დამოუკიდებელმა სასამართლო ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ქართველ პოლიციელებს პოლიციის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ პოლიციელი საკუთარ სიცოცხლეს სწირავს და მათზე დგას სახელმწიფოს უსაფრთხოება.
„მინდა ყველა ღირსეულ პოლიციელს მივულოცო დღევანდელი დღე მადლიერებით. მათი სახე ჩვენს აღქმაში ძალიან შეიცვალა ამ პროცესებთან ერთად, ამიტომ მინდა მოთმინებისთვის, ატანისთვის, საოცარი გამძლეობისთვის დიდი მადლობა ვუთხრა და ეს დღე მივულოცო. ყველაზე დიდი ბულინგის მსხვერპლი იყვნენ სწორედ პოლიციელები. პოლიციელები ჩვენ ცალ-ცალკე არ უნდა განვიხილოთ, ეს არის ძალოვანი უწყება, რომელზეც დგას სახელმწიფო, სახელმწიფოს უსაფრთხოება.
პოლიციაში ცოტა სხვა ფსიქოტიპის ადამიანი მიდის, მას განსხვავებული თვისებები აქვს, შეიძლება მისი ამტანობის და მოთმინების ზღვარი ცოტა დაბალი იყოს, სამაგიეროდ ის მიდის ტყვიაზე, ის საკუთარ სიცოცხლეს სწირავს, ეს სხვას არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, ეს შეურაცხყოფა ყველაზე მწარე და ძნელი მოსათმენი არის ძალოვან უწყებებში მომუშავე ადამიანებისთვის“, - აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.