ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული ღია მოწოდებები პოლიტიკურ სპექტრში კვლავ შეფასებების საგანია.
ქუჩაში ხალხი, საარჩევნო უბნების ბლოკირება და ხელისუფლების დამხობა - ასეთია "ნაციონალური მოძრაობის" გეგმა, რომლის განხორციელებასაც 4 ოქტომბერს აპირებენ.
"ჩვენ ბევრი დაანონსებული თარიღი გვინახავს... და მერე გვინახავს იმედგაცრუებები დაანონსებული თარიღებით. ვიდრე გეგმას არ გავიგებ, 4 ოქტომბერს რა ხდება, ვინ არის რევოლუციაზე პასუხისმგებელი და რევოლუციურ კომიტეტში არ მომიწვევენ, არ დავიჯერებ, რომ ვინმე რევოლუციას სერიოზულად აპირებს ამ ქვეყანაში", - აცხადებს პარტია "გირჩის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი იაგო ხვიჩია.
მმართველ გუნდში ოპონენტებს აფრთხილებენ, რომ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. სახელისუფლებო პარტიაში, ასევე, ამბობენ, რომ მათი გუნდის ყოფილი წევრების ნაწილი, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს გეგმავს, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.
ლევან ხაბეიშვილმა კი "ქართული ოცნებიდან" გაგდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობა გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა. სააკაშვილის პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ერთ-ერთ მედიასთან ისიც თქვა, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გეგმას მმართველი გუნდის ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად ამუშავებს. "ქართული ოცნებიდან" წასულ პირებთან თანამშრომლობა აღიარა სოფო ჯაფარიძემაც.