სპეციალურ გამომძიებელს დაევალება, შეიმუშაოს წესები, რომლებიც კრძალავს ან სხვაგვარად არახალისებს უცხოურ დაფინანსებას შვედეთში არსებული რელიგიური გაერთიანებებისა და სხვა საქმიანობებისთვის, რომლებსაც კავშირი აქვთ ისლამიზმთან, ექსტრემიზმთან და სხვა ანტიდემოკრატიულ ინტერესებთან. ამის შესახებ შვედეთის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.
„მთავრობა იცავს ღია და დემოკრატიულ საზოგადოებას, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები და უფლებებია დაცული. ყველას უნდა შეეძლოს უსაფრთხოდ და თავისუფლად გადაადგილება, შეკრებებში მონაწილეობა და აზრის გამოხატვა, შიშის გარეშე, რომ ძალადობას ან სხვა სახის ზეწოლას დაექვემდებარებიან. ტერორიზმი და ძალადობრივი ექსტრემიზმი ან ექსტრემიზმის სხვა ფორმები არის მაგალითები იმისა, რაც საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს. პოლარიზაციისა და, მაგალითად, ძალადობრივი ექსტრემისტული და ტერორისტული ჯგუფების წევრებად რეკრუტირების შესამცირებლად მეტი ზომების მიღებაა საჭირო. სხვადასხვა კონტექსტში ხდება, რომ აქტივობები სხვა ქვეყნების ან უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერას იღებს. თუ დამფინანსებელს ან საქმიანობას კავშირი აქვს ექსტრემიზმთან ან სხვა ანტიდემოკრატიულ გარემოსთან, ეს ქმედება რისკს ქმნის რადიკალიზაციის ზრდისთვის. მნიშვნელოვანია გადაიხედოს ასეთი მიზნებისთვის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ მიუღებელია, რომ უცხოელი აქტორები შვედეთში აფინანსებდნენ ისეთ საქმიანობას, რომელიც „ჩვენი დემოკრატიისა და მისი ინსტიტუტების ძირის გამოთხრის მიზნით ექსტრემისტული და ანტიდემოკრატიული გარემოს გაძლიერების რისკს ქმნის“.
„ამიტომ, ჩვენ გვჭირდება მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ამას გამორიცხავს“, - ნათქვამია განცხადებაში.