შინდისის გმირის, რომან ზოიძის ძმამ, ფრიდონ ზოიძემ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, აგვისტოს ომის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ, როცა 20 წლის გამოუცდელ რომან ზოიძეს ცხელ წერტილში დაატარებდნენ, ამ დროს გენერლები, ზაზა გოგავა, მამუკა ყურაშვილი და დანარჩენები, ბრონირებული მანქანებითა და დაცვით გადაადგილდებოდნენ.
მისივე თქმით, ამ ვითარების შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანებმა უამბეს.
„ჩემი ძმა, 20 წლის ასაკში, ერთთვიანი თუ 70-დღიანი კურსი ჰქონდა გავლილი და აბსოლუტურად გამოუცდელი სამხედრო ბრძოლისთვის, მიჰყავთ ცხელ წერტილში და დაატარებენ ცხინვალის შიგნით. მეთაურები, ბატონი ყურაშვილი, ბატონი ზაზა გოგავა და დანარჩენი ბრიგადის მეთაურები, ამ დაბრონილი ჯიპებით, დაცვით, პისტოლეტებით დადიან, მივლენ შედარებით დაბალი რანგის ოფიცრებთან, დაუსვამენ დავალებას, ისევ გადიან, ისეთ ფონს ქმნიან, ვითომ ვიღაც ურეკავს, ვიღაც ამერიკელი ელაპარაკება, რაღაც სასწაული ხდება. ეს არ არის ვარაუდი, პირადი საუბრებიდან ვიცი, ძალიან ბევრი ვეტერანია, რომლებსაც პირადად ვიცნობ, იმ ომში იყვნენ, გადარჩნენ და ჩამოვიდნენ." - განაცხადა ზოიძემ.