ხელვაჩაური ჩემთვის არის დღევანდელი დღე, ჩემი ოჯახია ხელვაჩაური. აქედან იწყება ჩემი ბავშვობა, აქ დავიბადე და გავიზარდე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ზაზა დიასამიძემ განაცხადა, რომელიც მეორე ვადით მერობისთვის ემზადება.
ზაზა დიასამიძის თქმით, მისთვის ხელვაჩაურის მერობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება.
„უფრო მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდები ყოველდღიურ ცხოვრებას, ვინაიდან მე მომეცა საშუალება კიდევ ერთხელ მემსახურა ჩემი მშობლიური მუნიციპალიტეტისთვის, რათა ვემსახურო მას უკეთესი განვითარებისთვის და ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის.
იყო ხელვაჩაურელი და ემსახურო ხელვაჩაურს, ეს ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას შენს მოსახლეობასთან, შენს უახლოეს ადამიანებთან ერთად, რომლებთან ერთადაც გაიზარდე და იცხოვრე“,- აცხადებს ზაზა დიასამიძე.
ზაზა დიასამიძის განცხადებით განათლების მიმართულება მომავალშიც პრიორიტეტული იქნება მუნიციპალიტეტისთვის.
„ მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც დაწყებით სკოლებში, ისე სკოლებში იმ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება როგორიც არის საკლასო ოთახების კეთილმოწყობა, მიმდებარე ტერიტორიების გალამაზება, ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც ვიმედოვნებ, რომ მომავალში უფრო ეფექტურად, მიზანმიმართულად განხორციელდება“,- აცხადებს ზაზა დიასამიძე.
ზაზა დიასამიძე აცხადებს, რომ სულ მალე საფეხბურთო კლუბ „მაჭახელას“ ექნება თანამედროვე სტანდარტების სტადიონი.
„ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს პროექტი, საფეხბურთო კლუბ „მაჭახელას“ ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით. სტადიონის მშენებლობა, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და უკვე შემდეგი თვეებიდან დაიწყება საფეხბურთო კლუბ „მაჭახელას“ სტადიონის მშენებლობა, სადაც მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო მოედანი თავისი გასახდელებით, საშხაპეებით და თანამედროვე ინფრასტრუქტურით“, - განაცხადა ზაზა დიასამიძე.
ზაზა დიასამიძის განცხადებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სოციალური მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობა და ბინებით სულ მალე კიდევ 90 ოჯახი დაკმაყოფილდება.
„სოფელ კაპრეშუმში დასრულების ეტაპზეა 90 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, სადაც 90 ეკომიგრანტი მიიღებს სრულად გარემონტებულ ბინას და ვიმედოვნებთ, რომ ადრე შემოდგომაზე, სექტემბრის ბოლოსთვის, ეს 90 ოჯახი სრულად გარემონტებულ ბინებში შევა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს კიდევ ორი სოციალური კორპუსის მშენებლობა. ერთი კვირის წინ კი ჩვენ უკვე დავიწყეთ მესამე სოციალური კორპუსის მშენებლობა. წლების განმავლობაში 65 ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში. იქ უკვე დაიწყო 114 ბინიანი სოციალური კორპუსის მშენებლობა და პროექტი მოიცავს 114 ოჯახისთვის სრულად გარემონტებული ბინების გადაცემას“,- აცხადებს ზაზა დიასამიძე.