მთავარი მიზანი არის ის, რომ გაძლიერდეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზრუნვა. მამუკა მდინარაძეს მდიდარი გამოცდილება აქვს, როგორც პრაქტიკოს იურისტს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
მისი თქმით, საკადრო ცვლილებები უსაფრთხოების ახალი ამოცანებიდან გამომდინარე განხორციელდა.
„ის იყო გამომძიებელი და ადვოკატი, რომელიც ამ სამართალდამცავ სისტემას სრულად იცნობს, თან არა გარედან, არამედ შიგნიდან. საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როცა ამას აკეთებდა და მას დიდი გამოცდილება დაუგროვდა. პოლიტიკაშიც დიდი გამოცდილება მიიღო, მან საპარლამენტო უმრავლესობა ურთულეს წლებში მართა. უსაფრთხოების ახალი ამოცანებიდან გამომდინარე იყო საკადრო ცვლილებები მიღებული, ასე რომ მას წარმატებას ვუსურვებ“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე ხდება. მის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრი პარლამენტს წარუდგენს, საპარლამენტო პროცედურების შემდეგ კი, ის სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს.
მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილს ცვლის.