ორივე მხარეს ესმის, რომ ომის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო არის დარჩენილი, - განაცხადა ანალიტიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ უკრაინა-რუსეთის სტამბოლის მოლაპარაკებებზე საუბრისას.
მან მოლაპარაკებების პროცესზე იმ დივერსიის გავლენაზე ისაუბრა, რომელიც გუშინ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე განახორციელა.
„ორივე მხარეს ესმის, რომ ომის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო არის დარჩენილი. ის ამბავი, რაც სულ ახლახან მოხდა, ვგულისხმობ რუსეთის სიღრმეში საკმაოდ წარმატებულ დივერსიას და ამის შემდეგ ზელენსკის განცხადებას, რომ რუსეთი უნდა დაუბრუნდეს დიპლომატიას, ნიშნავს იმას, რომ „ჩვენს გვაქვს იმის ძალა, რომ წარმატებული დივერსიები განვახორციელოთ და თუკი არ იქნება ორმხრივი დათმობები, ასეთ მოლაპარაკებებში არ შევალთ“. ეს ამ მოლაპარაკებების პროცესში ფსონს ზრდის და აჩვენებს, რომ შეიძლება, ფრონტის ხაზზე სხვა მდგომარეობაა, მაგრამ ეს ხაზი არ არის ერთადერთი პრობლემური საკითხი.
ასეთ დივერსიებს, როგორც წესი, უფრო სუსტი მხარე მიმართავს, მაგრამ ის, რომ ასეთი ეფექტური და მასშტაბური ოპერაცია განახორციელა უკრაინამ, ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინას აქვს რესურსი, ჰქონდეს გარკვეულწილად ზეგავლენა“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესში გამწვავებები მოსალოდნელია.
„ერთი მხრივ ვიხილეთ უკრაინის დივერსია, მაგრამ მეორე მხრივ რუსეთს ხერსონისკენ საკმაოდ დიდი ძალები აქვს გადასროლილი. ვხედავთ, რომ ორივე მხარე ფსონს წევს ამ მოლაპარაკებების პროცესში. ეს როგორ დასრულდება, ჯერ ვერ ვიტყვით, არ არის გამოკვეთილი, მაგრამ ფაქტია, ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან გაწელილ და რთულ პროცესთან და სამწუხაროდ, ამ პროცესის განმავლობაში უამრავი ადამიანი იღუპება“, - აღნიშნა ნუკრი შოშიაშვილმა.