გუშინ ჩვენ პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ რეალურად მუქარა ქართველი ხალხის მიმართ, რაც, ბუნებრივია, არ აისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ძალიან სამწუხარო და დასანანია.
„მე იმედი მაქვს, რომ მომავალში დამოკიდებულება შეიცვლება. არ შეიძლება ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი. ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი შარშან, მან მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას ქვეყანაში, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს ეს არჩევანი, მას ყველამ პატივი უნდა სცეს და აბსოლუტურად უადგილოა მუქარები ქართველი ხალხის მიმართ.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის შანტაჟი, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში, თუმცა, რეალურად, ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც უკვე მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ზოგადად, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა ასეც და ისეც, ეს მუქარები არის ძალიან დასანანი და სამწუხარო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.