ძალიან მძიმე კითხვებია მის მიმართ და არა მარტო მის, არამედ მთელი მისი გუნდის მიმართ. ასეთ ვითარებაში, როდესაც პოლიციელს შეაგინებ, ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში მკაცრად დაისჯები, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.
„აქ არსებობს პრინციპი, რომელსაც მელია ავითარებს, რომ სახელმწიფოსთან დაუმორჩილებლობის გარკვეული ატმოსფერო შექმნას. ეს პოლიტიკური გეგმაა მაშინ, როდესაც შეკითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებს. ძალიან მძიმე კითხვებია მის მიმართ და არა მარტო მის, არამედ მთელი მისი გუნდის მიმართ. ასეთ ვითარებაში, როდესაც პოლიციელს შეაგინებ, ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში მკაცრად დაისჯები.
როგორც ჩანს, სტრატეგიული გეგმა არსებობს, რომ საქართველოში განუკითხაობა დაამყარონ. ამას ემსახურება მელიას მოქმედებები სამაჯურის მოხსნიდან პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენებით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა მელია დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.