ჩვენ ვფიქრობთ სერიოზული რეფორმების გატარებას ენერგეტიკის სფეროში და ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ მივაღწიოთ თვითკმარობას, როდესაც მოხმარებას გადააჭარბებს გამომუშავება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ხელისუფლება გეგმავს, რომ 2030 წელს ქვეყანამ მიაღწიოს თვითკმარობას.
„რაც შეეხება ენერგეტიკას, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ 2030 წლისთვის მივაღწიოთ თვითკმარობას, როდესაც მოხმარებას გადააჭარბებს გამომუშავება. დაახლოებით 10 000 მეგავატია ამისათვის საჭირო და მივყვებით გეგმას. ჩვენ ვფიქრობთ სერიოზული რეფორმების გატარებას ენერგეტიკის სფეროში და ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ ეს გეგმა პირნათლად შესრულდება. ", - განაცხადა პრემიერმა.