ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შეხვედრებით, რომელიც მქონდა მეზობელი ქვეყნების ლიდერებთან. სამხრეთ კავკასიას აქვს შესაძლებლობა, ეს რეგიონი იყოს ოაზისი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, დაინახეს, როგორი შესაძლებლობაა, სამხრეთ კავკასიის მშვიდობა პრიორიტეტული გახდეს.
„იდეალური სურათი იყო, როცა ერთმანეთთან ვსაუბრობდით. მე პირველი ვიზიტით ვიყავი აზერბაიჯანში და შემდეგ – სომხეთში. სომხეთმაც ნელ-ნელა დაინახა ის რესურსი, რომელიც სამხრეთ კავკასიას აქვს. დღესაც აშშ-ის მილოცვაც ხომ ამას უსვამს ხაზს. მათაც დაინახეს, როგორი შესაძლებლობაა, რომ სამხრეთ კავკასიის მშვიდობა პრიორიტეტული გახდეს. რა თქმა უნდა, გაჩნდება ყველა დიდი სახელმწიფოს მხრიდან ინტერესი. სამხრეთ კავკასიას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს რეგიონი იყოს ოაზისი. დაპირისპირების საგანი კი არ იყოს, რომელიმე დიდი ქვეყნის დავალება კი არ შეასრულო, არამედ პირიქით, ნელ-ნელა მივიდეთ შეხვედრების, ინვესტიციების, ურთიერთობების დალაგების დონეზე, ამის რესურსი არსებობს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.