„მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ძალიან გამწარებული არიან და ყველანაირი ინტერაქცია ეზიზღებათ ხელისუფლებასთან, მაგრამ ერთია აქტივიზმი, ერთია პროტესტი, რომელიც ნაწილია პოლიტიკური პროცესის და ეს არ არის პოლიტიკური პროცესი მხოლოდ. ხელისუფლება მხოლოდ იმით, რომ ჩვენ გამოვიდეთ ქუჩაში, დავდგეთ მაგრად, არ წავიდეთ არსად, ხელისუფლებას არაფერში გავეკაროთ და ხელისუფლება დაინგრევა შიგნიდან, ასე ბუნებრივია არ მოხდება. ასე არასდროს არსად მომხდარა და ვერც ვერასდროს მოხდება“-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „დღის ამბებში“.
წამყვანის კითხვაზე „თუ [ოპოზიცია] თვითმმართველობის არჩევნებში ვერ იგებენ, როგორ იგებენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომლის მოთხოვნა არის“, ზურაბიშვილი აცხადებს, „რა ვიცი როგორ იგებენ, ესენი ამბობენ, რომ მოდი შეცვალე საარჩევნო კანონმდებლობა, გამოუშვი პატიმრები, სასამართლო წესიერად მოიქცეს, ცესკო წესიერად მოიქცეს, საერთოდ დაგვნებდით და გვეახელით. ასეთ ინფანტილურ და ბავშვურ რაღაცას ეუბნებიან, რომ ჯერ დაგვნებდი, ჯერ დაინგრეს ხელისუფლება და მერე არჩევნები“.
მისივე თქმით, ამ ხელისუფლებას დანგრევის არაფერი ეტყობა.
„რამდენიმე რევოლუციას ვარ შესწრებული და ზოგიერთში უშუალოდ მონაწილეობაც მაქვს მიღებული. ყველა რევოლუცია ამ ქვეყანაში, იგივე ვარდების რევოლუცია, რომელიც დამთავრდა წარმატებით, წარმატებით დამთავრდა იმიტომ, რომ შიგნიდან იყო ხელისუფლება დანგრეული სრულიად და ამას არაფერი დანგრევის არ ეტყობა. დანგრეული იყო იმიტომ, რომ იგივე შევარდნაძის დროს ხელფასს ვერ უხდიდნენ სპეცრაზმელებს, ზეიკიძის ძეხვზე იდგნენ და შიმშილით კვდებოდნენ სპეცრაზმელები. ახლა ასე არ არის. კარგად გამაძღარი ჰყავთ, კარგად უხდიან და საკმაოდ შეკრული ძალოვანი სტრუქტურები ჰყავთ, კარგად გაკონტროლებული. არავითარი რღვევის ნასახიც არ შეიმჩნევა“-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.