„რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომს: საპარლამენტო კომისიის მუშაობისას მოვისმინეთ წარმოუდგენელი, შემზარავი აღიარებები, თუ როგორ მიატოვა ხელისუფლებამ მოსახლეობა უპატრონოდ და უყურადღებოდ 2008 წლის ომის დროს ახალგორში, ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობაში“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა მედიასთან პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ის პოლიტიკურ პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც წლებია უცხო ხელისუფლებების დაკვეთით მუშაობენ, აღარ უნდა იყვნენ პოლიტიკურ ასპარეზზე, საგამოძიებო კომისიის დასკვნა კი ამ მიმართულებით გადადგმული ერთი სერიოზული ნაბიჯი იქნება.
„გენერალმა ზაზა გოგავამ, გენერალური შტაბის მაშინდელმა უფროსმა, პირდაპირ განაცხადა, რომ ვერ მოიცალა თურმე იმისთვის, რომ მოსახლეობის გასაფრთხილებლად ერთი სატელეფონო ზარი განეხორციელებინა. ზარიც არ იყო საჭირო - საკმარისი იყო გენერალურ შტაბში ვინმესთვის ეთქვა, რომ საჭიროა ამ ხალხის შველა, სულ ცოტა გაფრთხილება მაინც, რომ მათ საფრთხე ემუქრებოდათ.
ხელისუფლებამ არათუ არ გამოიყვანა ხალხი სახიფათო ზონებიდან, არც კი გააფრთხილა ისინი, რომ მათ საფრთხე ემუქრებოდათ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში პირიქით, ეუბნებოდნენ, რომ მშვიდად ყოფილიყვნენ და სახლებში დარჩენილიყვნენ, რადგან მათ არაფერი ემუქრებოდათ. სამწუხაროდ, ხელისუფლების ასეთ დანაშაულებრივ ქმედებებს ათეულობით ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. კომისიის სხდომაზე გენერალმა გოგავამ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა ამ ქმედებებზე, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი მხოლოდ გენერალური შტაბის ხელძღვანელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ სამოქალაქო ხელმძღვანელობაც პრაქტიკულად მოშლილი იყო. სწორედ ამის ბრალი იყო ის მსხვერპლი, ათობით ადამიანის სიკვდილი, ვინც შეეწირა ამ გაუფრთხილებლობას.
რადგან ზაზა გოგავა ვახსენე, აქვე მინდა გავიხსენო, რომ კომისიის სხდომაზე მას დავუსვი კითხვა, სად იყო იგი აფხაზეთის ომის დროს. აფხაზეთის ომის დროს ის ახალგაზრდა კაცი იყო, 22 წლის (თუ სწორად მახსოვს). აღმოჩნდა, რომ მას არ გასჩენია სურვილი წასულიყო აფხაზეთში და ებრძოლა სამშობლოს დასაცავად, ძალიან ბევრი სხვა მოხალისისგან განსხვავებით. სამაგიეროდ, როგორც ჩანს, დიდი პატივით შეიფერა გენერლობა, საქართველოს ჯარის სარდლობა და გენერალური შტაბის უფროსობა. შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ეს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ასეთ დეტალებში ხშირად ჩანს ადამიანთა დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ და ამის შემდეგ აღარ გვიკვირს, თუ რატომ იღებდნენ ომის დროს ასეთ არაპროფესიონალურ, არაკომპეტენტურ და ხშირად დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს პასუხისმგებელი პირები, რატომ მიატოვეს საქართველოს მოსახლეობა და რატომ არის დღემდე ჩვენი უმთავრესი ტკივილი საქართველოს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა.
იმედი მაქვს, რომ დადგება დღე, როცა ჩვენი სამშობლო გამთლიანდება, მაგრამ, ამის მიღწევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი და მეორე მხრივ, ჩვენი მოსახლეობა იყოს ერთიანი ამ მიზნის მიღწევის გზაზე. შესაბამისად, ის პოლიტიკურ პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც წლებია უცხო ხელისუფლებების დაკვეთით მუშაობენ და ადრეც და დღესაც ყველაფერს აკეთებენ ქართული სახელმწიფოსა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ, აღარ უნდა იყვნენ პოლიტიკურ ასპარეზზე და მათ არ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება. იმედი მაქვს, საგამოძიებო კომისიის დასკვნა და პროცესები, რომელიც დასკვნას მოჰყვება, ამ მიმართულებით გადადგმული ერთი სერიოზული ნაბიჯი იქნება“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.