საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აღდგომის აღნიშვნის ზოგიერთი განსხვავებული ადათ-წესი დღემდეა შემორჩენილი.
ხევის სოფლებში აღდგომის აღნიშვნის სხვადასხვანაირი ტრადიცია არსებობდა. სოფელ სნოში ამ დღეს ახალგაზრდა ვაჟთა მშვილდ-ისრებიანი ჯგუფი იკრიბებოდა, რომელსაც სოფლისთვის პატივსაცემი უფროსი ასაკის მამაკაცი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი მთელ სოფელს მოივლიდა, ყოველ მცხოვრებს შინ ეწვეოდა. ჭიშკართან ჯგუფის უფროსი დაიძახებდა - „ქრისტე აღსდგა!" შემდეგ ახალგაზრდები ერთდროულად უპასუხებდნენ - „ჭეშმარიტად!" ოჯახის დიასახლისი გამოეგებებოდა სტუმრებს და შესაწირი გამოჰქონდა - სააღდგომო კვერცხები, რომლებსაც ეზოს შუაგულში აწყობდნენ, თან ხმამაღლა იძახდნენ რომელ კვერცხს რომელი ოჯახის წევრის სახელზე დებდნენ. მწკრივში დალაგებულ კვერცხებს ახალგაზრდები რიგ-რიგობით ესროდნენ ისრებს, მანამ, სანამ ყველა კვერცხს არ მოარტყამდნენ. ბედნიერად ითვლებოდა ის, ვის სახელზე დადებული კვერცხიც პირველი გატყდებოდა.
ხშირად სოფლის მცხოვრებნი კვერცხთან ერთად სხვადასხვა საკვებს და ფულს სწირავდნენ. აღდგომის დღეს მოხევეები თვით ახლად დაკრძალულ მიცვალებულსაც არ მოიხსენიებდნენ, მიცვალებულებისთვის სპეციალურად დღესასწაულის მეორე დღეს ღებავდნენ კვერცხს. ბრწყინვალე აღდგომის აღნიშვნის ტრადიციები გარკვეული სახეცვლილებით ხევში დღემდე არსებობს.
სამხრეთ საქართველოში სააღდგომო პურობის აუცილებელი ატრიბუტი იყო სპეციალურად შემონახული მშრალად მოხარშული ღორის ბარკალი, წითელი კვერცხები, ქადა, შოთი, ყველი, მწნილეულობა, სხვადასხვა ჩირი და ღვინო-არაყი.
გურიაში ყოველ წელს სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით იმართება ლელო-ბურთი. ამ დღისთვის სპეციალურად ამზადებენ სასმელს, რომელიც აგუნას წარმართულ რიტუალს უკავშირდება და ქრისტიანულ ტრადიციებთან იყო შერწყმული. სასმელის შემადგენლობაში შედიოდა თაფლი, ღვინო და ბროწეულის წვენი. აღნიშნული პროდუქტები ადამიანის ორგანიზმზე მატონიზირებელ მოქმედებას ახდენს და ლელობურთის მოთამაშეებს სიმხნევეს მატებდა.
იმერეთში ღამე ეკლესიის ზარების რეკვასთან ერთად ბუკის ძახილიც სცოდნიათ, მამლის პირველ ყივილზე ეს ხმა ხალხს წირვაზე დასასწრებად უხმობდა. ამბობენ, რომ მესამე ყივილზე მრევლი უკვე ტაძარში მიდიოდა.
სამეგრელოში სააღდგომო წირვა შუაღამით იწყებოდა. ტაძარი ხალხით ივსებოდა და ყველგან უამრავი სანთელი ენთო. ბოლოს „ქრისტე აღსდგას" გალობით ყველა შინ ბრუნდებოდა. ყველიანი და კვერცხიანი პურის კვერები და შემწვარი გოჭი მეგრული სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი იყო.
კახეთში აცხობდნენ ქადებს, ნაზუქებს, კლავდნენ საკლავს და ეპატიჟებოდნენ სტუმრებს. კახურ სუფრას, რა თქმა უნდა, ამშვენებდა კარგი წითელი ღვინო. ამ კუთხეში დღემდე შემორჩენილია რწმენა, რომ ვინც წითელ პარასკევს ჩურჩხელას შეჭამს, მთელი წლის განმავლობაში ქვეწარმავლებისგან საფრთხე არ დაემუქრება.