Fox News-მა გამოაქვეყნა იმ წერილის ტექსტი, რომელიც აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მისწერა.
გზავნილის შინაარსის შესახებ მანამდე გავრცელებული ცნობებისგან განსხვავებით, ტექსტში უკრაინა საერთოდ არ არის ნახსენები. მელანია ტრამპი პუტინს მთელი მსოფლიოს ბავშვებისა და მომავალი თაობების დაცვისკენ მოუწოდებს.
„დღევანდელ სამყაროში ზოგი ბავშვი იძულებულია გულში ატაროს ჩუმი სიცილი, რომელსაც მათ ირგვლივ არსებული სიბნელე არ შეხებია - ეს არის ჩუმი გამოწვევა იმ ძალებისთვის, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ მათ მომავალი წაართვან. ბატონო პუტინ, სწორედ თქვენ შეგიძლიათ ამ ბავშვებს მელოდიური სიცილი დაუბრუნოთ“, - წერს ტრამპი.
მისივე თქმით, პუტინს შეუძლია ამ ბავშვების „უმანკოება“ ერთი ხელმოწერით დაიცვას. „თქვენ არა მხოლოდ რუსეთს, მთელს კაცობრიობას გაუწევთ სამსახურს“, - აღნიშნავს პირველი ლედი.
მელანია ტრამპის წერილი პუტინს აშშ-ის პრეზიდენტმა ალასკაზე გამართული შეხვედრის დროს გადასცა. Fox News-ის ცნობით, პუტინმა წერილი მიღებისთანავე, ამერიკისა და რუსეთის დელეგაციების თანდასწრებით წაიკითხა.