თუ გახსოვთ კამპანია, რომ საქართველო არის მაჩანჩალა, რომელსაც განსაკუთრებით აქტიურად იყენებდა „ლელო“ - ლელოს პოლიტიკოსები პარლამენტში, განსაკუთრებით ნაცვლიშვილი, სამადაშვილი ხშირად საუბრობდნენ, რომ საქართველო არის მაჩანჩალა, რომ რაღაცნაირად გამჯდარიყო საზოგადოებაში, თითქოს, საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს ანუ, საქართველოს არ აქვს მიღწევები, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებები განიხილება.
ბოჭორიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინაში ომის პარალელურად, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ უსაფუძვლო კამპანიაზე, რომლითაც ქვეყანას ადანაშაულებდნენ, თითქოს იგი შავი ხვრელი იყო, თუმცა, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა.
„ასევე, მაშინ პოლიტიკური კონტექსტი გახლდათ ახალი დაწყებული ომი უკრაინაში, ეს იყო ყველაზე სენსიტიური თემა და ალბათ, ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს კამპანია „შავი ხვრელი - საქართველო“. ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამალებული კამპანია, რომელიც მიდიოდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომ საქართველო წარმოჩენილიყო „შავ ხვრელად“. გახსოვთ უსამართლო წერილები, რომლებიც ფრიალებდა, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, თითქოს, რაღაც არასწორად კეთდებოდა საქართველოში, თუმცა, ამისი არანაირი მტკიცებულება თუ საფუძველი არ ყოფილა. ჩვენი პარლამენტის ტრიბუნიდან, ქართველი პოლიტიკოსები ოპოზიციიდან [აცხადებდნენ ამას]. მახსოვს ძალიან კარგად ნაცვლიშვილის ერთი გამოსვლა, სადაც ვეღარ დავთვალე, რამდენჯერ იხმარა სიტყვები „შავი ხვრელი“, რომ ეს კარგად გამჯდარიყო, თითქოსდა, ეს თემა იყო აქტიური. ეს კამპანია რამდენიმე თვე გაგრძელდა, რომელმაც ვერ ვიტყვით, რომ ზიანი არ მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს, ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც კანდიდატის სტატუსს ველოდით და მართლაც კარდაკარ დავდიოდით, რომ ჩვენი პარტნიორები დაგვერწმუნებინა იმაში, რომ არასწორი იქნებოდა საქართველოს ჩამოტოვება ამ სამეულიდან და არასწორი გზავნილი იქნებოდა გარე სამყაროსთვის გეოპოლიტიკურად ასეთი გადაწყვეტილების მიღება.“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.