კანონი, რომელიც ამერიკაში მუშაობს, თითქმის, 100 წელია და ითვლება დემოკრატიულ, ამ ქვეყნის ინტერესების დამცველ კანონად, როგორ შეიძლება საქართველოში იყოს ანტიდემოკრატიული და რაღაცის შემზღუდველი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ „ფარაზე“ საუბრისას.
„თუ ეს კანონი შემზღუდველია, შემზღუდველია ყველა ქვეყნისთვის და თუ სადღაც დემოკრატიულია, როგორ შეიძლება ის ჩვენს ქვეყანაში იყოს არადემოკრატიული. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ასეთი გამონათქვამები ქმნიან იმას, რომ რუსეთის პროპაგანდა კი არ უთხრის ძირს დასავლეთისადმი საზოგადოების ლტოლვას, არამედ დასავლეთი უთხრის ძირს იმ სვლას, რომელიც საქართველოს ჰქონდა არჩეული დასავლეთისკენ. ზოგჯერ ეს იმდენად შეფარულად ხდება, რომ საზოგადოებისთვის არ არის გასაგები, რა პროცესთან გვაქვს საქმე.
თუ კონკრეტულ მაგალითებს განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან საშიში მდგომარეობა დასავლეთის მხრიდან, თუნდაც, ის სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლების და ბიზნესის წინააღმდეგ, რომელზეც დღეს აშშ საუბრობს. სანქცია არის დასჯის მექანიზმი, რომელიც არსად არ საჩივრდება. ასეთი რამ დემოკრატიისთვის აბსოლუტურად უცხოა, რომ ადამიანს სჯი და მას არსად არ აქვს საშუალება, რომ ეს გაასაჩივროს“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.