რადიკალურ ოპოზიციას აქვს ძალიან დიდი სურვილი მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ეს ყველაფერი გამოსჭვივის თითოეული მათგანის კომენტარიდან, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებას.
მისი თქმით, რადიკალებს გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ აქვთ, რადგან დამოკიდებულები არიან მათ პატრონებზე. ეს ასე, რომ არ იყოს, თითოეული მათგანი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა.
„არ არიან საკუთარი ნება - სურვილის აღმსრულებლები. ისინი ასეთად, რომ იყვნენ არც პარლამენტის შესაბამის ტრიბუნებსა და მიკროფონებზე არ იტყოდნენ უარს და გამოიყენებდნენ თავიდან ბოლომდე იმისთვის, რომ საკუთარ ელექტორატთან მაინც მოახდინონ კომუნიკაცია. მითუმეტეს თვითმმართველობის არჩევნებზე აუცილებლად მიიღებდნენ მონაწილეობას. პოლიტიკური პარტია, როგორი რადიკალურიც არ უნდა იყოს, თუ კი ის გაემიჯნება არჩევნებს და არ მიიღებს მონაწილეობას, ეს არის პოლიტიკურ სამარემდე ერთი ნაბიჯი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ოპოზიციაში კრიზისი ღრმავდება. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა იზრდება. გახარიას პარტიისა და „ლელოს“ შემდეგ, არჩევნებში მონაწილეობაზე მინიშნებები „თავისუფლების მოედანმაც“ გააკეთა. ამ გადაწყვეტილებას ღალატად მიიჩნევენ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია „ახალში“.