, კანონის საფუძველზე, საკმარისი ფინანსური რესურსის აკუმულირება მოვახერხე, რუსულ სეგმენტს...

- უკაცრავად, ფულს ვისგან ელოდებით?

- ქართული დიასპორა...

- ხუბუტია და ასე შემდეგ?

- ხუბუტია ფულს ვერ მომცემს, რადგან საქართველოს მოქალაქე არაა.

- ესე იგი, 2016 წელს არჩევნებში მონაწილეობას აპირებთ?

- ამის სურვილი მაქვს, მაგრამ შანსი სულ უფრო იკლებს, თუ ნინო, კუკავა, ირინა და მე არ გავერთიანდებით... საერთოდ, ჩვენ თბილისის ელექტორატზე არ ვთამაშობთ...

- ეჰ, ბატონო ვალერი, რეგიონების იმედზეც არ უნდა იყოთ, რადგან ეს თქვენი რუსეთი აღარავის უნდა, რასაც რამდენიმე წლის წინ ჩატარებული რეფერენდუმიც მოწმობს!

- რეფერენდუმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ხმა 70 პროცენტმა მისცა.

- 70 შთამბეჭდავი ციფრია!

- მოიცა, ახლა, მაშინ რეფერენდუმში მონაწილეობა, ჰა-ჰა, მოსახლეობის 55 პროცენტმა მიიღო და აქედან 70 პროცენტმა, მოდური განწყობის გამო...

- ახლა, მთლად ბურჯანაძესავით ნუ მელაპარაკებით!

- იცი, ნატო რა არის?

- მე კი ვიცი, მაგრამ თქვენ იცით?

- ნატო-ს წევრობა სტრატეგიული პარტნიორობაა!.. საქართველო თავის ადგილს ვერც ერთ სამრეწველო და სამეურნეო სივრცეში ვერ ნახავს.

- გეგონოთ!

- რატომ მეგონოს? აი, თუ გინდა, მე, შენ და სულიკო პავლიაშვილი, რომელიც მაგარი ეკონომისტია, დავსხდეთ და ვიმსჯელოთ...

- სულიკო უმაგრესი ეკონომისტი რომაა, ამიტომაც, საქართველოს ევროპულ ბაზარზე გასვლის მომხრეა...

- ამას მოდის გამო ამბობს...

- მოდა რა შუაშია! ადამიანმა ზუსტად იცის, ქვეყანას რა გადაარჩენს!

- ჩემს ამერიკულ ამბავს გიყვებოდი და ვეღარ დავამთავრე...

- ესე იგი, მგონია, რომ თავს ორმაგი გავლენისტიპადასაღებთ...

- ჰო, ორმაგი ვარ!

მოკლედ, საჯაია ჰონკონგიდან რომ დაბრუნდა, უშიშროების საბჭოში ახალი გადასული ვარ და მეუბნება, ვალერი, ანტიკორუფციული კანონი უნდა დავწეროთო. კანონის დაწერაში მაია მწარიაშვილიც მომეხმარა.

- ეს ის მაიაა, “ოცნებამერთხანობას თბილისის პროკურორად რომ გაამწესა?

- დიახ... ამ კანონპროექტის ჩუმი განხილვა შევარდნაძესთან მოეწყო, რომელსაც საჯაია, მაია და მე ვესწრებოდით. მერე, საჯაიამ მითხრა, შევარდნაძესთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჰონკონგში გაგიშვათო. ეს 10-დღიანი ვიზიტი მთლიანად ამერიკელებმა დააფინანსეს. იქიდან რომ დავბრუნდი, კანონპროექტი გავაშალაშინეთ. მინისტრებმა მთავრობის სხდომაზე კანონპროექტს ვიზირება ნაძალადევად მისცეს და, ასე იყო თუ ისე, კანონპროექტი პარლამენტში გაიგზავნა. ამ დროს იუსტიციის მინისტრი თედო ნინიძეა, პარლამენტის თავმჯდომარე - ზურა ჟვანია, უმრავლესობის ლიდერი კი, - მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გამოვიდა და თავზე მხოლოდ კანონპროექტს კი არა, თედოსაც “დაახურა”, “მოქალაქეთა” კავშირი კორუფციასთან ბრძოლის მეტს არაფერს ვაკეთებთ და კორუფცია სად არის. დამატებითი სამსახურის შექმნა საჭირო არაა, რესურსს შიგნით მოვნახავთ, რომ ის მცირე კორუფციაც, რომელიც დარჩენილია, აღმოვფხვრათო. დასცხეს ტაში და კანონპროექტი ჩააგდეს. ამერიკელები გამოშტერდნენ...

ჰონკონგიდან რომ დავბრუნდი, ამერიკელებმა პიტერ სპრანგი გამოაგზავნეს და, მასთან ერთად, ორი თვე ვმუშაობდით - ჩემი დამტვრეული ინგლისურით რაღაცას ვახერხებდი, მაგრამ საკანონმდებლო ენა მაინც სხვაა და თარჯიმანი გვყავდა... ამის შემდეგ, სპრანგმა სამხრეთ აფრიკაში კონფერენციაზე დამპატიჟა... წლების შემდეგ, მგონი, უკვე მინისტრი ვიყავი, ამ კაცს აშშ-ში შემთხვევით შევხვდი და ვუთხარი, ის საქმე არ გამოვიდა, მაგრამ აგერ, მინისტრი გავხდი-მეთქი. ასე რომ, ამერიკელები მიცნობდნენ!

 

ბოლო არალირიკული გადახვევა

ვალერი ხაბურძანია აცხადებს, რომ თავის დროზე ამერიკელები ირაკლი ალასანიას ავთო იოსელიანის შემცვლელად, ანუ დაზვერვის შეფად ამზადებდნენ, თუმცა ალასანიას ურჩია, დაზვერვა მკვდარი სამსახურია, მაგას ცოცხალი სამსახური სჯობია და ჩემს მოადგილედ წამოდიო... ხაბურძანიას თქმითვე, მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, პრეზიდენტი ალასანიას მინისტრის, ანუ ხაბურძანიას გარეშე შეხვდა. ეს არ მესიამოვნაო, - აღიარებს გენერალი და იმის თქმაც არ ავიწყდება, რომ 2002 წელს ჟურნალისტებმაყველაზე სასურველ მინისტრადდაასახელეს. ხაბურძანია თავს იმითაც იწონებს, რომ ჟურნალისტებისთვის სამინისტრო გახსნა.

- რა გახსნა უნდოდა? აბა, რომელიმე მაშინდელ მინისტრს გაებედა და არ შემხვედროდა.

- შენ ამ მხრივ პრივილეგირებული ჟურნალისტი იყავი - ინტერვიუებს მხოლოდ შენ გაძლევდნენ...

- ...ბატონო ვალერი, მოსკოვში, კახა თარგამაძესთან ურთიერთობთ?

- არა.

- რატომ?

- საერთო წრე არ გვაქვს. ისე, ერთი კი მინდოდა შეხვედრა, მითხრეს, გლანძღავს და იძახის, ამერიკელების კაციაო. საერთოდ, მოსკოვში ყველა ამბობს, რომ ამერიკელების ვარ.

- ...თბილისში რა მიზნით ჩამოხვედით?

- ხომ გითხარი, რომ ევტუშენკოვი დაიჭირეს და ჩვენი სამსახური დაიშალა. მეგობრებთან მისვლა და თხოვნა, სამსახური მიშოვეთ-მეთქი, მერიდება. ამიტომ, მინდა, ბიზნეს-უსაფრთხოების კუთხით დამოუკიდებლად ვიმუშაო და ქართველებს მივეხმარო, რომ არავინ “გადააგდოს” და მოატყუოს...

- ლირიკულ და არალირიკულ გადახვევებზე რა შენიშვნები გაქვთ?

- შენიშვნა რამდენიმეა, მაგრამ ერთში გავაერთიანებ: ეს ის წინასიტყვაობაა, რაც ინტერვიუს ნაწილებს ახლავს, სადაც დასავლეთუმეებისადმი ერთგვარი ხარკის მოხდა და თავის მართლება დავინახე, ამ რუსეთისმოყვარულთან ინტერვიუ რა საინტერესო და ყურადღების ღირსია, მაგრამ ეს დემოკრატიისათვის ხარკის გადახდააო.

რაც შეეხება ჩემს რუსეთისმოყვარულობას, მე ჩემი ოჯახი და სამშობლო მიყვარს, რუსეთს კი, რეალურად აღვიქვამ და ჩემი სამშობლოსთვის სასარგებლოს ამოღებას ვცდილობ. დასავლურმა გზამ ლამის მეოთხედი საუკუნეა, დადებითი ვერაფერი და, მეტადრე, უარყოფითი მოიტანა. თუ მკითხავთ, უარყოფითი რააო, გეტყვით: თუნდაც ის და მთავარი, რომ სასარგებლო და პოზიტიური ვერაფერი მოგვცა და განვითარებაში „მოგვაცდინა“. რაც შეეხება ცა და დედამიწას თქვენი კომენტარიდან, დედამიწა უარყოფითი ობიექტია და ცა - დადებითი (მესმის, რომ ეს ხატოვანი გამოთქმაა). თქვენი აზრით, სულხან-საბას (ესეც საკამათოა) და ილია ჭავჭავაძის გზა ევროატლანტიკური იყო, რა ვიცი, ატლანტიკა და, მით უმეტეს, ევრო ილიას არსად უხსენებია და დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი თქვენს მიერ მითითებულ შესაბამის წყაროებს, თან ილია ჭავჭავაძე და ნატო-ევროკავშირი სახელდება-ტერმინოლოგიურად დააკავშირო, მინიმუმ, დროის მანქანა უნდა გქონდეს, ევროპაში მაშინ ერთიანობის სიოც არ ჰქროდა და იყო საფრანგეთი და გერმანია, ისიც კი არ იყო.

ისე, არიან ადამიანთა ჯგუფები, რომელთაც, უბრალოდ, ვეზიზღები არცოდნის, მათი სიბრიყვის ან, უბრალოდ, მათი გულღრძოობის გამო, მათთან რაც ვიყავ, იგივე დავრჩი. არის ადამიანთა წრე, რომელსაც მოვწონვარ გულუბრყვილოდ ან შეგნებით, მასთანაც იგივეობას ვინარჩუნებ. რაც შეეხება მასას, რომელიც ირწევა “ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა”, აქედან ზოგიც მომემატა, ზოგიც კი - მოწინააღმდეგეთა რაზმს შეუერთდა. ამის სტატისტიკის გაკეთება შეიძლება და რაღაც ეტაპზე გავაკეთებ.

მოკლედ, გასრულდა ესე სტენოგრამა ჩემი და უშიშროების ყოფილი მინისტრის ხუთსაათიანი საუბრისა. თქვენი საქმეა, რას ფიქრობთ... ჩემი მხრიდან კი, ერთს ვიტყვი: ვალერი ხაბურძანიასთან ხუთსაათიანი საუბრის სტენოგრამა იმიტომ არ გამომიქვეყნებია, რომ დემოკრატიის წინაშე ხარკი მომეხადა. თავისუფლების, ესე იგი, დემოკრატიის მთელი ხიბლი ისაა, რომ ხარკსა თუ ვასლობას არ სცნობს!

P.S.ქართული სიტყვისშემდეგ ნომერში ილია ჭავჭავაძის ის წერილი გამოქვეყნდება, სადაც დასავლეთისა და საქართველოს გადაუდებელ ურთიერთობაზეა ლაპარაკი, მაგრამ ამ დროს ბატონი ვალერი უკვე მოსკოვში იქნება, თუმცა არა უშავს - ილიას ამ წერილსფეისბუქზეჩავუგდებ”, ან ელექტრონული ფოსტით გავუგზავნი!