ნიუ-იორკის პოლიციამ ემანუელ მაკრონის ავტომობილი გააჩერა, რათა დონალდ ტრამპის ავტოკოლონას გაევლო - ის საფრანგეთის საელჩომდე ფეხით მივიდა

ნიუ-იორკის პოლიციამ ემანუელ მაკრონის ავტომობილი გააჩერა, რათა დონალდ ტრამპის ავტოკოლონას გაევლო - ის საფრანგეთის საელჩომდე ფეხით მივიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, გაეროს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ამერიკელმა პოლიციამ ქუჩაში გააჩერა, რადგან ნიუ-იორკში დონალდ ტრამპის ავტოკოლონას გაევლო. ინფორმაციას bfmtv-ი კადრებთან ერთად ავრცელებს. 

პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც დონალდ ტრამპის ავტოკოლონას გამო გზები გადაკეტეს, შეცდომით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მანქანა გააჩერეს.

"ბოდიშს გიხდით, ბატონო პრეზიდენტო, ახლა ყველაფერი გადაკეტილია", - უთხრა მას პოლიციელმა.

ფრანგული მედიის ცნობით, ამ უჩვეულო სიტუაციაში ემანუელ მაკრონმა თავის ამერიკელ კოლეგას დაურეკა, რათა სიტუაციის მოგვარება ეცადა. "წარმოგიდგენია, ახლა ქუჩაში გელოდები, რადგან ყველაფერი დაბლოკილია შენ გამო", - ღიმილით უთხრა მაკრონმა ტრამპს.

რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ, ქუჩა გაიხსნა, თუმცა - მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის. ამან საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი იძულებული გახადა, დონალდ ტრამპთან საუბარი ქუჩაში გაეგრძელებინა და საფრანგეთის საელჩომდე ფეხით მიეღწია.