ჭიკაიძე ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ჭიკაიძე ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გაიმართა. მინისტრმა სტუდენტებს გააცნო კამპანია, რომელიც ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ არის მიმართული. მინისტრმა ასევე ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. მისი მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“. კამპანიის ფარგლებში გადაღებულ საინფორმაციო ვიდეორგოლებში მონაწილე ექიმები მოქალაქეებს მიაწოდებენ ინფორმაციას, თუ რა შედეგებს იწვევს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება. საინფორმაციო რგოლები ტელე და რადიოეთერებში, კინოთეატრებსა და სოციალურ ქსელებში განთავსდა.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა „112“-მა ასევე მოამზადა საინფორმაციო რგოლი, რომლის მეშვეობით საზოგადოება იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყობს, რაც ე.წ. „ბიოს“ მოხმარებას ახასიათებს და აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების გამოძახების აუცილებლობაზე მიიღებს ინფორმაციას.

კამპანიის ფარგლებში სამინისტრომ ასევე გამოაცხადა კონკურსი ჟურნალისტებისთვის საუკეთესო ნამუშევარზე - "არა – ბიონარკოტიკს". სპეციალური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს რამდენიმე ნომინაციაში: საუკეთესო ტელესიუჟეტი; ტელეგადაცემა; რადიოსიუჟეტი; რადიოგადაცემა; სტატიის ავტორი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თავიანთი ნამუშევრები კამპანიის „ფეისბუქი“-ს გვერდზე 1 თვის განმავლობაში უნდა ატვირთონ.