შალვა პაპუაშვილმა უცხოელ პოლიტიკოსებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაგმობისკენ მოუწოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მათთვის ამის გაკეთების ბოლო შანსია.
„2012 წლის შემდეგ ვნახეთ პერიოდი, როდესაც ეს დიქტატორები და წამების რეჟიმის შემქმნელები მიღებულები იყვნენ სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციის კორიდორებში, ბრიუსელში, ვნახეთ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მსჯავრდებული იყო უკვე ამ დანაშაულებისთვის და მისი გარემოცვაც იყო მიღებული. უკრაინის ხელისუფლება იხუტებდა და დღემდე იხუტებს წამების სისტემის შემქმნელებს და თან ცალი ხელით ძმობასა და მეგობრობას ეფიცება ქართველ ხალხს. მინდა ყველას ვუთხრა - ეს დოკუმენტი არის იმის შანსი, რომ დაიბრუნონ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა შეაფასონ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი. ახლა არის ბოლო შანსი ყველა უცხოური ძალისთვის, რომ საბოლოოდ გაიაზრონ თუ რა ტიპის რეჟიმს და პოლიტიკურ დაჯგუფებას უჭერდნენ მხარს, შეაფასონ და დაგმონ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი.
ეს არის შანსი ყველასთვის და მოვუწოდებ ყველა უცხოელს - ხელისუფლებებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომ ეს შანსი მეორედ აღარ გაუშვან ხელიდან, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ამას ნამდვილად აღარ აპატიებს მათ, ვინც ამ მტკიცებულებების შემდეგ კიდევ იტყვის, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო მოდერნიზატორი, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიის შუქურა, თითქოს მიხეილ სააკაშვილი არის პროევროპელი და ა.შ. ეს ტყუილი დღევანდელი განხილვის შემდეგ უნდა დასრულდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.