სამცხე-ჯავახეთი: ცხელი წერტილი ყირიმის შემდეგ? (VIDEO)

სამცხე-ჯავახეთი: ცხელი წერტილი ყირიმის შემდეგ? (VIDEO)

"რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია თბილისს აშფოთებს", - ამ სათაურით ავრცელებს რეპორტაჟს ჯავახეთიდან ტელეკომპანია "ალ ჯაზირა". 
როგორც რეპორტაჟის ავტორი რობინ ფორესტერ-უოკერი აღნიშნავს, საქართველოში ზოგიერთი ფიქრობს, რომ ყირიმის შემდეგ ცხელი წერტილი შესაძლოა სამცხე-ჯავახეთი გახდეს. ავტორისვე თქმით, ასეთი აზრი იმიტომ მუსირებს, რომ რეგიონში ბევრი ეთნიკურად სომეხი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა ქართულად არ ლაპარაკობს. 
"აქაურები თავს საქართველოდან მოწყვეტილად გრძნობენ. ყოველთვის საჭიროა ადამიანების მოტივირება. აქაურებს უნდათ ქართულის შესწავლა და უფრო მეტად ინტეგრირება", - ციტირებს რეპორტაჟის ავტორი ვაჰაგან ჩახალიანის კომენტარს. 
რობინ ფორესტერ-უოკერი ასევე ციტირებს სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ საქართველო მისი სამშობლოა. 
"აქ დაიბადნენ მამაჩემი, ბაბუაჩემი, ჩემი შვილი. ასე რომ, ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ", - აცხადებს ჯავახეთში მცხოვრები ვრამ კარაპეტიანი. 
როგორც "ალ ჯაზირას" ჟურნალისტი აღნიშნავს, აფხაზეთისა და 2008 წელს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შემდეგ, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების 20%-ს აკონტროლებს. 
"სომხეთი - რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი და ასევე რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსების ადგილი, სამხრეთით მდებარეობს. ზოგიერთი შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა მოახდინოს დესტაბილიზაცია ჯავახეთში და საქართველოს შუაზე გახლეჩა", - აღნიშნავს რეპორტაჟის ავტორი. 
ამასთან, რობინ ფორესტერ-უოკერის თქმით, საქართველოში ბევრი წუხს იმის თაობაზე, რომ მოსკოვი ძირს გამოუთხრის საქართველოს ნატო-ს წევრობისკენ სწრაფვას. 
რეპორტაჟის ავტორი ასევე ციტირებს პოლიტიკური ანალიტიკოსის მარინა ელბაქიძის კომენტარს, რომელიც "ალ ჯაზირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთთან პოლიტიკური კრიზისის გამო, ხალხმა ჯავახეთში დესტაბილიზაციაზე დაიწყო საუბარი. თუმცა, ეს არ არის დაფუძნებული კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებზე. 
"მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მოვლენებს შორსმავალი და არაპროგნოზირებადი შედეგები აქვს, ქართველებს უფრო მეტის გაკეთება სჭირდებათ თავიანთი ქვეყნის ერთიანობის შესანარჩუნებლად", - აღნიშნავს "ალ ჯაზირას" ჟურნალისტი.