ძალიან სამწუხაროა, რომ ასე პოლიტიკური მიზნებისთვის მოხდა ქართველების და ქართული საკითხის გამოყენება იმისთვის, რომ რამდენიმე ხმით მეტი მიეღო პარლამენტში ნდობის გამოცხადების დროს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პოლონეთის პრემიერის განცხადების შეფასებისას.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ ქართველი ხალხის მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას.
„შემაშფოთებელია, როდესაც არის მცდელობა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენონ სხვა ხალხები. ჩვენ ვიცით, რომ გუშინ პრემიერ ტუსკს პოლონეთის პარლამენტში ჰქონდა ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კენჭისყრა და იმისთვის, რომ რამდენიმე ხმით მეტის გარანტია ჰქონოდა, მოხდა ქართველი ხალხის და ქართული თემის საკითხის გამოყენება პოლიტიკური მიზნით და რაღაც კონსერვატორულ ხაზზე დაჯდომის მცდელობა. ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ როგორ იოლად სწირავენ ხოლმე ქართველ ხალხს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. მოყვანა იმასთან დაკავშირებით, თითქოს ქართველები რაღაცას აშავებენ პოლონეთში ან ბევრნი არიან და ა.შ. არასერიოზულია. შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა, მათ შორის პოლონეთში უცხოელი მიგრანტების ქცევიდან გამომდინარე. გარწმუნებთ, რომ ნახავთ, მათ შორის, პოლონეთის მეზობელ ქვეყანას, რომელიც რაოდენობრივად და მათ შორის, სხვადასხვა დარღვევებიდან გამომდინარე სტატისტიკურად უფრო მეტია. ამიტომ, ძალიან სამწუხაროა, რომ ასე პოლიტიკური მიზნებისთვის მოხდა ქართველების და ქართული საკითხის გამოყენება იმისთვის, რომ რამდენიმე ხმით მეტი მიეღო პარლამენტში ნდობის გამოცხადების დროს. ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ ქართველი ხალხის მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას.
შეგახსებთ, რომ პოლონეთის მოქმედი მთავრობა, მოქმედი პრემიერი, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი გახლავთ მიხეილ სააკაშვილის ლობისტები. შეგახსენებთ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობებს, სადაც დონალდ ტუსკმა თავად, როგორც სახალხო პარტიის ხელმძღვანელმა წაგვიკითხა მიხელ სააკაშვილის წერილი ციხიდან, კრიმინალის, წამების სისტემის შემქმნელი ადამიანის წერილი წაგვიკითხა და ცალკე გახსოვთ მისთვის გამოყოფილი სკამი, რომელიც დონალდ ტუსკმა გამოყო მისთვის და გვახსოვს საგარეო საქმეთა მინისტრის სიკორსკის განცხადებები, როდესაც ის დღესაც წამების, რეკეტის სისტემის შემქმნელ სააკაშვილს უწოდებს მოდერნიზატორს და სამაგალითო დემოკრატს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, პოლონეთის მოქმედი ხელისუფლების პოზიცია არის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა.
„შესაბამისად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვნახეთ გარე ჩარევა, იმისთვის რომ „ქართული ოცნება“ ჩამოეცილებინათ ხელისუფლებიდან და დაებრუნებინათ „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა ხელისუფლებაში. მარცხნიდან ისინი, ვინც გარედან ცდილობდა ქართველი ხალხის ნების წართმევას და ეს არის პოლიტიკური ვენდეტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, - აღნიშნა მან.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეზღუდვაზე ან შეჩერებაზე შეთანხმების მიღწევა სურს.