ომის დროს დემორალიზაციას ეწეოდნენ შეგნებულად. სადაც იყვნენ [ ჯარი] და სადაც დაიბომბა პოზიციები, იმ პოზიციებიდან როცა გავიდა და რამდენიმე სერიოზული დანაკლისი ჰქონდა უკვე ქართულ 250-კაციან შენაერთს, რატომ გამოხვედით, ვინ გითხრათო, ბატონი კეზერაშვილის ღრიალი იყო და თავიდან დააბრუნეს ისევ იმ ადგილზე, იმ სისხლის ტბორში ბიჭები. ეს იყო სპეციალურად მოწყობილი მახე, ეს უკვე ის ეპიზოდია, როცა სენაკის მეორე ბრიგადის ერთ-ერთი ბატალიონი ცხინვალის მისადგომებთან არის, - ამის შესახებ შინდისის გმირის, რომან ზოიძის ძმამ, ფრიდონ ზოიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
ომში დაღუპული გმირის ძმა ვარაუდობს, რომ რაც მეტი ამუნიცია, იარაღი და სამხედრო ტექნიკა დაიკარგებოდა, მით მეტი ფულის გათეთრებას შეძლებდნენ, ვინაიდან მათი პრინციპი იყო: "ომი ყველაფერს ჩამოწერს." სწორედ ამის გათვალისწინებით სჭირდებოდათ ზოიძის განცხადებით საკრალური მსხვერპლიც.
"რაც შეიძლება მეტი საკრალური მსხვერპლი უნდა ყოფილიყო ამ ხუთდღიანი ომის პერიოდში ჯარიდან, ამას ის მათქმევინებს და მკარნახობს არათუ ინტუიცია, არამედ, ყველა ლოგიკურ ძაფს მაგასთან მივყავართ - რაც მეტი ამუნიცია, მეტი იარაღი დაიკარგებოდა, რაც შეიძლება მეტი ჯავშანტრანსპორტიორი გაქრებოდა და აფეთქდებოდა, რაც შეიძლება მეტი პიკაპი, ჯიპი, ტექნიკა და სამხედრო აღჭურვილობა დაიკარგებოდა, მით უფრო მეტი თანხები იქნებოდა ჩამოწერილი. "ომი ყველაფერს ჩამოწერს" - ეს იყო მათი პრინციპი და გაათეთრებდნენ უზარმაზარ თანხებს. ამას ვფიქრობ და ამიტომ სჭირდებოდათ ბევრი მსხვერპლი." - განაცხადა ფრიდონ ზოიძემ