ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიში დღეს უნდა მიიღონ, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ე.წ. დამსახურებას უსვამს ხაზს. კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ ოპოზიციურ პარტიას გადამწყვეტი როლი ჰქონდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაწყებასა და წინსვლაში.
კვლავ მოთხოვნილია პატიმარი სააკაშვილის გათავისუფლებაც. ანგარიშში საუბარია სანქციებზე, გაკრიტიკებულია ხელისუფლება.
მომხსენებელი „ევროპის სახალხო“ პარტიის წევრი რასა იუკნევიჩიენეა, რომლის მხრიდანაც ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა არაერთხელ ყოფილა.
მმართველი გუნდი უცხოელ პოლიტიკოსებს ახსენებს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე განხორციელებული ნაბიჯები სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირდება. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ მსგავსი ანგარიშები ხელისუფლების დაშინებას და საქართველოსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ემსახურება.