შალვა პაპუაშვილი: პაველ ჰერჩინსკიც მონაწილეობდა ამ არჩევნებში და დამარცხდა, როგორც ოპოზიცია, ახლა რასაც ვხედავთ, ეს არის ფაქტობრივად, ვენდეტა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ

შალვა პაპუაშვილი: პაველ ჰერჩინსკიც მონაწილეობდა ამ არჩევნებში და დამარცხდა, როგორც ოპოზიცია, ახლა რასაც ვხედავთ, ეს არის ფაქტობრივად, ვენდეტა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ

ჩვენ ვნახეთ წინაასაარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც, მათ შორის, პირადად ევროკავშირის ელჩი ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„გეტყვით ფაქტებს. აბსტრაქტულად რომ არ ვილაპარაკოთ, შევხედოთ, არის თუ არა ეს ჩარევა, მაგალითად, 26 ოქტომბერს გვქონდა არჩევნები და 4 ოქტომბერს პაველ ჰერჩინსკი ამბობს: „„ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერები არის შემზარავი და სამარცხვინო“. ვინ ეკითხება ევროკავშირის ელჩს ერთ-ერთი პარტიის ბანერების შეფასებას?“ – განაცხადა პაპაუშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ბანერებთან დაკავშირებით იყოს რაღაც მოსაზრება და ეს იყოს რეკომენდაცია, რადგან საქართველოს გაცხადებული პრიორიტეტი, რომელიც კონსტიტუციითაც არის გამყარებული და მოსახლეობის არჩევანია, რომ გაგრძელებული იყოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში, ევროკავშირი კი გვიწესებს კონკრეტულ პირობებს და კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც ჩვენ შეიძლება მიგვიღონ ევროკავშირში, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს სწორი იქნებოდა, თუ ჩვენ ვიაზროვნებდით მე-19 საუკუნის ან მე-20 საუკუნის დასაწყისის სტილში, როდესაც არსებობს მეტროპოლია და არსებობს პერიფერია, ან ვიაზროვნებდით საბჭოთა კავშირის სტილში, როდესაც არსებობს მოსკოვი, ცენტრი და არსებობს პერიფერია.

„ახლა ბატონ ჰერჩინსკის თუ უნდა, რომ მთავარმართებლის როლი ითამაშოს, ეს სხვა არის, მაგრამ არავინ არ ეკითხება არცერთ ელჩს, საარჩევნო კამპანიის დროს, არჩევნებამდე 22 დღით ადრე შეაფასოს ერთ-ერთი პარტიის ბანერები და ამით პირდაპირ გამოთქვას, ამ პარტიას ჩვენ გვერდით არ ვუდგავართო. 2024 წლის 7 ოქტომბერს, როცა არჩევნებამდე 19 დღეა დარჩენილი, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს: „არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტი სამართლიანი არჩევნებისთვის ხელსაყრელ ატმოსფეროს შექმნის“. ვინ ეკითხება ევროკავშირის ელჩს ჩვენი კონსტიტუციური პროცესები? ვინ ეკითხება? დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია და ახლა რა, პაველ ჰერჩინსკის ანგარიშის გაწევის გამო ჩვენ ჩვენს კონსტიტუციურ პროცესებს არ მივხედოთ? ვინ ეკითხება ელჩს, ჩაერიოს შიდა საქმეებში?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი სწორედ ამას ამბობს, რომ იმ პრივილეგიების სანაცვლოდ, რაც აქვს დიპლომატს ქვეყანაში, რომ ის არის ხელშეუხებელი, რომ გადასახადებს არ იხდის და ა.შ., მას აქვს მხოლოდ ერთი ვალდებულება, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში.

„ეს, რა თქმა უნდა, ჩარევაა. ბოლოს, 2024 წლის 22 ოქტომბერს, არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე პაველ ჰერჩინსკი ფაქტობრივად, მოწოდებით გამოდის: „გთხოვთ, წადით არჩევნებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია მთავრობის მოქმედების შედეგად“. არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე ამომრჩეველს ეუბნება, აი, „ქართული ოცნება“, მისი ბრალია ეს ყველაფერი. „ახლა ყველა ხმა მნიშვნელოვანია, გადით და მიეცით ხმა თქვენს მომავალს, კარი გავაღეთ საქართველოსთვის, ეს კარი თქვენ უნდა გაიაროთ, ამას თქვენ ნაცვლად ვერავინ გააკეთებს, ეს არის თქვენი არჩევანი“. ეს არის პირდაპირი საარჩევნო მოწოდება პაველ ჰერჩინსკის მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თვითონ პირველი განათლებით არის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და შეუძლია თქვას, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენცია სათამაშო არ არის.

„ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ სათამაშო კი არ არის. დღეს, როცა ედავებიან რუსეთს, რას ედავებიან? ედავებიან წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევას. რა არის საერთაშორისო წესები? ეს არის საერთაშორისო კონვენციები, რომელიც საუბრობს სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე და ა.შ. რას ამბობს ვენის კონვენციის 41-ე მუხლი? ამბობს, რომ დიპლომატს აკრძალული აქვს, ჩაერიოს მასპინძელი ქვეყნის საშინაო საკითხებში. რატომ? იმიტომ, რომ არ შეეხოს მის სუვერენიტეტს, მის დამოუკიდებლობას, მის შიდა საქმეებს. პაველ ჰერჩინსკიმ რამდენჯერმე დაარღვია ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი. მონაწილეობდა არჩევნებში, ისიც დამარცხდა ამ არჩევნებში, როგორც ოპოზიცია და ჩვენ ახლა რასაც ვხედავთ, ეს არის, ფაქტობრივად, ვენდეტა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, იმ ხალხის, პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რასა იუკნევიჩიენე იქნება ეს თუ სხვები. ამას ვხედავთ ჩვენ, საბოლოო ჯამში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.